ახალი ამბები

არანაირი დანაშაული არ არსებობს – გიგიაძე „კარტოგრაფების საქმეზე“

28 იანვარი, 2021 • 1240
არანაირი დანაშაული არ არსებობს – გიგიაძე „კარტოგრაფების საქმეზე“

საქართველოს უკვე ყოფილი ელჩი დანიაში, გიგი გიგიაძე, — ერთადერთი ელჩი, რომელმაც საჯარო მხარდაჭერა გამოუცხადა ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას, — მათ ულოცავს გირაოთი გათავისუფლებას და აცხადებს, რომ „არანაირი დანაშული არ არსებობს“.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი, პირველი ნაბიჯია საბოლოო გამარჯვების გზაზე და კიდევ ერთხელ იმედს ვიტოვებ, რომ მათდამი წაყენებული ბრალდება ძალიან მალე შეიცვლება ცალსახად გამამართლებელი განაჩენით“.

„არანაირი დანაშაული და ბრალეულობის დამადასტურებელი გარემოება არ არსებობს დღეს, ისევე, როგორც არ არსებობდა ოთხი თვის წინ. გულწრფელად მიხარია ამ ორი უაღრესად პატიოსანი და პატრიოტი ადამიანის დანახვა საპყრობილის გარეთ“, – დაწერა გიგიაძემ ფეისბუკზე.

გიგიაძემ ჯერ კიდევ ელჩად ყოფნისას, 2020 წლის 7 ოქტომბერს მხარდაჭერა გამოუცხადა მელაშვილს და დაწერა, რომ „ის არის საკუთარი ქვეყნის, საქართველოს გამორჩეული პატრიოტი, ჩვენი სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესის პროფესიონალი და შეუცვლელი ექსპერტი“.

გიგიაძე 2021 წლის იანვარში ელჩის პოზიციიდან გამოიწვიეს, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, საროტაციო ვადის გასვლის გამო.

28 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ „კარტოგრაფების საქმეზე“ ბრალდებულ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას საპატიმრო აღკვეთის ღონისძიება 20 000-ლარიანი გირაოთი შეუცვალა.

არქივიდან:

რა ვიცით დავითგარეჯის პრობლემაზე – მოკლედ და გასაგებად

მასალების გადაბეჭდვის წესი