ახალი ამბები

აქცია სასამართლოსთან ილიჩოვასა და მელაშვილის მხარდასაჭერად

28 იანვარი, 2021 • 637
აქცია სასამართლოსთან ილიჩოვასა და მელაშვილის მხარდასაჭერად

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის მხარდამჭერები შეიკრიბნენ.

ადგილზე იმყოფებიან სამოქალაო აქტივისტები, პოლიტიკოსები და მოქალაქეები, რომლებიც დაკავებული კარტოგრაფების გათავისუფლებას ითხოვენ.

სამოქალაქო აქტივისტი, ნოდარ რუხაძე მიიჩნევს, რომ საქმეს პოლიტიკური სარჩული აქვს და რეალურად არ არსებობს მტკიცებულებები, რომელიც ილოჩოვასა და მელაშვილის დანაშაულს დაადასტურებდა:

“მივიჩნევთ, რომ ეს ადამიანები უდანაშაულოები არიან, რადგან საქმეში არ ფიგურირებს არცერთი მტკიცებულება და არცერთი ფაქტი იმასთან დაკავშრებით, რომ რაიმენაირად ამ ადამიანების ბრალეულობა წარმოჩინდეს. ეს საქმე არის მთლიანად პოლიტიკურად მოტივირებული და ზოგადად კარგი ილუსტრაციაა იმისა, თუ როგორ შეთანხმებულად მუშაობს ამ ქვეყნაში პროკურატურა, სასამართლო და მათ შორის პარლამენტი”, – განაცხადა რუხაძემ.

ზურაბ ჯაფარიძის თქმით კი, მას კონკრეტული მოლოდინი არ აქვს დღევანდელ პროცესთან დაკავშრებით, რადგან სასამართლოს დამოუკიდებლობის არ სჯერა.

” შეუძლებელია რამე მოლოდინი გქონდეს ამ სასამართლოს პირობებში. საღი აზრის დონეზე მოლოდინი შეიძლება გქონდეს ისეთი სასამრთლოსგან, რომელსაც რაღაც ნდობა და რეპუტაცია გაჩნია”, – განაცხადა ჯაფარიძემ.

პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომემტარი გააკეთა ილიჩოვას ადვოკატმა, ნესტან ლონდარიძემაც:

“ჩვენი მოთხოვნაა, რომ აღკვეთის უმკაცრესი ღონისძიება შეიცვალოს უფრო მსუბუქით, რადგან მივიჩნევთ, რომ პატიმრობა აკნინებს და ხელს უშლის სამართლიანი სასამართლოს პოზიციას და ასევე მხარის დაცვის უფლებას, ვინაიდან ბრალდებულებს არ აქვთ შესაძლებლობა სრულად გაეცნონ საქმის მასალებს”, – განაცხადა ადვოკატმა. მისი თქმით, პანდემიის პირობებში დაცვის მხარის ურთიერთობა ბრალდებულებთან შეზღუდულია, რაც დაცვის პოზიციის ჩამოყალიბებას კიდევ უფრო ამცირებს.

პროკურატურის განცხადებით, ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის პატიმრობის მოხსნას და გირაოს შეფარდებას მოითხოვენ.

შესაბამისი შუამდგომლობით პროკურატურა სასამართლოს დღეს მიმართავს, სადაც ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

“ბრალდებულების ბრალეულობა საკმაოდ მაღალი სტანდარტით არის დადასტურებული, ყველაფერი არის ზედაპირზე და ჩვენ ყველამ ვიხილეთ მათი აღიარება. შესაბამისად, რადგან მათ მიერ ჩადენილი ქმედებების გარშემო გამოძიება ამოწურულია, დღევანდელ პროცესსზე ჩვენ მივმართავთ სასამართლოს შუამდგომლობით, რათა ბრალდებულებს პატიმრობა შეეცვალოს გირაოთი. იმიტომ, რომ ამ ეტაპისათვის მიზანშეწონილად აღარ მივიჩნევთ ყველაზე მკაცირ აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას”, — განაცხადა პროკირორმა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავეს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის (საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა) პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას, მიმართულს უცხო ქვეყნისათვის მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის გადაცემისკენ ანდა საქართველოს ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფისაკენ. დანაშაული ათიდან თხუთმეტ წლამდე პატიმრობით ისჯება. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ. ოპოზიციური პარტიები და აქტივისტები კი მიუთითებენ, რომ ილიჩოვა და მელაშვილი პოლიტპატიმრები არიან და მათ გათავისუფლებას ითხოვენ, მათ შორის ელჩების შუამავლობით ხელისუფლებასთან მიმდინარე მოლაპარაკებებზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი