ახალი ამბები | , ,

ახალგაზრდობის სააგენტო კულტურისა და სპორტის სამინისტროს შეუერთდება

28 იანვარი, 2021 | | 484
ახალგაზრდობის სააგენტო კულტურისა და სპორტის სამინისტროს შეუერთდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ახალგაზრდობის სააგენტო, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის ქვეშ ფუნქციონირებდა, განათლების სამინისტროსგან გამოყოფის შემდეგ კულტურისა და სპორტის სამინისტროს შეუერთდება.

გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა, ისევე, როგორც თანამედროვე ხელოვნება კულტურის მიმართულებით და ქართველი სპორტსმენების მიღწევები სპორტის მიმართულებით, იმსახურებს ცალკე სამინისტროს არსებობას:

“მოგეხსენებათ, უკვე ყველა ტექნიკური სამუშაო დასრულებულია და მომზადებულია მთავრობის დადგენილება იმასთან დაკავშირებით, რომ განათლების სამინისტროდან გამოიყოს კულტურის, სპორტის და ამას დაემატება ახალგაზრდობის სამინისტრო. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯი როგორც ჩვენი კულტურის, ასევე, სპორტის სფეროს წარმომადგენლებისთვის.

ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა, ისევე, როგორც თანამედროვე ხელოვნება, არის ის უძვირფასესი ნაწილი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების, რომელზეც უდნა ვიზრუნოთ, ისევე, როგორც სპორტის მიმართულებით, განსაკუთრებით, ბოლო წლების განმავლობაში თუ გავითვალისწინებთ ჩვენი სპორტსმენების მიღწევებს, ცალკე სამინისტროს იმსახურებს. ამასთან, მინდა გითხრათ, რომ ახალგაზრდობის სააგენტო, რომელიც აქამდე ფუნქციონირებდა მთავრობის ადმინისტრაციის ქვეშ, ამ დადგენილების შემდეგ გახდება კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს ნაწილი”, – თქვა გახარიამ.

კულტურის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2018 წელს შეუერთდა. უწყებების კვლავ განცალკევების შესახებ გიორგი გახარიამ თავდაპირველად 24 დეკემბერს განაცხადა ახალი მოწვევის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რომელმაც მთავრობის განახლებული შემადგენლობა დაამტკიცა.

მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კულტურის მინისტრის პოსტზე თეა წულუკიანის კანდიდატურა განიხილება, რომელიც ამჟამად პარლამენტში განათლების კომიტეტს ხელმძღვანელობს. წულუკიანმა თქვა, რომ შეთავაზების შემთხვევაში ამ პოსტზე სერიოზულად დაფიქრდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი