ახალი ამბები

გაეროს წევრებმა ადამიანის უფლებების გასაუმჯობესებლად საქართველოს რეკომენდაციებით მიმართეს

27 იანვარი, 2021 • 967
გაეროს წევრებმა ადამიანის უფლებების გასაუმჯობესებლად საქართველოს რეკომენდაციებით მიმართეს

გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მესამე ციკლის ფარგლებში გაეროს წევრმა ქვეყნებმა ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად საქართველოს რეკომენდაციები გაუზიარეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სასამართლო სისტემა, ქალთა მიმართ ძალადობა, ბავშვთა, შრომის და უმცირესობათა უფლებები.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ სესიაზე განსაკუთრებით დიდი ყურადღება დაეთმო სასამართლო სისტემასა და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებს.

კამპანიაში ჩართული ორგანიზაციების განცხადებით, საქართველოში სასამართლოს რეფორმის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები სახელმწიფოთა მიერ დადებითად შეფასდა, თუმცა, მათი განცხადებით, რეკომენდაციების რაოდენობას მიუთითებს, რომ საერთაშორისო საზოგადოებისთვის ეს თემა კვლავ პრობლემურ საკითხად რჩება:

“ამდენად, სახელმწიფოები მოუწოდებენ საქართველოს, გააძლიეროს მუშაობა სასამართლოს დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის მიმართულებით. გაერთიანებული სამეფოს რეკომენდაციის შესაბამისად, სახელმწიფომ უნდა გაითვალისწინოს ეუთო/ოდირის რეკომენდაციები. თავის გამოსვლაში აშშ-ის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა სასამართლო სისტემაში არსებულ სიტუაციას, გამოყო პრობლემები, მათ შორის, კლანური მმართველობა, ისაუბრა რეფორმების აუცილებლობაზე, მოსამართლეთა დამსახურების მიხედვით დანიშვნაზე და მოუწოდა სახელმწიფოს, გაითვალისწინოს რეკომენდაციები”, – აცხადებს ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC). აღნიშნული ორგანიზაცია ერთ-ერთია იმ ქართულ ორგანიზაციებს შორის, რომლებიც ჩართულნი იყვნენ უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ადვოკატირების კამპანიაში.

ზემოაღნიშნული ქვეყნების გარდა, სასამართლოსთან დაკავშირებით, ორგანიზაციის განცხადებით, საქართველოს რეკომენდაციებით მიმართეს კანადამ, ნიდერლანდების სამეფომ, ნორვეგიის სამეფომ, ბელგიის სამეფომ, ლატვიის რესპუბლიკამ, ავსტრიის რესპუბლიკამ და სხვა ქვეყნებმა.

“სახელმწიფოთა წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ქალთა მიმართ ძალადობასა და დისკრიმინაციასთან ბრძოლის მიმართულებით და საქართველოს აღნიშნულ სფეროებში დამატებითი რეკომენდაციები მისცეს. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ დანიის წარმომადგენელმა საქართველოს სექსუალური ძალადობის დეფინიციის სტამბოლის კონვენციასთან შესაბამისობაში მოყვანა ურჩია. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ამ საკითხს პარლამენტი გაზაფხულის სესიაზე განიხილავს.

სხვა მნიშვნელოვანი რეკომენდაციები ეხებოდა ბავშვთა სექსუალურ ექსპლოატაციასთან, მათ შორის პროსტიტუციასთან, ბრძოლას (სადაც საქართველოს კანონმდებლობა არ შეესაბამება ლანზაროტის კონვენციის მოთხოვნებს), ბავშვობის ასაკში იძულებით ქორწინებასა და მსხვერპლებისთვის სათანადო დაცვისა და დახმარების აღმოჩენას”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

ორგანიზაციის განცხადებით, გარდა ამისა, ზოგადი ხასიათის რეკომენდეციები მოიცავდა საზოგადოებაში ჰომოფობიური სტიგმის დაძლევას (ბრაზილია, ჩილე, არგენტინა), სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთან ეფექტიან ბრძოლას, როგორც პრევენციას, ასევე სათანადო გამოძიებას (საფრანგეთი, ბელგია, დანია, ირლანდია, თურქეთი, კანადა, კვიპროსი, ეკვადორი, მექსიკა), ასევე, სიძულვილის ენის გავრცელების პრობლემას (გერმანია, პორტუგალია, ბრაზილია, არგენტინა) და ლგბტქი ადამიანების უფლებების დაცვასა თუ გაძლიერებას, ასევე, სოგის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას (გაერთიანებული სამეფო, ურუგუაი, ავსტრალია, ბრაზილია, დანია, ფიჯი, ისლანდია, ისრაელი).

EMC-ის განცხადებით, საქართველომ განხილვის ფარგლებში მიიღო უფრო კონკრეტული სახის რეკომენდაციებიც, მათ შორის, ეპანეთისგან- საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში სქესის შესახებ ჩანაწერის ცვლილებისთვის სქესის კვლავ მინიჭების ოპერაციის მოთხოვნის გაუქმებასთან დაკავშირებით; შვედეთისგან – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსისა და ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ კანონის ცვლილებასთან დაკავშირებით, იმგვარად, რომ მსხვერპლთა უფლებების დაცვა განხორციელდეს ნებისმიერი ნიშნით, მათ შორის სოგის ნიშნით, დისკრიმინაციისგან თავისუფლად.

რეკომენდაციები ასევე უკავშირდებოდა სიძულვილის, ულტრამემარჯვენე რადიკალური ჯგუფებისგან მომავალი საფრთხეების იდენტიფიცირებას, პრევენციასა და სათანადო გამოძიებას, მათ შორის ლგბტქი ადამიანების მიერ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის უზრუნველყოფის ნაწილში (ნიდერლანდების სამეფო, ვენესუელა, ელ-სალვადორი):

“ასევე მნიშვნელოვანია ლუქსემბურგის მიერ სექსუალური და რეპროდუქციუული ჯანმრთელობის უფლების დაცვის რეკომენდაციის გაჟღერება ყველა ქალის, მათ შორის მოწყვლადი ქალების მიმართ. წევრმა ქვეყნებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს ბავშვთა უფლებების ჭრილში სოციალური პროგრამებისა და ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვებისათვის სერვისების განვითარებაზე. გაჟღერდა რეკომენდაციები ბავშვთა უფლებათა კოდექსის განხორციელების თაობაზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შშმ პირთა უფლებების და შშმ პირთა უფლებების კონვენციის დამატებითი ოქმის რატიფიცირებას. გაჟღერდა რეკომენდაციები, რომლებიც ეხებოდა შშმ ბავშვთა განათლებაზე წვდომის”, – წერია განცხადებაში.

რეკომენდაციები ასევე შეეხო სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებას, კერძოდ, სექსუალური და სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების უნივერსალურ წვდომას, ყოვლისმომცველ სასკოლო განათლებას სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ UNESCO-ს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის სახელმწიფო სტრატეგიის ადეკვატურ იმპლემენტაციას და ზომების გატარებას დედათა და ახალშობილთა სიკვდილიანობის შესამცირებლად. ორგანიზაციის თქმით, აღნიშნული რეკომენდაციები გასცეს შემდეგმა სახელმწიფოებმა: ესპანეთი, შრი ლანკა, ურუგვაი, ეთიოპია, საფრანგეთი, ისლანდია, მექსიკა, ლუქსემბურგი და პანამა.

EMC-ს თქმით, ანგარიშგების პროცესში სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვის მიმართულებით დაყენებული საკითხების ნაწილი გაზიარებულ იქნა გაეროს წევრი სახელმწიფოების მიერ და აისახა მათ მიერ გამოთქმულ რეკომენდაციებში.

კერძოდ, დელეგატებმა საქართველოს მიუთითეს მნიშვნელოვანი საერთაშორისო ინსტრუმენტების რატიფიცირების საჭიროებაზე, მათ შორის:

  • ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ პაქტის დამატებითი ოქმი (ელ სალვადორი, ჰონდურასი, ლუქსემბურგი, ვენესუელა);
  • მიგრანტი მუშების და მათი ოჯახის წევრების უფლებების შესახებ საერთაშორისო კონვენცია (ბანგლადეში, ელ სალვადორი, ჰონდურასი).

საერთაშორისო ინსტრუმენტების რატიფიცირებასთან ერთად, UPR-ის ფარგლებში საქართველომ მიიღო რეკომენდაცია გაეროს სახელშეკრულებო ორგანოებში დაგვიანებული ანგარიშების გაგზავნასთან დაკავშირებით (რუმინეთი), რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ პაქტთან მიმართებით, რომლის შესრულების შესახებ საქართველოს ანგარიში ჯერ კიდევ 2007 წელს უნდა წარედგინა.

შრომითი უფლებების მიმართულებით რეკომენდაციები, EMC-ის განცხადებით,  შეეხებოდა ისეთ ფუნდამენტურ საკითხებს, როგორიცაა შრომის უსაფრთხოების სტანდარტების ამაღლება (შრი ლანკა), გენდერულად დაბალანსებული შრომითი ანაზღაურება (ბრაზილია) და სამართლიანი შრომითი პირობების უზრუნველყოფა (ნორვეგია).

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საქართველოს დელეგაციის მიერ შრომის ინსპექციის მანდატის გაფართოება 2021 წლის პირველი იანვრიდან ერთ-ერთ მიღწევად დასახელდა, თუმცა არაფერი თქმულა შრომის ინსპექციის ადამიანური და მატერიალური რესურსებით აღჭურვის აუცილებლობაზე, რის შესახებაც რეკომენდაცია საქართველომ UPR-ის ფარგლებში უკვე მიიღო (ნორვეგია).

UPR-ის წინა ციკლისგან განსხვავებით, მიმდინარე განხილვების ფარგლებში სახელმწიფოების რეკომენდაციებში მოხვდა EMC-ის მიერ საერთაშორისო ანგარიშგებისას დაყენებული საკითხები სათანადო საცხოვრებლის უფლების გარანტირების მიმართულებით.

“ზოგადი რეკომენდაცია გაიცა უსახლკარო პირების სათანადო საცხოვრებლის უფლების გარანტირების მიმართულებით (ვენესუელა), ასევე, საქართველოს მთავრობას მიეცა რეკომენდაცია, შეიმუშაოს საცხოვრისის რეგულატორული ჩარჩო, რელევანტური სამოქმედო გეგმებისა და სტრატეგიების მეშვეობით როგორც უსახლკარო პირებისთვის, ასევე დევნილებისთვის (პარაგვაი)”,- აცხადებენ ორგანიზაციაში.

გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ადვოკატირების კამპანიაში ჩართული ორგანიზაციები მიესალმებიან წევრი სახელმწიფოების მიერ გაცემულ რეკომენდაციებს და საქართველოს მათი შესრულებისკენ მოუწოდებენ.

ორგანიზაციის განცხადებით, უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ადვოკატირების კამპანია განხორციელდა UPR Info- სა და ღია საზოგადოების ფოდნის მხარდაჭერით და მასში ჩართულნი იყვნენ შემდეგი ორგანიზაციები:

  • სახალხო დამცველის ოფისი საქართველოში
  • კოალიცია „თანასწორობისთვის“
  • კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“
  • პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
  • ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
  • ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
  • ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)
  • პლატფორმა სალამი
  • ასოციაცია ჰერა XXI
  • Equality Now

მასალების გადაბეჭდვის წესი