ახალი ამბები

როგორ ეხმაურებიან ოპოზიციაში მანდატების (არ) შეჩერებაზე დეპუტატების ნაწილის პოზიციას

27 იანვარი, 2021 • 1025
როგორ ეხმაურებიან ოპოზიციაში მანდატების (არ) შეჩერებაზე დეპუტატების ნაწილის პოზიციას

“ქართული ოცნების” წარმომადგენლების განცხადებებს, რომლის მიხედვითაც ცალსახა პოზიციას არ გამოხატავენ, დაუჭერენ თუ არა მხარს ოპოზიციის წარმოადგენლებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები გამოეხმაურნენ.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, დავით კირკიტაძის თქმით, “ქართული ოცნება” ცდილობს დაანახოს საზოგადოებას, რომ ოპოზიცია “საქმის შესრულებაზე” ამბობს უარს, რაც კირკიტაძის თქმით სიმართლეს არ შეესაბამება.

კირკიტაძის განცხადებით, ოპოზიციამ გუშინდელი წერილით კიდევ ერთხელ მიმართა ხელისუფლებას და პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავლის გზები შესთავაზა, ახლა კი გადაწყვეტილების მიმღები მმართველი პარტიაა: “დატოვებენ მოვლენების კონსტრუქციულად განვითარების საშუალებას თუ საბოლოოდ ჩაკეტავენ ყველა კარს”. კირკიტაძის განცხადებით, თუ “ქართული ოცნება” მეორე გზას აირჩევს, ოპოზიცია იძულებული გახდება პოლიტიკური პროცესები ქუჩაში გადაიტანოს.

“[ქართული ოცნების” მხირდან] მოვისმინეთ, რომ ადამიანს, რომელსაც მანდატი მიანიჭეს, უნდა იყოს პარლამენტში, ეს, რა თქმა უნდა, სწორი პოსტულატია, თუმცა ამოვიდეთ იქიდან, თუ რა შედეგი დადგა რეალურად არჩევნებზე და რა დაწერა მათ მიერ კონტროლირებადმა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ. ჩვენ ამოვდივართ ამომრჩევლის ნებიდან და ამომრჩევლმა, მიუხედავად ზეწოლისა, მიუხედავად იმ ვითარებისა, რომელსაც არ შეიძლება ეწოდოს ნორმალური, მოვიდა და მათივე ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებითაც კი დააფიქსირა, რომ 52%-მა მათ ხმა არ მისცა და არ მისცა მანდატი იმისა, რომ ქვეყანა ემართათ.

დღეს ამ ადამაინებმა უზურპაციით, ხელის გადაგრეხვით და ათასი მანიპულაციით მოახერხეს ის, რომ საკუთარი თავი აბსოლუტურ უმრავლესობად წარმოადგინეს საქართველოს პარლამენტში და ახლა იერიში აქეთ გადმოაქვთ და ცდილობენ საზოგადოებას ისე დაანახონ, თითქოს ჩვენ უარს ვამბობთ რაიმე საქმიანობის შესრულებაზე, ან არ გვსურს მონაწილეობის მიღება ქვეყნის აღმშენებლობაში”, – განაცხადა კირკიტაძემ ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში.

ჟურნალისტის კითხვაზე, რას ნიშნავს მოლაპრაკებების პროცესისთვის პარლამენტის გადაწყვეტილება, რომელიც 2 თებერვალს უნდა მიიღონ, კირკიტაძემ უპასუხა, რომ “ახლა პარლამენტის მანდატებზე საუბარი ნაკლებად მნიშვნელოვანია, მთავარი და ამოსავალი წერტილი უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა”.

“სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რომ მთავარი საკითხი პარლამენტში შესვლა და მანდატის მიღება არ არის, არამედ “საუბარია წარმომადგენლობითი დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპზე”, როდესაც ხალხი კონკრეტული პარტიების წარმომადგენლებს აძლევს უფლებას მართონ ქვეყანა.

“ჩვენ რასთან გვაქვს საქმე: იმ გაყალბებული არჩევნების პირობებშიც კი, 48%-იანი მხარდაჭერის მქონე “ქართული ოცნება” მანდატს უწყევტს და წარმოამდგენლობით უფლებას ართმევს ერთ მილიონზე მეტ ამომრჩეველს და 52%-ის მქონე ოპოზიციურ მხარდამჭერებს. მე იმის კი არ მჯერა, რომ 2 თებერვლამდე გონება გაუნათდებათ და სახელმწიფოებრივად აზროვნებას დაიწყებენ, არა – მე მჯერა იმისა, რომ ისინი ისე არიან თანამდებობებზე შეყვარებული და ჩაბღაუჭებული ამ სკამებს, რომ თვითდაზიანებას არ მიიყენებენ და იმ მცირე ლეგიტიმაციას, რაც გააჩნია “ქართულ ოცნებას”, ხაზს არ გადაუსვამენ იმით, რომ ოპოზიციონერ დეპუტატებს უფლებამოსილებას შეუწყვეტენ. მე მეჯრა, რომ ვიღაც იქნება საღად მოაზროვნე, ვინც იტყვის, რომ კომპრომისი და მოლაპარაკება აუცილებელია”, – განაცხადა მანჯგალაძემ ტელეკომპანია “ფორმულასთან”.

მანჯგალაძის თქმით, ეს გადაწყვეტილება “ქართულმა ოცნებამ” არა კონკრეტული პარტიის ინტერესიდან გამომდინარე, არამედ ქვეყნისთვის უნდა მიიღოს, რათა სამომავლოდ საქართველომ ევროკავშირსა და ნატოში შესვლა მოახერხოს.

პარტია “ლელოს” წევრი, ანა ნაცვლიშვილი კი აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” მიერ მიღებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებას არ აქვს მნიშვნელობა, რადგან ქვეყანაში არსებული პრობლემები ამ გზით არ შეიცვლება. ამის შესახებ მან “რუსთავი 2”-ის ეთერში ისაუბრა.

ჟურნალისტის კითხვაზე, მანდატების გაუქმების შემთხვევაში დარჩება თუ არა მოლაპრაკების რესურსი “ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციას შორის, ნაცვლიშვილმა უპასუხა, რომ სხვა გამოსავალი არ არსებობს, რადგან “დემოკრატიული სამყარო არ მიიღებს და არ ცნობს ქვეყანას, სადაც პარლამენტი ერთპარტიულია”.

“ევროპული საქართველოს” საპარლამენტო სიის წევრი, არმაზ ახვლედიანი კი მიიჩნევს, რომ “ქართულ ოცნებას” კარგად აქვს გაანალიზებული, რომ მანდატების გაუქმებაზე უარის თქმა საერთაშორისო პარტნიორების თვალში ნიშნავს, რომ ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის დიალოგის შესაძლებლობა კვლავ დარჩება.

“ვიდრე ფორმალურად ჩვენ გვაქვს მანდატი, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს ჯერ კიდევ აქვთ თუნდაც მკრთალი, მაგრამ წარმოდგენა იმის თაობაზე, რომ რაღაც პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს, თუნდაც დიალოგი იმ მიზნით, რომ რეალურად პარლამენტი არ დარჩეს ერთპარტიული. როგორც კი წერტილი დაესმება ამ საკითხს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი პარტნიორები სრულად გაიაზრებენ, რომ მიუხედავად სხვადასხვა მცდელობისა, საბოლოო ჯამში, მაინც მიიღეს ერთპარტიული პარლამენტი. ეს კარგად ესმით იქ [საერთაშორისო პარტნიორებს], მაგრამ გარწმუნებთ, რომ ეს ესმით “ქართულ ოცნებაშიც”. “ქართული ოცნება შეიძლება ჩვენ გავაკრიტიკოთ, მაგრამ მე ვხვდები, რომ “ქართულ ოცნებაში” გადაწყვეტილების მიმღებებს ესმით ამ ვითარების სიმძიმე”, – განაცხადა ახვლედიანმა ტელეკომაპანი “რუსთავი 2”-ის ეთერში.

მისი თქმით, ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის შეთანხმების მიღწევის შანსი ახლაც არსებობს, თუმცა ეს სურვილზეა დამოკიდებული.

ასევე “ევროპული საქართველოს” წევრმა, ლელა ქებურიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ “ქართული ოცნების” მხრიდან პროცესის ხელოვნურად გაწელვა პოლიტიკურ კრიზისს უფრო გააღრმავებს, საიდანაც “ერთადერთი გამოსავალი დემოკრატიული ვადამდელი არჩევნებია”.

მანდატებთან დაკავშირებით დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმაც. მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ პარლამენტში შესვლას არ აპირებს:

“პარლამენტში განცხადება დიდი ხანია დაწერილი გვაქვს მეც და ჩემს კოლეგებსაც, მაგრამ ბიძინა ივანიშვილს და მის თანამოაზრეებს რატომღაც მიაჩნიათ, რომ ყველაფერი ფულით, ვაჭრობით იზომება. ძალიან მალე ზათქით დაიმსხვრევა ის სიმახინჯე, რომელიც ივანიშვილის მახინჯი აზროვნების შედეგებით შეიქმნა”, – განაცხადა ნათელაშვილმა.

დღეს, 27 სექტემბერს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა შალვა ნათელაშვილისა და ლევან ხაბეიშვილისთვის დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდელ შეწყვეტის საკითხზე იმსჯელა. დანარჩენი 49 ოპოზიციონერი წევრის განცხადებებზე კი კომიტეტი ხვალინდელ, 28 იანვრის სხდომაზე იმსჯელებს. ოპოზიციონერი დეპუტატების მანდატის შეწყვეტის საკითხზე კენჭისყრა კი პარლამენტში 2 თებერვლის პლენარულ სხდომაზე უნდა გაიმართოს.

მანამდე ჟურნალისტებმა პარლამენტის დეპუტატებს ჰკითხეს, დაუჭერდნენ თუ არა მხარს ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის მანდატების შეჩერების საკითხს, რაზეც პარლამენტის წევრებს ცალსახა დამოკიდებულება არ ჰქონდათ. დეპუტატების თქმით, ამ საკითხზე უმრავლესობაში განსხვავებული პოზიციებია.

დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის წინააღმდეგ ხმის მიცემას აანონსებს პარტია “ევროპელი სოციალისტები”. მათ განხილვის გადავადების ინიციატივა აქვთ.

რაც შეეხება “ქართული ოცნების” პოზიციას, მმართველ პარტიაში განსხვავებული პოზიციები აქვთ, მათი ნაწილი კი ამ საკითხზე კონკრეტული პასუხისგან თავს იკავებს.

პარლამენტის თამჯდომარის მოადგილემ, დავით სეერგენკომ განაცხადა, რომ  ამ ეტაპზე საკითხის მხარდაჭერას არ აპირებს.

“მე არ დავუჭერდი მხარს ახლანდელი მდგომარეობით. ვფიქრობ, ყველა შესაძლებლობა უნდა იყოს გამოყენებული — კონსულტაცია, მოლაპარაკება და ა.შ. იმისთვის, რომ დეპუტატები შემოვიდნენ პარლამენტში. ამაზე ცალსახა პოზიცია ამ წუთის მდგომარეობით არ არის. განსხვავებული პოზიციებიც არის და დღევანდელი შეხვედრა სწორედ ამას მიეძღვნება”, – განაცხადა სერგეენკომ.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა კი არ დააკონკრეტა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს 2 თებერვალს. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის აზრით კი, დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა გავლენას იქონიებს ოპოზიციასთან მოლაპარაკების პროცესზე.


ოპოზიციური პარტიები, რომლებიც 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ, შეთანხმდნენ, რომ სადეპუტატო მანდატებზე უარს იტყოდნენ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებასთან შეთანხმებას ვერ მიაღწევდნენ. პარტიები პროპორციულ არჩევნებს, საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებას და ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას და “მთავარი არხის” მეწილის გიორგი რურუას გათავისუფლებას ითხოვდნენ. მათმა ნაწილმა მანდატების შეწყვეტის თაობაზე პარლამენტს უკვე მიმართა. გამონაკლისია “პატრიოტთა ალიანსის” სიით გასული 4 დეპუტატი, რომელიც პარტიას გამოეყო მას შემდეგ, რაც ეს უკანასკნელი ბოიკოტს შეუერთდა და საკანონმდებლო ორგანოში დამოუკიდებლად შევიდა.

ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს აგრძელებს პარტია “მოქალაქეები”, რომელიც აცხადებს, რომ საკანონმდებლო ორგანოში იმ შემთხვევაში შევა, თუ მისთვის პრინციპულ საკითხებზე ხელისუფლებასთან შეთანხმება მოხდება. ასეთ საკითხებს შორის, ალეკო ელისაშვილის თქმით, არის ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლება და საარჩევნო სისტემის რეფორმირება.

“ქართული ოცნების” ლიდერი ირაკლი კობახიძე იყო პირველი, ვინც გასული წლის 20 ნოემბერს არ გამორიცხა, უმრავლესობამ მხარი არ დაუჭიროს ოპოზიციონერი პარლამენტარების მიერ მანდატების დატოვების მოთხოვნას. თუმცა შემდეგ “ქართულმა ოცნებამ” ამ საკითხზე პარტიულ თათბირზე იმსჯელა და განაცხადა, რომ “საპარლამენტო უმრავლესობა საპარლამენტო მანდატებს მათივე განცხადების საფუძველზე შეუწყვეტს ყველა იმ დეპუტატს, რომელიც არ ან ვერ შეეწინააღმდეგება ოპოზიცის რადიკალი ლიდერების ამბოხის სცენარს” და პარლამენტს შესაბამის განცხადებას წარუდგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი