ახალი ამბები

დეპუტატების ნაწილი ოპოზიციისთვის მანდატების შეჩერებას ხმას არ მისცემს

27 იანვარი, 2021 • 920
დეპუტატების ნაწილი ოპოზიციისთვის მანდატების შეჩერებას ხმას არ მისცემს

“ქართული ოცნების” წარმომადგენლები ცალსახა პასუხს არ სცემენ კითხვას, დაუჭერენ თუ არა მხარს ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას. დეპუტატების თქმით, ამ საკითხზე უმრავლესობაში განსხვავებული პოზიციებია. დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის წინააღმდეგ ხმის მიცემას აანონსებს პარტია “ევროპელი სოციალისტები”.

ოპოზიციონერი დეპუტატების მანდატის შეწყვეტის საკითხზე კენჭისყრა 2 თებერვლის პლენარულ სხდომაზე უნდა გაიმართოს. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დღეს განიხილავს შალვა ნათელაშვილისა და ლევან ხაბეიშვილისთვის დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს, დანარჩენი 49 ოპოზიციონერი წევრის განცხადებებზე კი კომიტეტი ხვალინდელ, 28 იანვრის სხდომაზე იმსჯელებს.

“ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომელიც ჩვენი ქვეყნის და საპარლამენტო ცხოვრებისთვის არის საჭირო. ამ გადაწყვეტილებას ნახავთ 2 თებერვალს, მანამდე პირადი აზრი და სენტიმენტები არ არის საჭირო. კენჭისყრაზე ჩემი პოზიცია როგორი იქნება, ეს იქნება საერთო ფრაქციული გადაწყვეტილება”, – განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ დავით სერგეენკომ კი აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე საკითხის მხარდაჭერას არ აპირებს.

“მე არ დავუჭერდი მხარს ახლანდელი მდგომარეობით. ვფიქრობ, ყველა შესაძლებლობა უნდა იყოს გამოყენებული — კონსულტაცია, მოლაპარაკება და ა.შ. იმისთვის, რომ დეპუტატები შემოვიდნენ პარლამენტში. ამაზე ცალსახა პოზიცია ამ წუთის მდგომარეობით არ არის. განსხვავებული პოზიციებიც არის და დღევანდელი შეხვედრა სწორედ ამას მიეძღვნება”, – განაცხადა სერგეენკომ.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის აზრით, დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა გავლენას იქონიებს ოპოზიციასთან მოლაპარაკების პროცესზე.

“თავი მოეყრება მთელ იმ ინფორმაციას, გარემოებებს, ფაქტებს, რასაც შეიძლება გავლენა ჰქონდეს ამ გადაწყვეტილების შინაარსზე და ამის რელევანტურად მიიღება გადაწყვეტილება. წინასწარ ამაზე საუბარი, თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ვფიქრობ, არ შეიძლება. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ეს ბოლო მომენტამდე მისულიყო და ყველას ჰქონოდა საკუთარი ნების გამოხატვის თავისუფლება”, – აღნიშნა სარჯველაძემ.

განხილვის გადავადების ინიციატივა აქვს პარტია “ევროპელ სოციალისტებს”, სადაც შედის პარლამენტში “პატრიოტთა ალიანსის” სიით გასული ოთხი დეპუტატი – ავთანდილ ენუქიძე, ზაზა მიქაძე, ფრიდონ ინჯია და დავით ზილფიმიანი.

“რაღაც ვადა უნდა მივცეთ ჩვენს კოლეგებს შემოსვლაზე დასაფიქრებლად… ახლავე ამ საკითხისთვის მხარის დაჭერა შეიძლება სასურველი არ იყოს. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ წინააღმდეგ მივცემთ ხმას”, – განაცხადა დავით ზილფიმიანმა.

ოპოზიციური პარტიები, რომლებიც 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ, შეთანხმდნენ, რომ სადეპუტატო მანდატებზე უარს იტყოდნენ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებასთან შეთანხმებას ვერ მიაღწევდნენ. პარტიები პროპორციულ არჩევნებს, საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებას და ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას და “მთავარი არხის” მეწილის გიორგი რურუას გათავისუფლებას ითხოვდნენ. მათმა ნაწილმა მანდატების შეწყვეტის თაობაზე პარლამენტს უკვე მიმართა. გამონაკლისია “პატრიოტთა ალიანსის” სიით გასული 4 დეპუტატი, რომელიც პარტიას გამოეყო მას შემდეგ, რაც ეს უკანასკნელი ბოიკოტს შეუერთდა და საკანონმდებლო ორგანოში დამოუკიდებლად შევიდა.

ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს აგრძელებს პარტია “მოქალაქეები”, რომელიც აცხადებს, რომ საკანონმდებლო ორგანოში იმ შემთხვევაში შევა, თუ მისთვის პრინციპულ საკითხებზე ხელისუფლებასთან შეთანხმება მოხდება. ასეთ საკითხებს შორის, ალეკო ელისაშვილის თქმით, არის ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლება და საარჩევნო სისტემის რეფორმირება.

“ქართული ოცნების” ლიდერი ირაკლი კობახიძე იყო პირველი, ვინც გასული წლის 20 ნოემბერს არ გამორიცხა, უმრავლესობამ მხარი არ დაუჭიროს ოპოზიციონერი პარლამენტარების მიერ მანდატების დატოვების მოთხოვნას. თუმცა შემდეგ “ქართულმა ოცნებამ” ამ საკითხზე პარტიულ თათბირზე იმსჯელა და განაცხადა, რომ “საპარლამენტო უმრავლესობა საპარლამენტო მანდატებს მათივე განცხადების საფუძველზე შეუწყვეტს ყველა იმ დეპუტატს, რომელიც არ ან ვერ შეეწინააღმდეგება ოპოზიცის რადიკალი ლიდერების ამბოხის სცენარს” და პარლამენტს შესაბამის განცხადებას წარუდგენს.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება, თუ იგი:

  • პარლამენტს მიმართავს პირადი განცხადებით უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ;
  • იკავებს სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობას ან ეწევა შეუთავსებელ საქმიანობას;
  • მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრო მორიგი სხდომების ნახევარზე მეტს;
  • კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ;
  • სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია მხარდაჭერის მიმღებად და მოთავსებულია შესაბამის სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში, სასამართლომ აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოაცხადა გარდაცვლილად;
  • გარდაიცვალა;
  • დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას;
  • ექვემდებარება უფლებამოსილების შეწყვეტას საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით.

მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა პირდაპირ განსაზღვრავს ჩამონათვალს, რომელიც პარლამენტის წევრისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძველია, ამავდროულად ამბობს, რომ საკითხს პარლამენტი წყვეტს. პარლამენტის რეგლამენტი არაფერის ამბობს ისეთ დაშვებაზე, როცა სახეზეა პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის (რომელიმე) საფუძველი, თუმცა კენჭისყრაზე საკითხი ვარდება.

ეს გარემოება დავის საგანი იყო ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების ჩამორთმევის დროსაც, როცა უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი — სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი — სახეზე იყო, თუმცა აზრთა სხვადასხვაობას იწვევდა, დამატებით კენჭისყრა პლენარულ სხდომაზე ფორმალური ხასიათის იყო თუ თავის თავში განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას მოიაზრებდა. მაშინ უმრავლესობის დეპუტატები ამბობდნენ, რომ პარლამენტი ვალდებული იყო მელიასთვის უფლებამოსილება შეეწყვიტა, რადგან ამის საფუძველი არსებობდა და კენჭისყრა მხოლოდ მექანიკური ხასიათის იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი