ახალი ამბები

ოპოზიციისთვის მანდატების შეწყვეტაზე კენჭისყრა 2 თებერვალს გაიმართება – მდინარაძე

25 იანვარი, 2021 • 861
ოპოზიციისთვის მანდატების შეწყვეტაზე კენჭისყრა 2 თებერვალს გაიმართება – მდინარაძე

“ქართული ოცნების” ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, იმ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატის შეწყვეტაზე, რომლებმაც პალრმანეტში შესვლაზე უარი განაცხადეს, საკანონმდებლო ორგანოში კენჭისყრა 2 თებერვალს გაიმართება.

მდინარაძის თქმით, მმართველი გუნდი მაქსიმალურად ცდილობს აღნიშნული კენჭისყრა კანონმდებლობით გათვალისწინებულ მაქსიმალურ ვადამდე გადადოს. ამრიგად, საპროცედურო საკითხთა კომიტეტი საკითხს 27-28 იანვარს განიხილავს, რის შემდეგაც ბიუროს წარედგინება და კენჭისყრაზე გავა:

“მაქსიმალურად ვცდილობთ ბოლო წუთამდე მივიყვანოთ დრო და შესაბამისი გადაწყვეტილება. აქედან გამომდინარე, საპროცედურო საკითხთა კომიტეტი მათ განცხადებებს განიხილავს 27 და 28 იანვარს, შემდეგ წარედგინება ბიუროს რეგლამენტის თანახმად და აქედან გამომდინარე, 2 თებერვალს საქართველოს პარლამენტი კენჭს უყრის მათი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს”, – ამბობს მამუკა მდინარაძე.

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციური პარტიები შეთანხმდნენ, რომ საპარლამენტო მანდატებზე უარს იტყოდნენ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებასთან შეთანხმებას ვერ მიაღწევდნენ. პარტიები ახლა პროპორციულ არჩევნებს, საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებას და ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას და “მთავარი არხის” მეწილის, გიორგი რურუას გათავისუფლებას ითხოვდნენ. მათმა ნაწილმა მანდატების შეწყვეტის თაობაზე პარლამენტს უკვე მიმართა. გამონაკლისს წარმოადგენენ “ევრეპელი სოციალისტები”, რომლებიც არჩევნებზე “პატრიოტთა” ალიანსის სიით იღებდნენ მონაწილეობას, თუმცა მას შემდეგ, რაც “პარტიამ” გადაწყვიტა ბოიკოტს შეერთებოდა, გამოეყვნენ და საკანონმდებლო ორგანოში დამოუკიდებლად შევიდნენ.

ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს აგრძელებს პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი, რომელიც აცხადებს, რომ საკანონმდებლო ორგანოში იმ შემთხვევაში შევა, თუ მისთვის პრინციპულ საკითხებზე ხელისუფლებასთან შეთანხმება მოხდება. ასეთ საკითხებს შორის ელისაშვილის თქმით არის ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლება და საარჩევნო სისტემის რეფორმირება.

მასალების გადაბეჭდვის წესი