დღეს, 30 იანვარს თბილისის მერიასთან აქტივისტთა ჯგუფმა აქცია გამართა. აქტივისტები ოქროს უბანში, ნინოშვილის, ჩუბინაშვილის, ფოცხვერაშვილისა და კონსტიტუციის ქუჩებს შორის არსებული თავისუფალი ტერიტორიის გამწვანებას ითხოვენ.
აღნიშნულ ტერიტორიაზე სამშენებლოდ განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების მისაღებად საჭირო განცხადება მერიაში 2018 წლის 4 სექტემბერს m2-მა შეიტანა.
კომპანია სწორედ აქ გეგმავს საცხოვრებელი კომპლექსის აშენებას. მშენებლობის მიზანი “m2 უძრავ ქონებასა” და კომპანია “ცენტრპოინტს” შორის დადებული მემორანდუმის შესრულებაა, რომლის ფარგლებშიც “ცენტრპოინტისგან” დაზარალებულ პირებს ბინები უნდა გადაეცეთ.
პროტესტის შემდეგ აქციის ორგანიზატორები, მათ შორის, ირაკლი მურღულია, თბილისის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსს, ალექსანდრე ტოგონიძეს შეხვდნენ, რომელიც m2-ის ყოფილი თანამშრომელია. თუმცა შეხვედრის შემდეგ მურღულიამ ნეტგაზეთს უთხრა, რომ აქტივისტებსა და მერიის წარმომადგენელს შორის საუბარს შედეგი არ მოჰყოლია.
მურღულიას თქმით, ტოგონიძე მათ ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართვას დაჰპირდა, რაც კანონმდებლობით ისედაც სავალდებულო იყო. ირაკლი მურღულია ამბობს, რომ ადმინისტრაციულ საქმეწარმოებაში ჩართვა, ამ შემთხვევაში, მერიის მხრიდან გადაწყვეტილების მიღების შესახებ ინფორმირებულობას გულისხმობს.
აქციის ორგანიზატორების თქმით, აღნიშნული კვარტალი ერთადერთი დარჩენილი შანსია, რომ უბანში მწვანე სივრცე შეიქმნას, რასაც მოსახლეობა უკვე რამდენიმე თვეა ითხოვს. მათი თქმით, ამ ტერიტორიაზე ახლომდებარე სპორტული სკოლის მოედანი იყო განთავსებული.
“ოქროსუბნებელის მხრიდან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოთხოვნა, რადგან არამხოლოდ აქ, არამედ გარშემო უბნებშიც არ არსებობს ზონა რეკრეაციისა და სპორტული აქტივობებისთვის. ტრადიციულად, ათწლეულების განმავლობაში ამ ადგილას ყოველთვის იყო სპორტული მოედანი. მთელ მოსახლეობას ენატრება ეს ადგილი, რომელიც სარეკრაციო ტერიტორიად ახსოვს.
ამ დროისთვის, ეს ტერიტორია არის ქალაქის მმართველობის საკუთრებაში და მას არ სჭირდება გამოსყიდვა. ჩვენ უკვე თვეებია ვითხოვთ აქ პარკს. რამდენჯერმე შევიტანეთ ხელმოწერებიც : 2-ჯერ 500-500 ხელმოწერა, ამაზე ადრე კი 2 000 ხელმოწერა. ეს უნდა იყოს საკმარისი იმისთვის, რომ მერიამ პასუხი გაგვცეს.
ეს გადაწყვეტილება მთელი ქალაქის ინტერესებში შედის, ქალაქს აკლია გამწვანებული სივრცეები. 3-4 კმ. მეტრამდე ერთ სულ მოსახლეზე მწვანე სივრცე, რა მონაცემიც დღეს არსებობს, ფაქტობრივად, არაფერია და ჩვენ შეგვიძლია ამ მოქმედებით და ამ აქციით მერიას მდგომარეობის გამოსწორება დავაწყებინოთ,” – ამბობს ქალაქმგეგმარებელი ზურაბ ბაქრაძე.
მისივე თქმით, ტერიტორიაზე პარკის მშენებლობა მერიისთვის სირთულეს არ წარმოადგენს, რადგან აქ მხოლოდ მიწის საფარია მოასფალტებული. ზურაბ ბაქრაძე ამბობს, რომ ქალაქს ბოლო დროს გაცხადებულად აქვს მწვანე პოლიტიკის განვითარების გეზი აღებული, რაც ამგვარი გადაწყვეტილებებით უნდა დაადასტუროს.
რაც შეეხება m2-ს, ამ ტერიტორიაზე კომპანია საცხოვრებელი კომპლექსის აშენებას გეგმავდა, ბინების ნაწილი კი, გარიგების თანახმად, “ცენტრპოინტისგან” დაზარალებულებს უნდა გადასცემოდა. ზურაბ ბაქრაძე ამბობს, რომ მერიას ჯერჯერობით არავითარი ფორმალური ნაბიჯი არ გადაუდგამს და კომპანიისთვის ოფიციალური პასუხი არ გაუცია.
თუმცა, ბაქრაძის თმით, კომპანიისთვის სხვა ადგილი უნდა გამოინახოს, ვინაიდან ნინოშვილისა და კონსისტუციის ქუჩების კვეთაზე მყოფი ტერიტორია უბნის გამწვანებისთვის უკანასკნელი შესაძლებლობაა. ზურაბ ბაქრაძე ნეტგაზეთთან საუბარში დასძენს, რომ მ2-ის დაპირება, თითქოს საცხოვრებელ კორპუსს სარეკრეაციო ზონაც მოჰყვება – ბოლომდე სიმართლეს არ შეესაბამება. მისი თქმით, თუ კომპანიის გეგმა განხორციელდება, ის არათუ სარეკრეაციო, საზოგადო ზონას შექმნის, არამედ შენობის ეზოს გააშენებს.
მოქალაქეების აქციას გამოეხმაურა ვიცემერი ირაკლი ხმალაძეც. მან ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, რომ პროტესტი ფორმა მისთვის გაუგებარია. ხმალაძე ამბობს, რომ ის მზადაა შეხვდეს ნებისმიერ მოქალაქეს, თუმცა თავად აქტივისტები ამბობენ, რომ ისინი შეხვედრას არაერთი თვეა, რაც ითხოვენ.
“ამ თემაზე ჩვენ 1-2 თვის წინ გვქონდა აქტივობები და განცხდებები გაკეთდა როგორც მოსახლეობის, ისე მერიის მხრიდან. ეს აქტივობები ეხებოდა “ცენტრპოინტის” მიერ დაზარალებულ მოსახლეობის ნაწილს და მერიამ მაშინ თქვა, რომ ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილება ისე გადაჭრის “ცენტრპოინტის” პრობლემურ საკითხს, რომ არ დააზიანებს მოსახლეობის ინტერესებსაც.
მე, სიმართლე გითხრათ, აქციის მიზეზსა და ამ ფორმის აუცილებლობას ვერ ვხედავ. ზოგადად, როდესაც აქციით მოგვმართავენ, იმ მომენტში მშენებლობაზე გადაწყვეტილებას უნდა ვიღებდეთ ხოლმე, ჩვენ კი დღეს ნინოშვილზე მშენებლობის ნებართვაზე აქტიური განცხადება არ გვაქვს. შეხვედრაზე უარს არასდროს ვამბობთ, მათ შორის, პირადად მეც. ყოველთვის ვაცნობებთ მოქალაქეებს, რომ ამოვიდნენ და დაგველაპარაკონ. მუნიციპალიტეტი კი გადაწყვეტილებას ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღებს,” – ამბობს ირაკლი ხმალაძე.
m2 -ის ინტერესი და მოსახლეობის მოთხოვნა
ჩუღურეთში, ნინოშვილის, კონსტიტუციის, ფოცხვერაშვილისა და ჩუბინაშვილის ქუჩებს შორის მოქცეულ კვარტალში სამშენებლო კომპანია m2 ცენტრ-პოინტთან შეთანხმების საფუძველზე საცხოვრებელი კომპლექსის აშენებას სარეკრეაციო სივრცეებთან ერთად გეგმავდა, სადაც პროექტის მიხედვით, შენობა-ნაგებობების მაქსიმალური სიმაღლე 7 სართული უნდა იყოს.
m2-მა მერიაში საცხოვრებელი კორპუსების სამშენებლოდ განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების მისაღებად საჭირო განცხადება 4 სექტემბერს შეიტანა.
როგორც კომპანია განმარტავს, ტერიტორიაზე, რომლის ფართობიც არის 15 913 კვ.მ. რაიმე კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მატარებელი შენობა და ობიექტი არ არის განთავსებული. ის სწორედ აქ გეგმავს „m2 უძრავ ქონებასა” და კომპანია „ცენტრპოინტის“ შორის დადებული მემორანდუმის შესრულებას.
ზემოხსენებული მემორანდუმი ითვალისწინებს “ცენტრპოინტის” მიერ წამოწყებული გაჩერებული მშენებლობების დასრულებას და 4 000-მდე ბინათმესაკუთრის დაკმაყოფილებას.
“m2-ის მიერ წარდგენილი გეგმის მიხედვით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული წინაპირობების შესრულების შემთხვევაში, m2 მხოლოდ სამუშაოების შემსრულებელ კომპანიად მოგვევლინება, რომელსაც ცენტრ-პოინტი დაიქირავებს. სანაცვლოდ კი ცენტრ-პოინტი m2-ს მის საკუთრებაში არსებულ თავისუფალ უძრავ ქონებას გადასცემს
აღნიშნული მიწის ნაკვეთი სახელმწიფოდან გარკვეული ვალდებულების სანაცვლოდ უნდა გადასცემოდა “ცენტრპოინტს”. აღნიშნული ვალდებულება “ცენტრპოინტმა” შეასრულა და სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიწა უნდა გადავიდეს “ცენტრპოინტის” საკუთრებაში. შესაბამისად, 4 000-მდე ბინათმესაკუთრის დაუმთავრებელი მშენებლობის პრობლემის მოსაგვარებლად უნდა იყოს გამოყენებული”, – განმარტავს კომპანია. თანაც დასძენს, რომ m2-მა შეიმუშავა სოციალური პრობლემის გადაჭრის გეგმა, რომელიც მოთხოვს კომპანიებსა და სახელმწიფოს შორის მჭიდრო და კოორდინირებულ თანამშრომლობას.
სამშენებლო კომპანია ამბობს, რომ ტერიტორიაზე 45 000 კვ.მ-მდე ფართის განაშენიანება სურს. 45 000 კვ.მ-დან, კომპანიის თქმით, 3 500 კვ.მ-მდე დაეთმობა სკვერს, ხოლო კიდევ 3 000 კვ.მ-დე – საზოგადოებრივ სივრცეს: პიაცას ტიპის მოედანს, ღია და დახურულ სპორტულ მოედნებს.
რაც შეეხება კომპანიის მიერ განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების მიღებას, აღნიშნულ საკითხი მერიაში ჯერ კიდევ განხილვის სტადიაშია.
m2-ის გეგმას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.