ახალი ამბები

თბილისში ვირუსის დადებითობის მაჩვენებელი 6%-ია

26 იანვარი, 2021 • 779
თბილისში ვირუსის დადებითობის მაჩვენებელი 6%-ია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, თბილისში კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო 24 საათის განმავლობაში 6%-ია. ამის შესახებ იმნაძემ “ნეტგაზეთს” განუცხადა.

საუბარია ტესტირების რაოდენობისა და გამოვლენილი დადებითი შემთხვევების შეფარდებაზე.

დღეს, 26 იანვარს სააქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ თბილისში კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი უახლოეს ერთ კვირაში 4%-ს ჩამოსცდება, მთავრობა მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენაზე და ეკონომიკის იმ დარგების გახსნაზე დაიწყებს საუბარს, “რომლის შესაძლებლობასაც ეპიდმდგომარეობა გვაძლევს”.

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, როგორც კი ეპიდემიოლოგიური მაჩვენებელი 4%-ს ჩამოსცდება, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სასწავლო დაწესებულებები ამოქმედდეს.

„ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რას ნიშნავს სკოლის მოსწავლეების და მათი მშობლებისთვის ხანგრძლივი პერიოდით სახლში ყოფნა და ის, რომ მათ არ აქვთ შესაძლებლობა, ფიზიკურად იყვნენ სასწავლო კლასებში. აქაც ჩვენ, როგორც კი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მოგვცემს შესაძლებლობას და როგორც კი მაჩვენებელი ჩამოსცილდება 4%, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სწრაფად ავამოქმედოთ უკიდურესად მნიშვნელოვანი სფერო, განსაკუთრებით, ჩვენი შვილებისთვის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამასთან, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე გახარიამ ქვეყნის მასშტაბით შეზღუდვების შემსუბუქების შესაძლებლობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, როგორც კი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონში და ქალაქში, დადებითობის მაჩვენებელი 4%-ს ჩამოსცდება, შესაძლებელი გახდება შეზღუდვების შემსუბუქების გეგმის განხორციელების დაჩქარებაც.

„როგორც კი დადებითობის მაჩვენებელი ქვეყანაში, ქალაქში, ცალკეულ რეგიონში ჩამოსცდება 4%-ს, რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვეძლება გახსნის ის გეგმა, რომელიც უკვე წარმოდგენილი გვაქვს, დავაჩქაროთ. მაგალითად, თუ თბილისში დადებითობის მაჩვენებელი ჩამოსცდება 4%-ს უახლოეს ერთ კვირაში, რა თქმა უნდა, მუნიციპალური ტრანსპორტის გახსნაზეც უნდა ვისაუბროთ უფრო სწრაფად და ეკონომიკის იმ დარგების გახსნაზეც, რომლის შესაძლებლობასაც ეპიდმდგომარეობა გვაძლევს. ასე რომ, მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არის უკიდურესად მნიშვნელოვანი და ეს ყველაფერი უნდა იყოს თანმიმდევრული, ბალანსის დაცვით და ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ, რა თქმა უნდა, საბოლოო მიზანი არის ბალანსის საშუალებით ეკონომიკის სწრაფი აღდგენა“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

გასული 24 საათის განმავლობაში დადებითობის მაჩვენებელი ქვეყნის მასშტაბით 5.7% იყო. stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 349 ტესტი, შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 006 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 050 პირი.

საქართველოს მთავრობამ 22 იანვარს ქვეყნის მასშტაბით შეზღუდვების შემსუბუქების გეგმა წარმოადგინა. გეგმის მიხედვით შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა პირველი თებევრლიდან დაიწყება.

პირველ ეტაპზე აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში, გაიხსნება სკოლები, მაღაზიები და სავაჭრო ობიექტები. ასევე, თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში მუშაობას განაახლებენ მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები, თუმცა არ აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტი და სკოლები. აჭარაში კი კვების ობიექტებს გარე სივრცეებში სტურმების მიღება შეეძლებათ. სხვა რეგიონებში რესტორნები და კვების ობიექტები, მათ შორის სასტუმროებში, გააგრძელებენ მუშაობას გატანის ან მიტანის სერვისით იმ წესების დაცვით, რაც დღეისთვის მოქმედებს.

მეორე ეტაპზე, ანუ 15 თებერვლიდან, ყველა ქალაქში გაიხსნება ღია და დახურული ბაზრობები.

პირველი მარტიდან თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა და სწავლა განახლდება სკოლებში. მთავრობაში ასევე ამბობენ, რომ ყველა ქალაქში საბავშვო ბაღების, პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლების მუშაობის აღდგენა დაგეგმილია პირველი მარტიდან, თუმცა – „ეს ყველაფერი დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე“.

მასალების გადაბეჭდვის წესი