ახალი ამბები

76%-ის აზრით, პარლამენტში ყველა არჩეული პარტიის ჩართულობა მნიშვნელოვანია – NDI

25 იანვარი, 2021 • 1072
76%-ის აზრით, პარლამენტში ყველა არჩეული პარტიის ჩართულობა მნიშვნელოვანია – NDI

NDI-ის მიერ გამოკითხულთა 76%-ის აზრით, იმისთვის, რომ პარლამენტმა მათნაირი ადამიანების ინტერესები გაატაროს, მნიშვნელოვანია, ყველა არჩეულმა პარტიამ მიიღოს მონაწილეობა პარლამენტის საქმიანობაში.

ამ მოსაზრებას არ ეთანხმება მხოლოდ გამოკითხულთა 13%, ხოლო 11%-მა პასუხზე უარი განაცხადა.

ყველა პარტიის მონაწილეობას საკანონმდებლო საქმიანობაში ყველაზე მეტად ემხრობიან “ქართული ოცნების” მხარდამჭერები (87%), თუმცა ოპოზიციის მხარდამჭერების 65%-იც აცხადებს, რომ მათი ინტერესების გასატარებლად მნიშვნელოვანია, ყველა პარტიამ მიიღოს მონაწილეობა პარლამენტის საქმიანობაში.

ამასთან, გამოკითხულთა 81%-ის აზრით, მათი ინტერესების გასატარებლად მნიშვნელოვანია, ყველა პარტიამ ერთმანეთთან ითანამშრომლოს.

როგორც ცნობილია, ოპოზიცია პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს და მიუთითებს, რომ არჩევნები გაყალბდა. ამ საკითხზე მოსახლეობის დამოკიდებულება უცნობი დარჩა.

დღეს, 25 ინვარს გამოქვეყნებული კვლევა 17-24 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა საქართველოს მასშტაბით 2 053 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.1 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.

მასალების გადაბეჭდვის წესი