ახალი ამბები

უფრაქციო ოპოზიციონერებს პარლამენტში ვიცესპიკერის კანდიდატურის წარდგენა შეეძლებათ

25 იანვარი, 2021 • 1583
უფრაქციო ოპოზიციონერებს პარლამენტში ვიცესპიკერის კანდიდატურის წარდგენა შეეძლებათ

პარლამენტის რეგლამენტში ცვლილები შედის ოპოზიციის სტატუსის მქონე დეპუტატების საპარლამენტო თანამდებობებზე არჩევის წესთან დაკავშირებით. ცვლილებები ერთჯერადი ხასიათისაა და მხოლოდ მეათე მოწვევის პარლამენტისთვის იმოქმედებს.

როგორც “ნეტგაზეთს” საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა, დაგეგმილი ცვილელების თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე კანდიდატის წარდგენა საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ უფრაქციო დეპუტატთა ჯგუფსაც შეეძლება.

“რეგლამენტში არის ინიცირებული პროექტი, რომლის მიხედვითაც, საპარლამენტო ოპოზიციის ფრაქციების გარდა, უფრაქციო პარლამენტის წევრთა ჯგუფსაც ექნება საშუალება, რომ წარადგინოს კანდიდატი ოპოზიციისთვის გათვალისწინებულ ვიცე-სპიკერების პოზიციაზე. გამომდინარე იქიდან, რომ ახალი რეგულაციებით, ფრაქციების გარდა, საპარლამენტო ოპოზიციაში შედიან უფრაქციო პარლამენტის წევრები, შესაბამისად, მათი ინტერესების დაბალანსებისთვისაც არის საჭირო, რომ  როგორც ფრაქციას, ასევე უფრაქციო პარლამენტის წევრთა ჯგუფებსაც ჰქონდეთ საშუალება, რომ წარადგინონ ვიცე-სპიკერების კანდიდატურა”, — განაცადა მაჭარაშვილმა.

ჩვენს კითხვაზე, მინიმუმ რამდენი დეპუტატთა ჯგუფს შეუძლია კანდიდატურის წარდგენა, მაჭარაშვილი გვპასუხობს, რომ ეს დაკონკრეტებული არ არის.

“გამომდინარე იქიდან, შეიძლება იყოს ათი, სამი… რამდენიც იქნება, ამას ჩვენ ვერ განვსაზღვრავთ, რეგლამენტი ვერ გაითვალისწინებს, სად რამდენი იქნება. ჯგუფი ნიშნავს იმას, რომ მინიმუმ რამდენიმე კაცის. ამ ეტაპზე ჩვენ ჩამოვყალიბდით, რომ რაღაცნაირად არ ყოფილიყო დაკონკრეტებული, თუმცა პირველ მოსმენაზე შეიძლება ვიმსჯელოთ. ეს არის ინიცირებულ ვერსიაში. უბრალოდ, ერთი უფრაქციო  პარლამენტის წევრი ვერ წარადგენს, რა თქმა უნდა. წერია, რომ საპარლამენტო ჯგუფის მიერ იქნება. არ შევზღუდეთ საპარლამენტო ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც  არცერთ ფრაქციაში არ არის გაწევრიანებული, რამდენი კაცის მიერ იქნება წარდგენილი, ამაში არ დავაწესეთ შეზღუდვა”, — ამბობს მაჭარაშვილი.

მისი თქმით, ეს ოპოზიციის სასარგებლოდ გადადგმული ნაბიჯია, რომლებმაც ფრაქცია ჯერჯერობი ვერ ან არ შექმნეს.

როგორც მაჭარაშვილი ამბობს, რეგლამენტში აღნიშნული ცვილელების შეტანის შესაძლებლობას კონსტიტუციის ჩანაწერი იძლევა.

“ამ მოწვევის პარლამენტისთვის არის ამ ეტაპზე გათვალისწინებული, გამომდინარე იქიდან, რომ ვიცით, ყოველი მოწვევისთვის იცვლება სიტუაცია და პროცესები. ამ შემთხვევაში რეგლამენტი არის მოქნილი ამ თვალსაზრისით და, რაც მთავარია, კონსტიტუციური ჩანაწერის შესაბამისად ხდება ეს. იმიტომ, რომ იქ არის საპარლამენტო ოპოზიცია და საპარლამენტო ოპოზიციაში შედის როგორც ფრაქციები, ასევე, უფრაქციო პარლამენტის წევრები. ასე რომ, კონსტიტუციის ჩანაწერიდან გამომდინარე, რეგლამენტი იძლევა საშუალებას, რომ დარეგულირდეს კანდიდატების წარდგენის რაოდენობა, რამდენი იქნება”, — განაცხადა მაჭარაშვილმა.

რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს გამოეხმაურა კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე, რომლის თქმითაც, “ქართული ოცნების” არგუმენტები მოგონილია და რეგლამენტი მხოლოდ “პატრიოტთა ალიანსის” საარჩევნო სიის შესული ოთხი  4 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის იცვლება.

“მათ უფლება ექნებათ დაიკავონ კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილისა და ვიცე-სპიკერის თანამდებობა (აქამდე ეს მხოლოდ ფრაქციის წევრებს შეეძლოთ, ფრაქციის შექმნას კი 7 დეპუტატი სჭირდება). უმრავლესობის არგუმენტი ასეთია: „ამით ოპოზიციონერ დეპუტატებს პარლამენტის საქმიანობაში აქტიურად ჩართვის შესაძლებლობა ექნებათ.“ ეს მოგონილი არგუმენტია. მე-4 ვიცე-სპიკერს და კომიტეტის მე-3 მოადგილეს საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობაში არასდროს არავითარი განსაკუთრებული როლი არ ჰქონია და ამ თანამდებობების ერთადერთი მიზანი ყოველთვის იყო ოპოზიციის დაშოშმინება-დაკმაყოფილება”, — ამბობს მენაბდე.

მისი თქმით, ხელისუფლებას ოპოზიციის როლის რეალური გაზრდა სურს, თუნდაც თეორიულად, ამისთვის სხვა მექანიზმები არსებობს.

“ისინი ბევრ ქვეყანაშია აპრობირებული. მაგალითად, პირველი ვიცე-სპიკერის ოპოზიციისთვის დარეზერვება, უმრაველესობასა და სხვა სუბიექტებს შორის კომიტეტის თამვჯდომარეების თანამდებობების იმ პროპორციით განაწილება, რა პროპორციითაც ისინი პარლამენტში არიან წარმოდგენილი და სხვა”, — ამბობს მენაბდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი