ახალი ამბები

ქორეოგრაფები და სახელოვნებო სტუდიების მფლობელები მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

25 იანვარი, 2021 • 602
ქორეოგრაფები და სახელოვნებო სტუდიების მფლობელები მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

სახელოვნებო სტუდიების მფლობელებმა და ქორეოგრაფებმა დღეს, 25 იანვარს საქართველოს კულტურისა და განათლების სამინისტროსთან აქცია გამართეს და მინისტრთან შეხვედრა მოითხოვეს.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ შემოსავლის გარეშე დარჩნენ და სახელმწიფოსგან იმაზეც არ აქვთ პასუხი, თუ როდის შეძლებენ საქმიანობის გაგრძელებას.

როგორც აქციის ერთ-ერთი მონაწილე მარიკა ბიჭიკაშვილი, რომელსაც საკუთარი სტუდია აქვს, “ნეტგაზეთთან” ამბობს, საქმიანობა მარტში შეწყვიტა და მხოლოდ მთავრობის მიერ დაწესბებული ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარება მიიღო, რომელიც თვითდასაქმებულებისთვის იყო გათვალისწინებული:

“მაქვს ჩემი საბავშვო სტუდია, სადაც წლებია ვმუშაობ. ჩემი პროფესია ქორეოგრაფობაა, მთელი ცხოვრება ამ საქმეს ვაკეთებდი. მარტიდან მოყოლებული დაკეტილები ვართ. 15 ივლისიდან მოგვცეს მუშაობის ნებართვა, მაგრამ იმის გამო, რომ ზაფხული იყო და ამ პერიოდში ისედაც ვერ ვმუშაობთ, მოგვიწია სექტემბრამდე მოცდა. თუმცა იმის გამო, რომ სათანადო პირობები არ იყო, ზოგმა შეძლო მუშაობის დაწყება, ზოგმა ვერ შევძელით.

ზოგმა ერთი თვე იმუშავა, ზოგმა- ისიც ვერა და ისევ ჩავიკეტეთ. დღეს რომ ლაპარაკია სკოლების და სხვადასხვა სფეროს გახსნაზე პირველი მარტიდან, ჩვენ ისევ გაურკვევლობაში ვართ.

ერთჯერადი კომპენსაცია მივიღეთ თვითდასაქმებულების მარტის დასაწყისში და დეკემბრის ბოლოს, კიდევ ერთი 300-ლარიანი დახმარება. ვინც სტუდიაში მუშაობდა და ხელფასი ერიცხებოდა, მათ მიიღეს ექვსთვიანი დახმარება”, – ამბობს ბიჭიკაშვილი.

მისი თქმით, ქორეოგრაფებისთვის ამ დრომდე უცნობია, როდის შეძლებენ საქმიანობის გაგრძელებას და სამინისტროსგან ითხოვენ განმარტებებს, თუ როდის შეძლებენ სტუდიების გახსნას:

“ოჯახებია, მეუღლეები მუშაობენ ერთად და ყველა გაჩერებულია. იმასაც არავინ გვეუბნება, როდიდან შეიძლება გავიხსნათ და შევძლოთ ისევ მუშაობა. ჩვენი აქციის მიზანია თავი შევახსენოთ კულტურის სამინისტროს. ვერ ვიგებთ, რა გავაკეთოთ. პირველ რიგში, შეხვედრას მოვითხოვთ, რომ მათი განმარტებები მოვისმინოთ. ჩვენც შევთავაზებთ, როგორ ვიმუშავებთ”, – ამბობს ბიჭიკაშვილი.

მოგვიანებით, აქციის მონაწილეებს მინისტრის პირველი მოადგილე, ეკატერინე დგებუაძე შეხვდა. როგორც “ნეტგაზეთს” საქართველოს კულტურისა და განათლების სამინისტროში განუცხადეს, ეკატერინე დგებუაძემ ეროვნული ცეკვების ფედერაციის წარმომადგენლებთან ისაუბრა აუცილებელ საკითხებზე, რათა ცეკვის ჯგუფები გახსნის პროცესს მომზადებულები შეხვდნენ და კომუნიკაციის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი