ახალი ამბები

მერია დევნილებს ასახლებს ბიზნესმენ თემურ უგულავას ფართიდან „ოქროს უბანში“

25 იანვარი, 2021 • 2451
მერია დევნილებს ასახლებს ბიზნესმენ თემურ უგულავას ფართიდან „ოქროს უბანში“

ჩუღურეთში, “ოქროს უბანში”, ჩუბინაშვილი-კონსტიტუციის ქუჩის კვეთაზე მცხოვრებ დევნილებსა და სხვა მოქალაქეებს მერია მოუწოდებს, დატოვონ „კერძო საკუთრება“, რომელიც „რამდენიმე ოჯახს უკანონოდ აქვს დაკავებული“. მფლობელი ბიზნესმენ თემურ უგულავას კომპანიაა.

„მოვუწოდებთ ოჯახებს, შეთავაზებული პირობების შესაბამისად, დაუყოვნებლივ დაიწყონ ფართის დაცლა, წინააღმდეგ შემთხვევაში მოგვიწევს, მივმართოთ შესაბამის ორგანოებს რეაგირებისათვის“, – განაცხადა 25 იანვარს ბრიფინგზე მერიის წარმომადგენელმა.

რა ფართზეა საუბარი?

ეს შენობა-ნაგებობა ჩუბინაშვილის 52/კონსტიტუციის 6-ში ექცევა იმ ტერიტორიაში, რომელიც ამჟამად ბიზნესმენ თემურ უგულავას [„რუმსი“, „ფაბრიკა“] კომპანია „სითი ლოფტს“ ეკუთვნის. მოსახლეობა და აქტივისტები წლების განმავლობაში ამ ტერიტორიაზე სარეკრეაციო ზონის მოწყობას ითხოვდნენ, თუმცა, უშედეგოდ.

ოქროს უბანი

ტერიტორია 2020 ივლისამდე ქალაქ თბილისს ეკუთვნოდა, თუმცა 2 ივლისს ეს ტერიტორია მერიის განკარგულების საფუძველზე   ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებულ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს გადაეცა.

2020 წლის დეკემბერში სააგენტომ  ეს ტერიტორია სიმბოლურ ფასად მიჰყიდა თემურ უგულავას კომპანია „სითი ლოფტს“.

„მიწის ერთ ლარად გადმოცემის სანაცვლოდ, ინვესტორმა ვალდებულებად აიღო, ერთი მხრივ, კომპანია „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულებისთვის – 18,700,000 ლარის ოდენობით თანხის გადახდაზე (მერიის პროგრამა), ასევე, აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა განსახლებისთვის 1 300 000 ლარი გადარიცხოს მერიის ანგარიშზე“, – მისწერეს „ნეტგაზეთს“ სააგენტოდან.

სააგენტოს ცნობითვე, „კომპანია გეგმავს აღნიშნულ ტერიტორიაზე მულტიფუნქციური სივრცის მოწყობას და სარეკრეაციო არეალის შექმნას (სავაჭრო ობიექტი, რეკრეაციული კუთხე, კვების ობიექტი და ა.შ.). დღეს, ფაქტობრივად, აღნიშნული ტერიტორია აღარ წარმოადგენს სარეკრეაციო სივრცეს (თუმცა, ფორმალურად, ეს სტატუსი შერჩა, რაც არ კრძალავს პრივატიზაციას)“, – განუცხადეს „ნეტგაზეთს“ ქონების მართვის სააგენტოში.

შპს „სითი ლოფტის“ 100%-იანი წილის მესაკუთრეა ბიზნესმენი თემურ უგულავა. უგულავა „აჭარა გრუფის“ დამფუძნებელია. თავის მხრივ, „აჭარა გრუფის“ ქოლგის ქვეშ ისეთი ბიზნესები შედის, როგორიცაა Holiday Inn, Stamba, Rooms Hotel და ა.შ.

ვის ასახლებენ?

როგორც 25 იანვარს ბრიფინგზე განაცხადა მერიის წარმომადგენელმა, ამჟამად ჩუბინაშვილის 52/კონსტიტუციის 6-ში მაცხოვრებლებს შორის არიან „ადამიანები, რომლებსაც თავის დროზე სახელმწიფოსგან მიღებული აქვთ საცხოვრებელი ფართები და გარკვეული პერიოდი ფულადი კომპენსაციები მიღებული აქვთ სახელმწიფოსგან“.

„რასაკვირველია, ვგულისხმობ დევნილ მოსახლეობას, დევნილის სტატუსის მქონე მოსხლეობას, რომლის წინაშეც სახელმწიფომ პირნათლად შეასრულა თვისი ვალდებულებები“, – განაცხადა ბრიფინგზე მერიის წარომადგენელმა.

მისი თქმითვე, დევნილის სტატუსის მქონე ადამიანების გარდა, „ამ მისამართზე უკანონოდ არიან სტატუსის არმქონე მოქალაქეები, რომლებიც ასევე უკანონოდ იმყოფებიან ამ შენობაში“.

მერიის განცხადებით, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დევნილთა სამინისტროსთან ერთად არაერთხელ შეხვდნენ მოსახლეობას და განუმარტეს, „რა შედეგი შეიძლებოდა დამდგარიყო, თუ არ დატოვებდნენ სხვის საკუთრებას“.

„ღია ცის ქვეშ არ დარჩებიან“

მერია ასევე აცხადებს: „მიუხედავადი მისა, რომ საქმე გვაქვს კანონდარღვევასთან, ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ არცერთი ადამიანი დარჩეს ღია ცის ქვეშ და ვითვალისწინებთ, რომ აქ მცირეწლოვანი ბავშვებიც ცხოვრობენ… ყველა ოჯახს მიეცა განმარტება და პირობა, რომ ღია ცის ქვეშ არ დარჩებიან და ექნებათ ქირით უზრუნველყოფილი ფართები“.

მერიის წარმომადგენლის თანახმად, ჩუღურეთის გამგეობამ მოიძია ფართები, სადაც შეიძლება ეს მოსახლეობა გადიყვანონ. მისი თქმითვე, ფართის მფლობელი კომპანია „გამოთქვამს სურვილს, რომ ფინანსური დახმარება გაუწიოს იმ ოჯახებს, ვისაც ქონება ან ფულადი დახმარება არ მიუღიათ“.

მისი თქმითვე, მერია მზადაა, „სხვა შეჭირვებული ოჯახების მსგავსად, ყველა არსებული სოციალური პროგრამით დავეხმაროთ, ასევე ვუქირაოთ ბინები, რათა ხელი არ შეეშალოს უმნიშვნელოვანეს სოციალურ პროექტს, „ცენტრ-პოინტის“ დაზარალებულების დახმარებას და მათთვის იმ კუთვნილი ფართების გადაცემას, რომელსაც მრავალი წელი უიმედოდ ელოდნენ მოქალაქეები“.

ვრცლად ამ ტერიტორიაზე:

ოქროს უბანში ადგილი, სადაც სკვერს ითხოვდნენ, თემურ უგულავას კომპანიამ იყიდა

მასალების გადაბეჭდვის წესი