ახალი ამბები

იყო მომართვა, მაგრამ საკითხი არ გადაწყვეტილა – დავითაშვილი მუხურის მეფუტკრეობაზე

6 ოქტომბერი, 2022 • 1119
იყო მომართვა, მაგრამ საკითხი არ გადაწყვეტილა – დავითაშვილი მუხურის მეფუტკრეობაზე

ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ მუხურის მეფუტკრეობის კვლევითი ბაზის პრივატიზაციის საკითხი გადაწყვეტილი არ არის.

„როგორც ნებისმიერი ქონება, ეს ინფრასტრუქტურა, რაც არის მუხურში, არის სახელმწიფო საკუთრება. სახელმწიფო საკუთრება არის ქონების მართვის [სააგენტოს] ქვეშ. თუმცა დღეს მას განკარგავს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი“, – განაცხადა დავითაშვილმა.

დამაზუსტებელ კითხვაზე მან განაცხადა: „თუ საუბარია პრივატიზებაზე – იყო მომართვა, მაგრამ ეს საკითხი არ გადაწყვეტილა ამ ეტაპზე. დღეს ჩვენთან არ მიმდინარეობს არანაირი პრივატიზების პროცესი“…

ამ საკითხზე მინისტრ დავითაშვილს კითხვა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში დაუსვა დეპუტატმა ალექსანდრე მოწერელიამ (გიორგი გახარიას პარტიიდან „საქართველოსთვის“.

ქონების მართვის სააგენტომ 2022 წლის ზაფხულში აღნიშნული ქონების ინვენტარიზაცია ჩაატარა, თუმცა უწყებაში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ „აქტიური პრივატიზების პროცესს“ არ აწარმოებენ.

ტერიტორია, სადაც მეფუტკრეობის ბაზაა გახსნილი, 7788 კვადრატულ მეტრს შეადგენს და სახელმწიფოს ბალანსზეა. მის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ზუსტად 20 მეტრში მდებარეობს ტერიტორია, – 2036 კვ მ მიწა, – რომელზეც სასტუმროს მშენებლობა მიმდინარეობს.

აღნიშნული ტერიტორიის მფლობელი, საჯარო რეესტრის მონაცემებით, შპს „მუხური რიზორთია“, რომლის 100%-იან წილს, თავის მხრივ, ფლობს მარიკა უგრეხელიძე. იგი არის თენგიზ ხარებავას მეუღლე. თენგიზ ხარებავა კომპანია „ხარებას“ ერთ-ერთი დამფუძნებელია, თავის ძმასთან ერთად.

„ხარებას“ წარმომადგენელი ამბობს, რომ კომპანიას მუხურში „ევროპული დონის მსოფლიოს სამთო მეფუტკრეობის ცენტრის“ მოწყობისა და „მეფუტკრეობის აღორძინების“ სურვილი აქვს, რისთვისაც, სულ მცირე, 10 მლნ ლარის ინვესტიციის ჩადებას გეგმავს.

სახელმწიფოს ბალანსზე არსებული სამეცნიერო ბაზის ახლანდელი თანამშრომლები, მუხურის მოსახლეობის ნაწილთან ერთად, ამ ინიციატივის წინააღმდეგ გამოდიან.

გირჩევთ ვრცლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი