ახალი ამბები

კორონავირუსის ახალი ვარიანტის გამო ისრაელი ფრენებს დროებით ზღუდავს

25 იანვარი, 2021 • 1517
კორონავირუსის ახალი ვარიანტის გამო ისრაელი ფრენებს დროებით ზღუდავს

ისრაელში კორონავირუსის ახალი ვარიანტების გავრცელების შესაჩერებლად ერთკვირიანი საჰაერო აკრძალვა წესდება, რომელიც შეეხება როგორც ქვეყანში შემსვლელ, ისე გამსვლელ ფრენებს. ინფორმაციას Al-jazeera ავრცელებს.

პრემიერ-მინისტრის ოფისის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, შეზღუდვა დღეს, 25 იანვრის საღამოდან დაიწყება და ძალაში კვირა დღემდე იქნება.

“გარდა იშვიათი გამონაკლისებისა, ჩვენ ვკეტავთ ცას, რათა შევაჩეროთ ახალი მუტაციების ქვეყანაში შემოსვლა და განვაგრძოთ პროგრესი ვაქცინაციის პროგრამაში”, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

შეზღუდვა არ შეეხება სატვირთო და ხანძარსაწინააღმდეგო ფრენებს. ასევე, ისეთ მოგზაურობებს, რა დროსაც მოქალაქეები ჯანდაცვის სერვისის მისაღებად დაკრძალვებზე დასასწრებად ან სხვა იურიდიულ პროცედურაში მონაწილეობისათვის გადაადგილდებიან.

ამჟამად ისრაელში კორონავირუსის შესაჩერებლად ამოქმედებული რიგით მესამე “ლოქდაუნი” მოქმედებს. უკანასკნელად ის გასული წლის დეკემბერში დაწესდა, თუმცა შემთხვევათა ზრდის გამო იანვრის ბოლომდე გახანგრძლივდა.

ისრაელი კორონავირუსის ვაქცინაციით 100 სულ მოსახლეზე მსოფლიოში პირველ ადგილზეა, სადაც დღეის მდგომარეობით, ოქსფორდის უნივერსიტეტში შექმნილი მონაცემთა ბაზის Our World in Data-ს მიხედვით, ყოველ 100 მოსახლეზე 41.8 აცრილი მოქალაქე მოდის.

ქვეყანაში უკვე აიცრა იმ მოქალაქეთა უდიდესი ნაწილი, რომლებიც სხვადასხვა რისკის ჯგუფში შედიოდნენ. გასულ კვირას დაიწყო 16-18 წლამდე ახალგაზრდების ვაქცინაციაც.

ისრაელში BioNTech-Pfizer-ის ვაქცინას იყენებენ.


ქვეყანაში კორონავირუსის 600 000-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 4 400-ზე მეტი მოქალაქე.

მასალების გადაბეჭდვის წესი