რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის იურისტი, ლიუბოვ სობოლი დააკავეს.
როგორც „მედუზა“ იუწყება, ის უკვე გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. გამოცემის ცნობით, მას სამართალდამცავები ბრალს წაუყენებენ 23 იანვრისთვის დაგეგმილ „არასანქცირებულ“ აქციაზე გასვლის მოწოდების გამო.
ოპოზიციონერის დაკავების შემდეგ, ნავალნის გუნდმა 23 იანვრისთვის ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო დემონსტრაცია დააანონსა.
სობოლი ნავალნის დაარსებული „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის“ იურისტია.
ალექსეი ნავალნი 17 იანვარს, რუსეთში ჩასვლისთანავე, აეროპორტში დააკავეს. მას სასამართლომ 30-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
მალევე გავრცელდა ნავალნის ვიდეო, სადაც ის მოქალაქეებს ქუჩაში გასვლისკენ მოუწოდებს.
„მათ [პუტინის ხელისუფლებას] ყველაზე მეტად მოქალაქეების ქუჩაში გამოსვლის ეშინიათ. იმიტომ, რომ ეს არის ის რაღაც, ის პოლიტიკური ფაქტორი, რომლის იგნორირებაც შეუძლებელია. ის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია. ეს არის პოლიტიკის არსი. ამიტომ არ შეგეშინდეთ – გამოდით ქუჩაში. გამოდით არა ჩემთვის, არამედ თქვენთვის, თქვენი მომავლისთვის“, – ამბობს ნავალნი ვიდეომიმართვაში.
ნავალნი „ეფესბემ“ ნოვიჩოკით მოწამლა | bellingcat-ის გამოძიება