ახალი ამბები

პენიტენციური ირწმუნება, რომ ციხეებში პატიმრებს ომბუდსმენის წინააღმდეგ არ განაწყობენ

20 იანვარი, 2021 • 1097
პენიტენციური ირწმუნება, რომ ციხეებში პატიმრებს ომბუდსმენის წინააღმდეგ არ განაწყობენ

სპცეიალური პენიტენციური სამსახური სახალხო დამცველის განცხადებას ეხმაურება, რომელშიც აპარატი ამბობს, რომ მის თანამშრომლებს ე.წ. ციხის მაყურებლები მუშაობაში ხელს უშლიან.

პენიტენციური სამსახური ირწმუნება, რომ უწყება „ყველანაირად ხელს უწყობს ომბუდსმენის და პრევენციის ეროვნული მექანიზმის წარმომადგენლების მიერ პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული სიტუაციის მონიტორინგს“.

დღეს სახალხო დამველმა, ნინო ლომჯარიამ სპეციალური ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ ციხეებში კრიმინალური სუბკულტურა მუშაობაში ხელს უშლის, ადმინისტრაცია კი ე.წ. ციხის მაყურებლებს ამაში ხელს უწყობს.

„ეს მხარდაჭერა გამოიხატება, მათ შორის, საჯარო ქმედებებითაც პენიტენციური სამსახურის მხრიდან. თუნდაც იმ შემთხვევებთან დაკავშირებით, რომელზეც მანამდეც ვისაუბრეთ, თქვენ ნახავდით, როგორი რეაგირება ჰქონდა პენიტენციურ სამსახურს – ის საჯარო განცხადებებით იცავდა პატიმართა აღნიშნულ ჯგუფს და ცდილობდა სახალხო დამცველის საქმიანობის დისკრედიტაციას. ვფიქრობ, ეს განცხადებები არის საჯარო წახალისება და აღიარება კრიმინალური იერარქიის მხარდაჭერის“, – განაცხადა ლომჯარიამ.

სწორედ ამის საპასუხოდ პენიტენიცურმა დღეს ომბუდსმენის განცხადებებს უსაფუძვლო უწოდა და თქვა, რომ უწყება აპარტს ხელს სრულად უწყობს:

„ამას მოწმობს თუნდაც ის ფაქტი, რომ პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების მიუხედავად, ომბუდსმენის წარმომადგენლებს არ შექმნიათ პენიტენციურ დაწესებულებებში შესვლის და მონიტორინგის განხორციელების პრობლემა. რაც შეეხება მათზე თითქოსდა ორგანიზებულ თავდასხმებს პატიმრების მხრიდან, სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ უწყების ხელმძღვანელობას არ აქვს არანაირი ბერკეტი, რომ ზეგავლენა მოახდინოს პატიმრების განწყობაზე ომბუდსმენის ან ნებისმიერი სხვა ინსტიტუციისა და კერძო პირის მიმართ.

თუკი რომელიმე პენიტენციურ დაწესებულებაში ომბუდსმენის მიმართ პატიმრები რაიმე საკითხთან დაკავშირებით გამოხატავენ უკმაყოფილებას, ეს არის მხოლოდ მათი განწყობა და არანაირად არ არის დაკავშირებული, ან, მით უმეტეს, მართული პენიტენციური დაწესებულებების ადმინისტრაციის მიერ. უფრო მეტიც, ასეთ შემთხვევებში, რა თქმა უნდა, პენიტენციური დაწესებულებების ადმინისტრაციის წარმომადგენლები მაქსიმალურად იცავენ ომბუდსმენის წარმომადგენლების უსაფრთხოებას და, იმედია, ამას თავად ეს პირებიც ვერ უარყოფენ“, – ამბობს უწყება.

ოფიციალურ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ სამსახურს არ აქვს ბერკეტი იმისა, „რომ პატიმრების მიერ ომბუდსმენის აპარატისადმი მიმართვიანობაზე მოახდინოს გავლენა, ვინაიდან პატიმრები თავისუფალი მიმოწერის და სატელეფონო კომუნიკაციის უფლებით სარგებლობენ (ცალკეული გამონაკლისების გარდა, რაც კანონმდებლობით რეგულირდება) და პენიტენციური დაწესებულებები ადრესატისთვის პატიმრების წერილების გაგზავნას უზრუნველყოფენ.

შესაბამისად, თუკი ომბუდსმენთან პატიმრების მხრიდან მიმართვიანობამ იკლო, სავარაუდოა, რომ ეს ისევ და ისევ ომბუდსმენის აპარატისადმი მათი განწყობით აიხსნება და არა რაღაც არარსებული ზეგავლენით ადმინისტრაციის მხრიდან.“.

სპეციალური პენიტენციური სამსახური ამბობს, რომ არანაირი კრიმინალური სუბკულტურა პენიტენციურ დაწესებულებებში არ არსებობს, ხოლო ის პატიმრები, რომლებიც მოისურვებენ სხვა პატიმრებზე გავლენის მოპოვებას, ნახევრად ღია პენიტენციური დაწესებულებებიდან გადაჰყავთ დახურულ დაწესებულებებში, სადაც სხვა პატიმრებისგან იზოლირებულები არიან.

„შესაბამისად, დღეს პენიტენციურ სისტემაში კრიმინალური ავტორიტეტების რაიმე სახის ზეგავლენაზე საუბარი არის სიცრუე და მოცემული ინფორმაციის გავრცელება ემსახურება ერთადერთ მიზანს – საზოგადოების შეცდომაში შეყვანას“.

ციხეებში კრიმინალური სუბკულტურა ხელს გვიშლის მუშაობაში – ომბუდსმენი

მასალების გადაბეჭდვის წესი