ახალი ამბები

ციხეებში კრიმინალური სუბკულტურა ხელს გვიშლის მუშაობაში – ომბუდსმენი

20 იანვარი, 2021 • 1278
ციხეებში კრიმინალური სუბკულტურა ხელს გვიშლის მუშაობაში – ომბუდსმენი

საქართველოს სახალხო დამცველი ამბობს, რომ ციხეებში ე.წ. კრიმინალური სუბკულტურა და არაფორმალური მმართველობა ომბუდსმენის აპარატის თანამშრომლებზე ზეწოლას ახდენს.

დღეს გამართულ ბრიფინგზე ნინო ლომჯარიამ განმარტა, რომ სახალხო დამცველის აპარატის წევრების სამუშაო ვიზიტების დროს ხელს უშლიან პატიმრებთან მუშაობაში, რასაც ციხეების ადმინისტრაცია ხელს უწყობს.

ამის გათვალისწინებით, ლომჯარია ამბობს, რომ ამიერიდან ციხეებში მონიტორინგს სახალხო დამცველი მხოლოდ დამატებითი უსაფრთხოების პირობებში განიხილავს, რაც თავის მხრივ, მუშაობის ეფექტურობას დააზიანებს.

„შარშანდელ ანგარიშში ჩვენ ძალიან დეტალურად ვსაუბრობდით, თუ როგორი ხასიათის ურთიერთობა არსებობს ადმინისტრაციასა და კრიმინალური სუბკულტურის წარმომადგენლებს შორის, რომლებიც მოჩვენებით წესრიგს ამყარებენ ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებებში, ანუ ე.წ. ზონებში.

ეს მხარდაჭერა გამოიხატება, მათ შორის, საჯარო ქმედებებითაც პენიტენციური სამსახურის მხრიდან. თუნდაც, იმ შემთხვევებთან დაკავშირებით, რომელზეც მანამდეც ვისაუბრეთ, თქვენ ნახავდით, როგორი რეაგირება ჰქონდა პენიტენციურ სამსახურს – ის საჯარო განცხადებებით იცავდა პატიმართა აღნიშნულ ჯგუფს და ცდილობდა სახალხო დამცველის საქმიანობის დისკრედიტაციას. ვფიქრობ, ეს განცხადებები არის საჯარო წახალისება და აღიარება კრიმინალური იერარქიის მხარდაჭერის“, – აცხადებს ლომჯარია.

მისივე თქმით, აღნიშნული ზეწოლა საგრძნობია უშუალოდ ციხეების ტერიტორიაზეც:

„ადმინისტრაცია არასდროს ერვეა, როდესაც პატიმართა კონკრეტული ჯგუფი, რომლებიც განმეორებით, ერთი და იგივე ადამიანები უქმნიან საფრხთეს ჩვენს წარმომადგენლებს, არ აძლევენ საშუალებას გაესაუბრონ ექიმებს, პატიმრებს და მათგან მოვისმინოთ პრობლემების შესახებ – ამაში ადმინისტრაცია არ ერევა.

მაშინაც კი, როდესაც ისინი ამ თავდასხმის თვითმხილველები არიან, ისინი არ გვიდასტურებენ და უარს გვეუბნებიან, თუნდაც ხელმოწერით დაადასტურონ, რომ ასეთ ფაქტს ჰქონდა ადგილი“, – ამბობს ლომჯარია და ამატებს, რომ აპარატმა გამოითხოვა ციხეებიდან შემთხვევების ამსახველი ვიდეოები. ის იმედოვნებს, რომ ამაზე რეაგირება ექნება საერთაშორისო ორგანიზაციებსაც.

სახალხო დამცველი რეაგირებისკენ მოუწოდებს როგორც საქართველოს მთავრობას, ასევე, პროკურატურასა და პენიტენციურ სამსახურს.

სახალხო დამცველი ამბობს, რომ ე.წ. ციხის მაყურებლების მიერ ხელის შეშლის შემთხვევებს ადგილი ჰქონდა:

  • 2020 წლის 31 ოქტომბერს და შემდგომ, განმეორებით, 2021 წლის 14 იანვარს, ქსნის N15 დაწესებულებაში, სადაც პატიმართა კონკრეტულმა ჯგუფმა სახალხო დამცველის თანამშრომლებს არ მისცა ჯერ საარჩევნო უფლების რეალიზების პროცესზე დაკვირვების, შემდგომ კი, დაწესებულების ექიმთან გასაუბრების საშუალება. აღნიშნული განსაკუთრებით შემაშფოთებელია იმ ფონზე, როდესაც N15 დაწესებულების ერთ-ერთი პატიმარი რამდენიმე დღის წინ კოვიდ-19-ის გართულებებით გარდაიცვალა და არაერთი პატიმრის ოჯახის წევრმა მოგვმართა პატიმრების მონახულების თხოვნით.
  • 2020 წლის 4 დეკემბერს და 2021 წლის 13 იანვარს გლდანის N8 დაწესებულებაში ერთი და იგივე პატიმარი დაემუქრა სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებს და ციხეში ვიზიტის შეწყვეტა მოთხოვა. N8 დაწესებულება დახურული ტიპის ციხეა და ნიშანდობლივია, რომ აღნიშნული პატიმარი ყოველთვის მაშინ გადაადგილდება ციხის კონკრეტულ ტერიტორიაზე, როდესაც ჩვენი თანამშრომლები დაწესებულებაში ვიზიტს ახორციელებდნენ.
  • რუსთავის N17 დაწესებულებაში 2021 წლის 13 იანვარს სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან აგრესიულად იქცეოდა პატიმართა კონკრეტული ჯგუფი, რომლებიც ასევე მოითხოვდნენ, რომ სახალხო დამცველს შეეწყვიტა ვიზიტები, ვინაიდან ციხეში „ყველაფერი კარგად იყო“.

სახალხო დამცველი მიმართავს:

  • საქართველოს მთავრობას, მიიღოს მყისიერი ზომები ციხეებში კრიმინალური სუბკულტურის მართვის მოდელის შესაცვლელად;
  • საქართველოს იუსტიციის მინისტრს, დაუყონებლივ დააყენოს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორისა და შესაბამისი პენიტენციური დაწესებულებების დირექტორების თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი;
  • საქართველოს პარლამენტს, საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმების გამოყენებით, შეისწავლოს ნახევრად ღია დაწესებულებების მართვის უკანონო მოდელი, რათა ყველა პატიმარს ჰქონდეს მათ პრობლემებზე და უფლებადარღვევებზე მიმართვის შესაძლებლობა შესაბამისი დაწესებულებებისთვის ან ორგანიზაციებისთვის;
  • საქართველოს პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება სახალხო დამცველის საქმიანობის ხელშეშლისა და მუქარის ფაქტებთან დაკავშირებით, რასთან დაკავშირებითაც წინადადება უკვე წარდგენილია პროკურატურაში.

განცხადების სრული ვერსია ნახეთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი