ახალი ამბები

პროკურატურა: მელაშვილი-ილიჩოვას დანაშაულის მოტივი გამოიკვეთა

20 იანვარი, 2021 • 1449
პროკურატურა: მელაშვილი-ილიჩოვას დანაშაულის მოტივი გამოიკვეთა

პროკურატურამ საზღვრის დელიმიტაციის საქმეზე დაკავებულ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბრალი დაუზუსტა.

პროკურორმა მიხეილ სადრაძემ დაკავებიდან თითქმის 4 თვის შემდეგ ბრალის დაზუსტების საფუძვლად დაასახელა ის, რომ ბრალდების მხარეს დღეს უკვე აქვს შესაძლებლობა, თავისუფლად ისაუბროს დანაშაულის მოტივზე.

“დადგენილია, რომ ბრალდებულები მოქმედებდნენ განზრახ, ასევე, ზემდგომი თანამდებობის პირების დავალებების შესაბამისად. ამ გარემოებას ადასტურებს მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, თუმცა ყველაზე მთავარი არის ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები — აუდიო-ვიდეომასალა, რომელიც პრაქტიკულად ვიზუალური დემონსტრაციაა როგორც ამ გარემოების მოტივთან დაკავშირებით, ასევე, ყველა მნიშველოვანი გარემოების, რაც ბრალდებულების ქმედებებს ნარატივად გასდევდა”, – განაცხადა სადრაძემ.

მისი თქმით, ყველა ზემოაღიშნულ გარემოებასთან და მოტივთან დაკავშირებით დოკუმენტური მასალა საზოგადოებას უახლოეს პერიოდში მიეწოდება.

პროკურორის თქმით, ფარულ აუდიო-ვიდეომასალაში მოტივთან დაკავშირებით “ყველაფერი ნათლად არის აღბეჭდილი”, სხვა პირების პასუხისმგებლობის საკითხზე კი საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავეს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის (საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა) პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას, მიმართულს უცხო ქვეყნისათვის მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის გადაცემისკენ ანდა საქართველოს ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფისაკენ. დანაშაული ათიდან თხუთმეტ წლამდე პატიმრობით ისჯება. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ. ოპოზიციური პარტიები და აქტივისტები კი მიუთითებენ, რომ ილიჩოვა და მელაშვილი პოლიტპატიმრები არიან და მათ გათავისუფლებას ითხოვენ, მათ შორის ელჩების შუამავლობით ხელისუფლებასთან მიმდინარე მოლაპარაკებებზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი