სომხური მედიის ცნობით, სომხეთში,  VII-XIII საუკუნეების ამბერდის ციხესიმაგრეში, მიმდინარე სარესტავრაციო და დასუფთავების სამუშაოების დროს არქეოლოგებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი ისტორიული აღმოჩენა გააკეთეს – მათ შორისაა საქართველოს თამარ მეფის მმართველობის პერიოდში მოჭრილი იშვიათი მონეტა, თითქმის სრულად შემონახული ადამიანის ჩონჩხი და შუასაუკუნეების სამაგიდო თამაშის, „ტამას“, ფიგურები.

მედიაგამოცემები ასევე ციტირებენ სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამსახურს, რომლის ინფორმაციით, ადამიანის ჩონჩხი ციხესიმაგრის შიდა კედლის გარე მხარეს, ცენტრალური მონაკვეთის აღმოსავლეთით დაახლოებით ერთი მეტრის დაშორებით აღმოაჩინეს. ძვლების დაახლოებით 90% ადგილზე იყო შემორჩენილი, აკლდა მხოლოდ ხელის თითების ძვლები.

“კბილების მდგომარეობის მიხედვით სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ნეშტი ახალგაზრდა ადამიანს ეკუთვნის. ფეხის ძვლების ანალიზის საფუძველზე მისი სიმაღლე დაახლოებით 180 სანტიმეტრი იყო, რაც იმ ეპოქისთვის საკმაოდ მაღალ მაჩვენებლად მიიჩნევა”.

გათხრებისას ასევე აღმოაჩინეს შუასაუკუნეების სამაგიდო თამაშ „ტამას“ ფიგურები, რომელიც თანამედროვე ჭადრაკს ან შაშს ჰგავს და იმ პერიოდის ყოველდღიური ცხოვრების შესახებ დამატებით ინფორმაციას იძლევა.

სომხეთის კულტურის სამსახურის განცხადებით, განსაკუთრებული მნიშვნელობა კი თამარ მეფის ეპოქის მონეტას ენიჭება, რომელიც ისტორიკოსების შეფასებით, უიშვიათესი არტეფაქტია.

ამბერდის ციხესიმაგრე, რომელიც არაგაწის მთის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან დაახლოებით 2 300 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, სომხეთის ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული შუასაუკუნეების თავდაცვითი ნაგებობაა.

ისტორიული წყაროების შესაბამისად, XII–XIII საუკუნეებში, თამარ მეფის მმართველობის პერიოდში, ციხესიმაგრე სომეხ ზაქარიანთა საგვარეულოს კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა, რომლებიც საქართველოს სამეფოს მფარველობით მართავდნენ ჩრდილოეთ და ცენტრალური სომხეთის დიდ ნაწილს. იმ პერიოდში ამბერდი წარმოადგენდა რეგიონის ერთ-ერთ მთავარ სამხედრო-სტრატეგიულ ცენტრს.

არქეოლოგიური გათხრები და სარესტავრაციო სამუშაოები ამბერდში გრძელდება. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ კვლევების გაგრძელებისას ციხესიმაგრის ისტორიისა და მისი მცხოვრებლების შესახებ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩენები გაკეთდება.