ჟურნალისტი გურამ როგავა ეჭვობს, რომ პირი, რომელსაც პროკურატურამ მასზე თავდამსხმელად გამოაცხადა და ბრალი წაუყენა, რეალურად ის სპეცრაზმელი არ არის, ვინც მასზე იძალადა რუსთაველის გამზირზე, როდესაც საპროტესტო აქციის მსვლელობას აშუქებდა.

გურამ როგავა დღეს მივიდა სასამართლო პროცესზე, რომ ენახა ადამიანი, ვისაც ბრალი წაუყენეს მასზე თავდასხმის საქმეში.

ის ფიქრობს, რომ ბრალდებულის გაბარიტები თავდამსხმელისას არ ემთხვევა.

როგავასთვის ასევე საეჭვო გარემოებაა ის ფაქტი, რომ სპეცრაზმელი უკვე საკანში იჯდა სხვა საქმეზე და მას მოულოდნელად გაუჩნდა სურვილი, რომ ეღიარებინა მასზე თავდასხმაც.

“ამ ერთმა სპეცრაზმელმა ერთ დილასაც (უკვე ციხეში მყოფმა, სხვათა შორის) ციხის კამერაში გაიღვიძა და თქვა, რომ: „მოდი რა, ვაღიარებ გურამ როგავაზე თავდასხმას, დღეს ასეთ ხასიათზე გავიღვიძე“. ეს ხომ აბსურდია?”, – აცხადებს როგავა ტვ პირველთან.

როგავას შეფასებით, მისი გამოუძიებელი საქმე “ოცნებისთვის” თავის ტკივილი იყო საერთაშორისო არენაზე, ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ სცადეს ამ პრობლემის მარტივად მოგვარება – სხვა საქმეზე უკვე დაკავებულ პირს ააღებინეს თავის თავზე ეს დანაშაულიც.

“მე დაახლოებით ერთი კვირაა, რაც დავბრუნდი თბილისში. მანამდე თვენა-ხევრის განმავლობაში ვიმყოფებოდი ჰააგაში, ვიყავი ლუქსემბურგში, ბრიუსელში, სტრასბურგში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, რამდენიმე შტატში. ვგრძნობდი, რომ დამყვებოდა სუსი. მათ იციან, ჩვენ რა შეხვედრები გვაქვს, მათ იციან ამ საქმეების ძალა სანქციების ჭრილში. მაკას [ჩიხლაძე] საქმე, ჩემი საქმე, სხვა გახმაურებული საქმეები შესაძლოა საფუძვლად დაედოს ახალ სანქციებს და ივანიშვილმა ახლა მოიფიქრა, რომ „მოდი რა, ვიღაცას შევტენი ამ საქმეს, ავაკიდებინებ საკუთარ თავზე, ვითომ გამოვიძიე და მერე პარტნიორები ხომ ვერაფერს ვეღარ მომთხოვენ, მეტყვიან, რომ არ იძიებენო“, – ამბობს როგავა.

როგორც ცნობილია, სანამ გამოძიება როგავაზე თავდასხმის საქმეს გამოძიებულად გამოაცხადებდა, მისმა ყოფილმა თანაწამყვანმა ელისო ჯარიაშვილმა “ფორმულაზე” უჩვენა ჟურნალისტური გამოძიება და მიანიშნა სპეცრაზმელზე, რომელიც სავარაუდოდ იყო როგავაზე თავდამსხმელი. როგავას შეფასებით, საეჭვოა, რომ ეს სპეცრაზმელი არც კი დაუკითხავთ, ისე დაუჯერეს მეორე სპეცრაზმელის “აღიარებით ჩვენებას”.

“ის პირი, რომელიც ელისო ჯარიაშვილის პირველ რეპორტაჟში იყო დასახელებული, როგორც ჩემზე თავდამსხმელი, არც კი გამოუკითხავს გამოძიებას. მიუხედავად იმისა, რომ გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ მე და ელისო დაგვიბარეს პროკურატურაში, ჩვენ გამოძიებას მივაწოდეთ მისი პირადი მონაცემები: სახელი, გვარი, საცხოვრებელი მისამართი, თანამდებობა, ახლა რას აკეთებს, მისი ოჯახის წევრები… ყველაფერი ვიცით მასზე და ვუთხარით, რომ გამოკითხეთ ეს პირი. დღემდე არ არის გამოკითხული — ასეთია ელისო ჯარიაშვილის წყაროს ინფორმაცია საქმის მასალებთან დაკავშირებით”, – ამბობს როგავა.

“მოკლედ, ახლა არის კითხვები: რატომ გაწირეს სხვა ადამიანი, თუ ის ნამდვილად არ არის ჩემზე თავდამსხმელი? რატომ აღიარებინეს მას და რის საფუძველზე ეს ბრალი? რა თქმა უნდა, საერთაშორისო პარტნიორებისთვის ივანიშვილს სჭირდებოდა ეს საქმე, რომ თვალის ახვევის, თვალებში ნაცრის შეყრის ფუნქცია ჰქონოდა, რომ ვითომ იძიებს საქმეებს. მაგრამ მართლა რატომ არ გამოიძია? რეალური თავდამსხმელი რატომ არ დააკავა? რატომ სარგებლობს ის გავლენებით და ხელშეუხებლობის გარანტიით, თუ ეს ასეა”, – აცხადებს როგავა.

7 მაისს პროკურატურამ განაცხადა, რომ 2024 წელს მიმდინარე აქციების დროს, ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე იდენტიფიცირებული და დაკავებულია სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი, ასევე, ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოქმედი თანამშრომელი.

გენერალური პროკურორის განცხადებით, ხუთი ბრალდებულიდან ორი პირი უკვე იმყოფება პატიმრობაში სხვა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით, ხოლო სამი ბრალდებული 7 მაისს დააკავეს.

ხუთივე დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით აქვთს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას გულისხმობს. ხოლო როგავას ეპიზოდზე დაკავებულ პირს დამატებით  ბრალად ედება 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობით, უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს. წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.