ახალი ამბები

კაცი “კორონავირუსის შიშით” 3 თვე ჩიკაგოს აეროპორტში ცხოვრობდა

18 იანვარი, 2021 •
კაცი “კორონავირუსის შიშით” 3 თვე ჩიკაგოს აეროპორტში ცხოვრობდა

ჩიკაგოს საერთაშორისო აეროპორტის დაცულ სექციაში კაცი 3 თვის განმავლობაში ცხოვრობდა. როგორც The Guardian არაერთ წყაროზე დაყრდნობით წერს, 36 წლის პირი აცხადებს, რომ კორონავირუსის გამო ლოს ანჯელესში დაბრუნების ეშინოდა.

პროკურატურის განცხადებით, ადიტია სინი გასულ კვირას დააპატიმრეს აეოპორტის დაცულ ნაწილში უკანონოდ შეჭრის ბრალდებით. მას ასევე ბრალს სდებენ ქურდობასა და ხულიგნობაში.

უწყებისვე განცხადებით, ბრალდებული ჩიკაგოში 19 ოქტომბერს ჩაფრინდა, 3 თვის შემდეგ კი აეროპორტის თანამშრომელმა შენიშნა, რომელმაც მას დოკუმენტაციის ჩვენება მოსთხოვა. გამოცემა წერს რომ სინმა თანამშრომელს აეროპორტის ID ბარათი წარუდგინა, რომლის დაკარგვის შესახებაც დოკუმენტის რელაურ მფლობელს გაცხადებული ჰქონდა.

აღნიშნულის შემდეგ აეროპორტის თანამშრომლები სამართალდამცავებს დაუკავშირდნენ და კვირა დილით დააკავეს. დაკავებული კაცი, The Guardian-ის ცნობით, ლოს ანჯელესში ცხოვრობს და ამჟამად უმუშევარია.

შტატის პროკურორის მოადგილის თქმით, კაცს საკვებს სხვა მგზავრები აწვდიდნენ და დააშაულებრივი წარსული არ აქვს. მისი თქმით, ბრალდებული აცხადებს, რომ თანამშრომლის საშვი აეროპორტში იპოვა და COVID-ის გამო შინ დაბრუნების ეშინოდა.

36 წლის კაცს 1 000 აშშ დოლარის ოდენობით გირაო შეეფარდა და აეროპორტში შესვლა აუკრძალეს. ჩიკაგოს ავიაციის დეპარტამენტის თქმით, აეროპორტების დაცულობა და უსაფრთხოება მათი პრიორიტეტია და გამოძიების ფარგლებში სამართალდამცავებთან თანამშრომლობის შედეგად დაადგინეს, რომ აღნიშნული პირი აეროპორტისა და მგზავრებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა, პოლიციასთან თანამშრომლობას კი აღნიშნული საქმის ფარგლებში გააგრძელებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი