ახალი ამბები

გახსნის პროცედურები განათლების სისტემით უნდა დაიწყოს – გამყრელიძე

18 იანვარი, 2021 • 1989
გახსნის პროცედურები განათლების სისტემით უნდა დაიწყოს – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ მთავრობა მუშაობს პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების გეგმაზე, რომელიც მიმდინარე კვირაში გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი.

გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, რომ ე.წ. გახსნის ღონისძიებები ეპიდემიოლოგიური ვითარების მკაცრი კონტროლის პირობებში მოხდება და მისი აზრით, აღნიშნული უნდა დაიწყოს განათლების სისტემით:

“განიხილება ეტაპობრივი გახსნა სხვადასხვა ბიზნესების მკაცრი ეპიდვითარების კონტორლის ფონზე. გეგმა იქნება 2-3 დღეში, ოღონდ, მკაცრი მონიტორინგის ფონზე. ხედავთ, რაც ხდება ევროპაში, იკეტება ბევრგან იმიტომ, რომ მესამე ტალღის საშიშროება არსებობს.

[…] ჩემი მოსაზრებაა, რომ გახსნის პროცედურები უნდა დაიწყოს განათლების სისტემით.[…] ზოგადად, დადებითობის მაჩვენებლი 5%-ზე, და კიდევ უკეთესი, 3%-ზე თუ ჩამოვა, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უფრო აქტიურად შეგვეძლება გახსნის პროცედურების განხორციელება “,- აღნიშნავს ამირან გამყრელიძე.

საქართველოს საჯარო სკოლებში სწავლა 18 იანვარს განახლდა. საქართველოს დიდ ქალაქებში – თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ზუგდიდსა და ფოთში- სწავლა ისევ ონლაინ მიმდინარეობს, სხვა მუნიციპალიტეტებში – არადისტანციურად.

მასალების გადაბეჭდვის წესი