ახალი ამბები

ახალი აღმოჩენები ეგვიპტეში: რას მიაკვლიეს არქეოლოგებმა

18 იანვარი, 2021 • 1910
ახალი აღმოჩენები ეგვიპტეში: რას მიაკვლიეს არქეოლოგებმა

ათეულობით სამარხი, დედოფლის სულის უკვდავსაყოფად აგებული ტაძარი, დასაკრძალი ნიღბები და მოხატულობები და ამონარიდები “მკვდართა წიგნიდან” – ამ ყველაფერს მიაგნეს ეგვიპტის დედაქალაქიდან 32 კილომეტრში, საკარის ნეკროპოლისში. მისიის ხელმძღვანელი ვარაუდობს, რომ არქეოლოგიური აღმოჩენა “ეგვიპტის ახალი სამეფოს ისტორიას გადაწერს”.

არქეოლოგიური გათხრები ჩატარდა საკარის ტერიტორიაზე, სადაც ძველი ეგვიპტის დედაქალაქის, მემფისის მცხოვრებლებს კრძალავდნენ. ის პირამიდებისა და სალოცავების სიმრავლით გამოირჩევა. ამჯერად, არქეოლოგები  მუშაობდნენ VI დინასტიის პირველი ფარაონის, მეფე ტეტის პირამიდის სიახლოვეს.

არქეოლოგიური მისიის ხელმძღვანელი, ეგვიპტოლოგი ზაჰი ჰავასი ახალი აღმოჩენებიდან გამოარჩევს დედოფალ ნაერტის – მეფე ტეტის მეუღლის – სულის უკვდავსაყოფად აგებულ ტაძარს. ამავე ტერიტორიაზე მიაგნეს გამოუწვავი აგურით აგებულ სამ საწყობს, რომლებშიც ტაძრის ინვენტარი და შემოწირულობები ინახებოდა.

გათხრების პროცესში არქეოლოგებმა მიაგნეს 52 სამარხს 10-12 მეტრის სიღრმეზე. სამარხებში იპოვეს 50 სარკოფაგი, რომლებიც ახალი სამეფოს პერიოდით თარიღდება. ეგვიპტის ტურიზმის სამინისტროს ინფორმაციით, ეს პირველი შემთხვევაა, როცა საკარის ტერიტორიაზე 3 000 წლის წინანდელი სარკოფაგები აღმოჩნდა.

სარკოფაგები განსაკუთრებული ვიზუალით გამოირჩევა: მათზე გამოსახულია ღმერთებისადმი თაყვანისცემის სცენები, “მკვდართა წიგნის” სხვადასხვა ამონარიდთან ერთად. როგორც ცნობილია, ძველეგვიპტელებს სწამდათ, რომ ამ უკანასკნელი ამონარიდების ხის კუბოებზე დატანით მიცვალებულს იმქვეყნად “მოგზაურობის” პროცესში დაეხმარებოდნენ.

“აღმოჩენა ცხადყოფს, რომ საკარაში ადამიანებს ასაფლავებდნენ არა მხოლოდ გვიანი პერიოდის[ძვ.წ. XVI-XI საუკუნეები], არამედ ახალი სამეფოს[ძვ.წ. 1550-1070] დროსაც”, – აღნიშნავს სამინისტრო.

ხსენებულ აღმოჩენებთან ერთად, არქეოლოგებმა ასევე მიაკვლიეს ე.წ. დასაკრძალ ნიღბებს, ღმერთ ანუბისის სალოცავსა და ფრინველის ფორმის არტეფაქტებს.

როგორც მისიის ხელმძღვანელი აღნიშნავს, აღმოჩენები “[საკარის] რეგიონის ისტორიას გადაწერს”. განსაკუთრებით ეს ეხება ახალი სამეფოს მე-18 და მე-19 დინასტიების პერიოდს, როდესაც ძველეგვიპტელები ზემოხსენებულ მეფე ტეტის ეთაყვანებოდნენ და ადამიანებს სწორედ მისი პირამიდის გარშემო მარხავდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი