ახალი ამბები

აზერბაიჯანი ჩინური ვაქცინით მოსახლეობის აცრას შემდეგი კვირიდან იწყებს

15 იანვარი, 2021 • 2002
აზერბაიჯანი ჩინური ვაქცინით მოსახლეობის აცრას შემდეგი კვირიდან იწყებს

აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა იბრაჰიმ მამედოვმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა შეისყიდა ჩინური “სინოვაკის” ვაქცინა. მასობრივი ვაქცინაცია კი შემდეგი კვირიდან დაიწყება. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

როგორც მამედოვმა განაცხადა, მათ იგივე ვაქცინა შეიძინეს, რაც თურქეთმა. აზერბაიჯანის ხელისუფლებაში სჯერათ, რომ ჩინური წარმოების ვაქცინის ეფექტიანობა 90%-ს აჭარბებს.

“სინოვაკის” ვაქცინით საყოველთაო ვაქცინაცია უკვე დაიწყო თურქეთმაც. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ვაქცინა საჯაროდ გაიკეთა.

ჯერჯერობით ჩინურ ვაქცინებს, მათ შორის, “სინოვაკს”, არ მიუღიათ ევროპული და ამერიკული მარეგულირებლების ან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ნებართვა. გარდა ამისა, გუშინ ცნობილი გახდა, რომ “სინოვაკის” ვაქცინის ეფექტიანობა, ბრაზილიაში ჩატარებული კვლევის მიხედვით, არ სცდება 50.4%-ს. აღნიშულმა კვლევამ განსხვავებული შედეგები აჩვენა სხვადასხვა ქვეყანაში, მაგრამ მწარმოებელს განმარტება არ გაუკეთებია ამის შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი