ახალი ამბები

ჩინეთში 8 თვის შემდეგ კორონავირუსით პირველი ადამიანი გარდაიცვალა

14 იანვარი, 2021 • 622
ჩინეთში 8 თვის შემდეგ კორონავირუსით პირველი ადამიანი გარდაიცვალა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში 2020 წლის მაისის შემდეგ კორონავირუსით პირველი ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას the Guardian ავრცელებს.

ხელისუფლებას არ გაუვრცელებია სხვა დეტალები გარდაცვლილი ადამიანის შესახებ, გარდა იმისა, რომ იგი ჰუბეის პროვინციიდან იყო, რომელიც ამჟამად ვირუსის გავრცელების ერთ-ერთი მთავარი კერაა.

ბოლო 24 საათში ჩინეთში სულ გამოვლინდა ვირუსით სიმპტომური ინფიცირების 138 და ასიმპტომური ინფიცირების 78 შემთხვევა, რომელსაც ჩინეთში ცალკე ითვლიან. რიცხვი ჩინეთისთვის საკმაოდ მაღალია. ქვეყანაში ინფიცირების მსგავსი რაოდენობა, რაც ბოლო დღეების განმავლობაშია, გასული წლის მარტის შემდეგ არ დაფიქსირებულა.

აღნიშნული 138 შემთხვევიდან 124 შემთხვევაში ვირუსი ადგილობრივი გადადებით გავრცელდა. 81 შენთხვევა დაფიქსირდა ჰუბეის, ხოლო 43 ხეილუნძიანის პროვინციაში.

საპასუხოდ ჩინეთის მთავრობამ აღნიშნული პროვინციების მთავარი ქალაქების ნაწილი სრულ იზოლაციაში მოათავსა. ჰუბეის პროვინციაში მცხოვრებლებს დედაქალაქ პეკინში ჩასასვლელად ვირუსის კვლევაზე ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხი და პეკინში მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი სჭირდებათ. ლოქდაუნში ათობით მილიონი მოქალაქე იმყოფება.


დიდხნიანი მოლაპარაკებებისა და პირველად შეფერხებული ვიზიტის შემდეგ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კორონავირუსის საგამოძიებო გუნდი ჩინეთში ჩავიდა. მეცნიერებისგან დაკომპლექტებული კომისია ქვეყანაში ვირუსის წარმოშობისა და ადამიანზე გადადების ფაქტს ქალაქ ვუჰანში შეისწავლის.

მასალების გადაბეჭდვის წესი