ახალი ამბები

ქვეყანას, სადაც ახალგაზრდებს ლოცვისათვის თავს უტეხავენ, მომავალი არა აქვს! – სონღულაშვილი

13 იანვარი, 2021 •
ქვეყანას, სადაც ახალგაზრდებს ლოცვისათვის თავს უტეხავენ, მომავალი არა აქვს! – სონღულაშვილი

საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის თბილელი მიტროპოლიტი მალხაზ სონღულაშვილი მიიჩნევს, რომ “ქვეყანას, სადაც ახალგაზრდებს ლოცვისათვის თავს უტეხავენ, მომავალი არა აქვს”. სასულიერო პირი ასე გამოეხმაურა ჩოხატაურის სოფელ ბუკნარში მომხდასრ დაპირისპირებას, რა დროსაც ადგილობრივი ქრისტიანები ადგილობრივ მუსლიმებს დაუპირისპირდნენ.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში მცხოვრები მუსლიმები და ქრისტიანები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. როგორც ბუკნარში მცხოვრები მუსლიმები ამბობენ, ისინი ითხოვენ სალოცავის მშენებლობას, რასაც ეწინააღმეგებიან ადგილობრივი ქრისტიანები და პერიოდულად სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ, რაც 12 იანვარს ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

“ადამიანისმოძულეობისა და ირაციონალური შიშის ურჩხულმა კიდევ ერთხელ წამოყო თავი საქართველოში. ქვეყანაში, რომელიც დეკლარირებულად ევროპული ორიენტაციისაა, ახალგაზრდებს თავს უტეხენ ლოცვის გამო.

საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპატის სახელით, ბოდიშს ვუხდით ქართველ მუსლიმებს, რომ მათ კიდევ ერთხელ მიაყენეს შეურაცხყოფა ღმერთისა და ქრისტიანობის სახელით. ძალიან ვწუხვართ, და ვთხოვთ მათ, რომ თუ შეუძლიათ, იმ ღმერთის სახელით, რომელც მუსლიმებს, ქრისტიანებსა და ებრალებს საერთო გვყავს, კიდევ ერთხელ გვაპატიოთ ეს დანაშაული, რომელიც კიდევ ერთი უკიდურესად სამარცხვინო ლაქაა საქართველოს ინტერრელიგიურ რეალობაში”, — ნათქვამია მიტროპოლიტ მალხაზ სონღულაშვილის განცხადებაში.

სასულიერო პირი მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გამოიძიოს და სამართლებრივი რეაგირება მოახდინოს არა მარტო ბუკნარში მომხდარ ინციდენტზე, არამედ ყველა იმ ინციდენტზე, რომელიც დღემდე მომხდარა და რომელშიც ხელისუფლებაც ყოფილა პირდაპირ თუ ირიბად ჩარეული.

“ისტორია არ გვაპატიებს არც თქვენ და არც ჩვენს კულტურას ფობიების გაღვივებასა და ხელშეწყობას, თუ მოქმედებით თუ უმოქმედობით.

ჩვენ ასევე მივმართავთ ჩვენი ქვეყნის იმ მოქალაქეებს, რომლებიც წააქეზეს მუსლიმების წინააღმდეგ: ეს ქვეყანა ყველასია, ამ ქვეყანაში ყველას აქვს თავის რწმენის აღმსარებლობის უფლება, ყველას აქვს უფლება, თავისი საკულტო ნაგებობა ისე მოაწყოს და ისე ააშენოს, როგორც ამას მისი რელიგია ითხოვს. საქართველო არ არის დაყოფილი მუსლიმებისა და ქრისტიანების მიწებად. ეს ქვეყანა საქრთველოს მოქალაქეებისაა, მათი რწმენის, ეთნიკური წარმომავლობისა და კულტურის მიუხედავად.

ჩვენ მივმართავთ ასევე იმ სარწმუნოების მესვეურებს, რომელთანაც თავს აიგივებენ სხვადასხვა ჯურის რელიგიური მოძალადეები: დაგმეთ საჯაროდ ძალადობა და ხელს ნუ შეუწყობთ საქართველოს მოქალაქეებს შორის შუღლის გაღვივებას. ეს თქვენი უწმიდესი მოვალეობაა”, — აცხადებს სონღულაშვილი.

EMC ხელისუფლებას ბუკნარში რელიგიური დაპირისპირების დეესკალაციისკენ მოუწოდებს

მასალების გადაბეჭდვის წესი