ახალი ამბები

EMC ხელისუფლებას ბუკნარში რელიგიური დაპირისპირების დეესკალაციისკენ მოუწოდებს

13 იანვარი, 2021 • 1346
EMC ხელისუფლებას ბუკნარში რელიგიური დაპირისპირების დეესკალაციისკენ მოუწოდებს

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) სოფელ ბუკნარში მომხდარ რელიგიურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მოუწოდებს კონფლიქტის დეესკალაციისკენ. ორგანიზაციის განცხადებით, სახელმწიფო უწყებებმა ადამიანის უფლებების დასაცავად ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგან.

ჩოხატაურის რაიონის სოფელ ბუკნარში მცხოვრები მუსლიმები და ქრისტიანები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. როგორც ბუკნარში მცხოვრები მუსლიმები ამბობენ, ისინი ითხოვენ სალოცავის მშენებლობას, რასაც ეწინააღმეგებიან ადგილობრივი ქრისტიანები და პერიოდულად სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ, რაც 12 იანვარს ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

როგორც EMC აცხადებს, ჩოხატაურში, სოფელ ბუკნარში რელიგიური დაპირისპირების საკითხი პირველადად შეისწავლეს როგორც მედიაში გავრცელებული ინფორმაციის, ასევე, ადგილობრივ თემის ლიდერებთან ჩაწერილი ინტერვიუების საფუძველზე.

EMC-ის განცხადების მიხედვით:

“სოფელ ბუკნარში მუსლიმი თემი უკვე რამდენიმე ათეული წელია ცხოვრობს, სადაც ისინი გურიისა და აჭარის მაღალმთიანი სოფლებიდან სხვადასხვა პერიოდში (პირველად 50-70 წლების წინ) დასახლდნენ. ამ დროისთვის ისინი ადგილობრივი თემის ნახევარს წარმოადგენენ. მუსლიმი თემი 2007 წლიდან ითხოვს მეჩეთის მშენებლობას სოფელში, თუმცა ისინი დაბრკოლებებს წააწყდნენ და მეჩეთის სივრცის ორგანიზება ვერ მოხერხდა.

დაახლოებით 10 თვის წინ ადგილობრივმა თემმა სოფელში მუსლიმი მეზობლისგან, რომელიც წალკაში გადავიდა საცხოვრებლად, კერძო სახლი შეიძინა და ამ სივრცეში მალევე რელიგიური პრაქტიკის აღსრულება დაიწყო. მუსლიმების თქმით, ისინი მინარეთის აღმართვას არ აპირებენ და მაქსიმალურად ცდილობდნენ მთელი ეს დრო მეზობელი ქრისტიანების „არგაღიზიანებას“. თუმცა მათი მხრიდან ლოცვის სივრცის ორგანიზებას ადგილობრივი ქრისტიანების უკმაყოფილება მოჰყვა.

მუსლიმების განმარტებით, ადგილობრივი ქრისტიანი თემის ზოგიერთი წარმომადგენელი მათ ლოცვის შესაძლებლობას არ აძლევს და აცხადებენ, რომ მუსლიმები ამ სოფელში “ჩამოსახლებულები” არიან და მათ მეჩეთის გახსნის უფლება „ქრისტიანულ მიწაზე“ არ აქვთ. კონფლიქტი ამ საკითხზე დაახლოებით 1 თვის წინ დაიწყო და მას მეზობელ თემებს შორის ძირითადად სიტყვიერი შელაპარაკების და გარჩევის ფორმა ჰქონდა. სამწუხაროდ, 2020 წლის 11-12 იანვარს კონფლიქტმა ფიზიკური დაპირსპირების ფორმა მიიღო. გუშინ კი, მეზობლებს შორის მომხდარი ურთიერთშელაპარაკების დროს, მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს სამ მუსლიმს, მათ შორის, მუსლიმ ბავშვებს. დაშავებულები მიღებული არაერთი დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც ორგანიზაცია აცხადებს, მეჩეთის გარშემო შექმნილი კონფლიქტის თაობაზე ადგილობრივი თვითმმართველობა ინფორმირებული იყო, თუმცა, “როგორც ჩანს, მისი გადაჭრისთვის სათანადო ღონისძიებები არ მიუღია”.

“მუსლიმი თემის განმარტებით, ჩოხატაურის მერმა ადგილობრივ თემებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა და მეჩეთისთვის განკუთვნილი კერძო სახლის 3 მუსლიმის და 3 ქრისტიანის ერთობლივ საკუთრებაში გადაცემის რეკომენდაცია მისცა. ცხადია, ეს პირობა მუსლიმი თემისთვის მისაღები არ აღმოჩნდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, მომხდარი ძალადობის ფაქტზე 1 ადამიანი დააკავეს. დღეს, 12 საათზე დაგეგმილია ადგილობრივი თემის ლიდერების შეხვედრა გუბერნატორთან კონფლიქტის მოგვარების მიზნით.

როგორც ზემოთ წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები აჩვენებს, გამოვლენილ ინციდენტებში ორი ძირითადი სამართლებრივი საკითხი იკვეთება. 1. ძალადობის შემთხვევა დაზარალებული მუსლიმი პირების მიმართ, რომელიც დროულ და ეფექტიან სამართლებრივ რეაგირებას ითხოვს და 2. სალოცავი სივრცის ფუნქციონირებისთვის უსაფრთხო და მშვიდობიანი პირობების შექმნა, რომელიც მუსლიმი თემის შევიწროებისა და დევნის ინციდენტების ეფექტიან აღკვეთას საჭიროებს”, – აცხადებს EMC.

არასამთავრობო ორგანიზაციის განმარტებით, კერძო საცხოვრებელ სახლში რელიგიური სივრცის ორგანიზება, როცა ის რაიმე სამშენებლო ინტერვენციას არ საჭიროებს, სამართლებრივ რეგულირებას ან ნებართვას არ ექვემდებარება (რელიგიური ნაგებობების მშენებლობასთან/რეკონსტრუქციასთან დაკავშირებითაც კი მოქმედი კანონმდებლობა რელიგიურად ნეიტრალურ პროცედურებს ითვალისწინებს და საკულტო ნაგებობის მშენებლობისთვის სპეციალურ შეზღუდვებსა და პირობებს არ აწესებს), შესაბამისად, 12 იანვარს ადგილობრივი თვითმმათველობის წარმომადგენლის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ ლოცვა კანონით დადგენილი წესით და შეთანხმებით მოწყობილ საკულტო ნაგებობაში უნდა მოხდეს, EMC-ის შეფასებით, სამართლებრივად ზუსტი და ადეკვატური არ არის.

ბუკნარში მომხდარი დაპირისპირების კონტექსტში, EMC იხსენებს პრობლემათა ჯაჭვს, რომელსაც ქართველი მუსლიმი თემი ბოლო წლებში წააწყდა, კერძოდ, ნიგვზიანში (2012), წინწყაროში (2013), სამთაწყაროში (2013), ჭელაში (2013), ქობულეთში (2014), მოხესა (2014) და ადიგენში (2016). უფლებადაცვითი ორგანიზაციის განცხადებით, ყველა ამ კონფლიქტს საერთო სოციალური და კულტურული მიზეზები და კონტექსტები ჰქონდა. კონკრეტულად, კონფლიქტი ხდებოდა ეკომიგრანტი ოჯახებით დასახლებულ მულტირელიგიურ და ზოგჯერ მულტიეთნიკურ თემებში, სადაც ადგილობრივი თემების თანაცხოვრების საერთო მეხსიერება და ტრადიცია არ არსებობდა.

“ამასთან, კონფლიქტები ძირითადად ხელისუფლების ტრანზიციის ან არჩევნების კონტექსტს ებმოდა და ადგილობრივი თემების მხრიდან რელიგიის თავისუფლებით სარგებლობის ახალი შესაძლებლობების არსებობის რწმენას და განცდას უკავშირდებოდა. ყველა შემთხვევაში ადგილობრივი ქრისტიანი თემის რიტორიკა ეთნორელიგიური ნაციონალიზმის პარადიგმას ეფუძნებოდა და “ქართულ მიწაზე” ისლამის პრაქტიკის დაუშვებლობის ისლამოფობიურ/ზოგჯერ თურქოფობიურ სენტიმენტებზე იდგა. ეს რიტორიკა კიდევ უფრო მძიმედ ვლინდება ქართველი მუსლიმი თემის მიმართ, რომელიც ეთნიკურად ქართველია და სწორედ ამიტომ მათი ისლამური თვითიდენტიფიკაცია გაბატონებული ეთნორელიგიური ნაციონალიზმის ჩარჩოსთვის ორმაგად მიუღებელი ხდება.

აღნიშნული კონფლიქტების ანალიზი აჩვენებს, რომ არცერთ შემთხვევაზე სახელმწიფოს სათანადო სამართლებრივი რეაგირება არ მოუხდენია, რაც მთლიანობაში დაუსჯელობის წახალისებას და ნორმალიზებას იწვევდა. უფრო მეტიც, ზოგიერთ შემთხვევაში თავად პოლიცია უშუალოდ მონაწილეობდა ადგილობრივი მუსლიმი თემების წინააღმდეგ ორგანიზებულ მასშტაბურ ძალადობრივ ღონისძიებებში. სოფელ ჭელასა და სოფელ მოხეში შსს-მ მასშტაბური საპოლიციო ღონისძიება დააორგანიზა, რასაც მინარეთის უკანონო მოჭრისა და ისტორიული მეჩეთის დემონტაჟის გამო ადგილზე მობილიზებული უკმაყოფილო მუსლიმი გლეხების ცემა და დაკავება მოჰყვა.

უნდა ითქვას, რომ აღნიშნული კონფლიქტების ნაწილი ამ დრომდე გადაუჭრელია და მუსლიმი თემი ვერ ახერხებს საკუთარი უფლებების სათანადო რეალიზებას (მათ შორის, ქობულეთში, მოხეში, სამთაწყაროში). ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტის გამოცდილების მქონე თემებში ამ დრომდე ჩანს გაუცხოებისა და უნდობლობის გამოცდილება, სახელმწიფოს არ მიუღია სპეციალური პოზიტიური ზომები, რომელიც ნდობის აღდგენის, კონფლიქტის ტრანსფორმაციისა და მულტიკულტურული გარემოს შექმნისკენ იქნებოდა მიმართული”, – აცხადებს EMC.

მათივე შეფასებით, “რელიგიური კონფლიქტების ეს ჯაჭვი და სახელმწიფოს არასეკულარული და უთანასწორო პოლიტიკა არადომინანტურ რელიგიურ ჯგუფებისთვის გამაუცხოებელ და გამრიყავ პოლიტიკურ და სოციალურ გარემოს ქმნის, რომელიც ხელს უშლის თანასწორი, დემოკრატიული და სოლიდარული საზოგადოების მშენებლობას. ამავდროულად, მუსლიმ თემში ტრავმატულ მეხსიერებას და გამოცდილებას ქმნის, რომელიც სოციალურ ფრუსტრაციას და მეორეხარისხოვან მოქალაქედ ყოფნის განცდას აძლიერებს.”

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, EMC მოუწოდებს:

შინაგან საქმეთა სამინსტროს:

მიიღოს სათანადო ზომები ძალადობრივი პრაქტიკის პრევენციის, კონფლიქტის დეესკალაციისა და მომხდარზე დროული და ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით.

გაატაროს ყველა რელევანტური ღონისძიება მეჩეთის სივრცეში მუსლიმების მხრიდან ღვთისმსახურების უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარებისთვის.

ადგილობრივ თვითმმართველობას და მთავრობის ადმინისტრაციაში ადამიანის უფლებებზე პასუხისმგებელ აქტორებს:

შეიმუშაოს სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ადგილობრივ თემში კონფლიქტის ტრანსფორმაციის მიზნით, რომელიც ერთი მხრივ, განუხრელად დაიცავს მუსლიმი თემის რელიგიის თავისუფლებას და უპასუხებს მათ საჭიროებს სოფელში მეჩეთის სივრცის არსებობის შესახებ, მეორე მხრივ კი, ადგილობრივ თემებს შორის ნდობის აღდგენას, მშვიდობიან, სოლიდარულ და თანასწორ გარემოში გრძელვადიან თანაცხოვრებას შეუწყობს ხელს.

EMC გამოხატავს მზადყოფნას, დაიცვას დაზარალებული პირების და ადგილობრივი მუსლიმი თემის სამართლებრივი ინტერესები და მხარი დაუჭიროს სახელმწიფოს კონფლიქტის ტრანსფორმაციასთან დაკავშირებული პოზიტიური ნაბიჯების დაგეგმვასა და განხორციელებაში.

მთავარ ფოტოზე: სოფელი ბუკნარი/გურიის მოამბე

მასალების გადაბეჭდვის წესი