ახალი ამბები

17 იანვარს მოსკოვში დავბრუნდები – ნავალნი

13 იანვარი, 2021 • 1104
17 იანვარს მოსკოვში დავბრუნდები – ნავალნი

რუსი ოპოზიცონერი და პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი ამბობს, რომ 17 იანვარს მოსკოვში ბრუნდება.

ნავალნი ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ მიუხედავად მის წინააღმდეგ აღძრული საქმეებისა და მოსალოდნელი პატიმრობისა, მისთვის სამშობლოში დაბრუნების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ არასდროს მდგარა.

„მე გადავრჩი. ახლა კი პუტინი, რომელმაც ჩემი მკვლელობის ბრძანება გასცა, ყვირის თავის ბუნკერში და უბრძანებს თავის მსახურებს, გააკეთოს ყველაფერი, რათა მე არ დავბრუნდე. მსახურები კი ისე იქცევიან, როგორც ყოველთვის: თხზავენ ახალ საქმეებს ჩემ წინააღმდეგ.

ისინი რას აკეთებენ, მე არ მაინტერესებს. რუსეთი ჩემი ქვეყანაა, მოსკოვი – ჩემი ქალაქი. მე ისინი მენატრებიან. ამიტომ დღეს შევედი კომპანია „პობედას“ საიტზე და ვიყიდე ბილეთები. 17 იანვარს, კვირას, მე დავბრუნები სახლში „პობედას“ [რუსულად გამარჯვება] რეისით. დამხვდით“, – ნათქვამია ნავალნის განცხადებაში.

რუსეთში ნავალნის წინააღმდეგ მართლაც არის აღძრული საქმეები, ერთ-ერთის თანახმად, პროკურატურა მას 4.8$ მილიონის უკანონოდ დაუფლებას ედავება.

მანამდე კი რუსეთის პენიტენციურმა სამსახურმა ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნს ულტიმატუმი წაუყენა: სასწრაფოდ დაბრუნდეს გერმანიიდან და 29 დეკემბრის დილას მოსკოვში გამოცხადდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი ამის შემდეგ მოინდომებს ქვეყანაში დაბრუნებას, პატიმრობა დაემუქრება.


ალექსეი ნავალნი აგვისტოს თვეში მოწამლეს. იგი 20 აგვისტოს უგონო მდგომარეობაში ომსკის პირველ საავადმყოფოში მიიყვანეს. ნავალნის ფრენისას გული წაუვიდა.

მისი მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ ნავალნი რეანიმაციაში ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე მიაერთეს. მიუხედავად მძიმე მდგომარეობისა და საერთაშორისო გამოხმაურებისა, ნავალნის რუსეთიდან 2 დღეს არ უშვებდნენ. საბოლოოდ, 22 აგვისტოს, ნავალნი გერმანიაში გადაიყვანეს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა და მხარდამჭერებმა ეს უკანასკნელი მოითხოვეს და სპეციალური რეისი დააორგანიზეს.

22 აგვისტოს ნავალნი ბერლინში, კლინიკა Charité-ში გადაიყვანეს. კლინიკამ დაადასტურა, რომ ნავალნი მოწამლეს.

რუსმა ოპოზიციონერმა 21 დეკემბერს Youtube-ში გაავრცელა ვიდეო, სადაც, მისი თქმით, ურეკავს რუსეთის სპეციალური სამსახურის ერთ-ერთ თანამშრომელს, კონსტანტინ კუდრიავცევს, რომელსაც თავი უსაფრთხოების საბჭოს თანამშრომლად წარუდგინა. ნავალნის განცხადებით, კუდრიავცევმა აღიარა, რომ მას ნავალნის მკვლელობა ქონდა დავალებული.

ნავალნი „ეფესბემ“ ნოვიჩოკით მოწამლა | bellingcat-ის გამოძიება

მასალების გადაბეჭდვის წესი