ახალი ამბები

სწრაფად დაბრუნება ან ციხე – მოსკოვი ნავალნის ულტიმატუმს უყენებს

28 დეკემბერი, 2020 • 1507
სწრაფად დაბრუნება ან ციხე – მოსკოვი ნავალნის ულტიმატუმს უყენებს

რუსეთის პენიტენციური სამსახური ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის ულტიმატუმს უყენებს: სასწრაფოდ დაბრუნდეს გერმანიიდან და სამშაბათს, 29 დეკემბრის დილას მოსკოვში გამოცხადდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი ამის შემდეგ მოინდომებს ქვეყანაში დაბრუნებას, პატიმრობა დაემუქრება.

ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.

ნავალნი ამჟმად გერმანიაშია. იქ 2020 წლის აგვისტოში გადაიყვანეს – მას შემდეგ, რაც მისი მოწამვლა სცადეს, სავარაუდოდ, ნერვული აგენტის გამოყენებით. რუსეთი აცხადებს, რომ ამ ბრალდების დამამტკიცებელი საბუთი არ უნახავს და უარყოფს ინციდენტში მონაწილეობას.

რუსეთის ფედერალურმა პენიტენციურმა სამსახურმა (FSIN) 28 დეკემბერს განაცხადა, რომ ნავალნი გერმანიაში ყოფნით არღვევს მის მიმართ 2014 წელს მისჯილ პირობითი სასჯელის პირობებს და თავს არიდებს სამართალდამცავების ზედამხედველობას.

პენიტენციურმა სამსახურმა არგუმენტად მოიტანა ბრიტანულ სამედიცინო პუბლიკაცია „ლანსეტში“ გამოქვეყნებული სტატია, სადაც წერია, რომ ნავალნი ბერლინის კლინიკიდან 20 სექტემბერს გაწერეს და არცერთი სიმპტომი 12 ოქტომრბრისთვის აღარ აღენიშნებოდა;

„შესაბამისად, მსჯავრდებული არ ასრულებს მასზე სასამართლოს მიერ დაკისრებულ ვალდებულებას და თავს არიდებს კრიმინალური ინსპექციის მიერ ზედამხედველობის ჩატარებას“, – წერია განცხადებაში.

ნავალნის მოწამვლა

ალექსეი ნავალნი 2020 წლის 20 აგვისტოს უგონო მდგომარეობაში რუსეთში, ომსკის პირველ საავადმყოფოში მიიყვანეს. მას ფრენისას გული წაუვიდა. ნავალნის ოჯახი და ორგანიზაციის – „კორუფციასთან ბრძოლის ფონდი“ – წევრები თავიდანვე ეჭვობდნენ, რომ ნავალნი მოწამლეს.

მისი მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ რეანიმაციაში ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე მიაერთეს. მიუხედავად მძიმე მდგომარეობისა და საერთაშორისო გამოხმაურებისა, ნავალნის რუსეთიდან 2 დღეს არ უშვებდნენ. საბოლოოდ, 22 აგვისტოს, ნავალნი გერმანიაში, კლინიკა „შარიტეში“ გადაიყვანეს. კლინიკამ დაადასტურა, რომ ნავალნი „ნოვიჩოკის“ მსგავსი ნივთიერებით მოწამლეს.

ამის შემდგომ გერმანულმა მხარემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ნოვიჩოკის მსგავსი ნივთიერებით მოწამლეს. საწამლავის კვალი ნავალნის ორგანიზმში გერმანიაში, ბუნდესვერის ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევის შედეგად აღმოაჩინეს.

„დავურეკე ჩემს მკვლელს. მან ყველაფერი აღიარა“

21 დეკემბერს ნავალნიმ გამოაცხადა, რომ მის მოწამვლაში მონაწილე ერთ-ერთ პირს დაუკავშრდა და ხანგრძლივი სატელეფონო საუბრისას დანაშაული აღიარებინა.

გავრცელებულ ვიდეოში ნავალნი ამბობს, რომ „ეფესბეს“ სპეციალური ჯგუფის ერთ-ერთ წევრს, კონსტანტინ კუდრიავცევს 14 დეკემბერს დაუკავშირდა და თავი უსაფრთხობის საბჭოს ერთ-ერთ თანამშრომლად წარუდგინა.

ვიდეოს დასაწყისში კი ახსნა, რომ სადაზვერვო სამსახურის ჯგუფის წევრს სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით დაუკავშირდა, რომელმაც მისი მობილურის ნომერი დაფარა.

ნავალნი კუდრიავცევს უხსნის, რომ დავალებული აქვს 2-გვერდიანი ანგარიშის დაწერა, რომელშიც ჯგუფის წევრთა შეფასებები უნდა იყოს გაერთიანებული. სწორედ ამ საბაბით უსვამს კუდრიავცევს კითხვებს  სპეცოპრაციის დეტალების შესახებ.

აუდიოჩანაწერში კუდრიავცევად წოდებული პირი თავიდან ორჭოფობს, თუმცა ადასტურებს, რომ მონაწილეობას იღებდა მოწამვლაში და მანამდეც, 2017 წლიდან თვალს ადევნებდა ნავალნის – „აკურატული კაცია, ხშირად იცვლის ნომერს. თითქოს გრძნობს..“

ის ასევე დასძენს, რომ ოპერაციის სხვა მონაწილეებმა კარგად გათვალეს ყველაფერი, თუმცა, როდესაც საქმე მსგავს მოქმედებებს ეხება, დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოებებს. ნავალნის კითხვაზე, სპეცოპრაციის ჩაფლავების მიზეზი იყო თუ არა ის, რომ თვითმფრინავი [რომელშიც ნავალნი შეუძლოდ გახდა] მალე დასვეს, ის პასუხობს:

„კი, ასე ვფიქრობ, შესაძლოა ყველაფერი სხვაგვარად დასრულებულიყო [პილოტს თვითმფრინავი ადრე რომ არ დაესვა]“.

ალექსეი ნავალნი ასევე ამბობს, რომ სწორედ კუდრიავცევია ის პირი, რომელმაც მისი ნივთები საავადმყოფოდან წაიღო. ეს კითხვა სატელეფონო საუბრისას დასვა, პასუხად კი მიიღო – „[ტანსაცმელი] დავამუშავეთ.. ვრეცხავდით სხვადსხვა ხსნარებით… კვალი და მსგავსი რამ რომ არ ყოფილიყო“.

Bellingcat-ის გამოძიება

რამდენიმე დღით ადრე Bellingcat-მა ჟურნალისტური გამოძიება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, ალექსეი ნავალნი „ეფესბემ“ ნოვიჩოკით მოწამლა.

აღნიშნულ გამოძიებაზე მუშაობდნენ რამდენიმე მსხვილი გამოცემის – Bellingcat-ის, The Insider-ს, Der Spiegel-ისა და CNN-ს- თანამშრომლები.

გამოძიების თანახმად, თავდასხმაში რუსული საგარეო დაზვერვის სამსახურის 8 წარმომადგენელი მონაწილეობდა. მათი სამოქმედო სქემის მიხედვით, ერთ-ერთი მათგანი, ვლადიმერ ბოგდანოვი ოპერაციის შესახებ ცნობებს „ეფესბეს“ ხელმძღვანელს – ალექსანდრ ბორტნიკოვს აწვდიდა. ბორტნიკოვი კი თავის მხრივ – ვლადიმერ პუტინს.

FSB კვლავ უცხოური სპეცსამსახურების კვალზე საუბრობს

რუსეთის უშიშროების სამსახური ალექსეი ნავალნის მიერ ჩატარებულ გამოძიებაში უცხო ქვეყნების კვალს ხედავს.

“კორუფციასთან ბრძოლის ფონდის” დამფუძნებლის[ნავალნის] გამოძიება შეუძლებელი იქნებოდა უცხოეთის სპეციალური სამსახურების ორგანიზაციული და ტექნიკური მხარდაჭერის გარეშე”, – ციტირებს FSB-ს რუსული “რია ნოვოსტი”.

უწყების განცხადებით, მეთოდი, რომელიც ნავალნიმ გამოიყენა, “კარგად ცნობილი ტექნიკაა უცხოური სპეცსამსახურებისათვის, რომლებიც არაერთხელ გამოიყენეს ანტირუსული მოქმედებებისას. ის შეუძლებელს ხდის საუბრის რეალური მონაწილეების იდენტიფიცირებას”.

ვრცლად:

ნავალნი „ეფესბემ“ ნოვიჩოკით მოწამლა | bellingcat-ის გამოძიება

მასალების გადაბეჭდვის წესი