რუსეთის პროკურატურამ დაიწყო ახალი კრიმინალური საქმე პოლიტიკოს ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ – ამჯერად მას 356 მილიონი რუსული რუბლის (4.8 მილიონი აშშ დოლარი) თაღლითურად მისაკუთრებასა და დახარჯვაში ადანაშაულებენ.
რუსეთის პროკურატურის მიხედვით, ნავალნიმ საკუთარი ორგანიზაციების საჯარო შემოწირულობები გამოიყენა პირადი მიზნებისთვის, მათ შორის, უცხოეთში მოგზაურობისთვის.
საგამოძიებო კომისიის განცხადებით, ნავალნიმ თანხა მის მიერ შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და “ანტიკორუფციული ფონდის” მიერ შეგროვებული 588 მილიონი რუბლიდან მიისაკუთრა.
“ამგვარად, თანხა, რომელიც მოქალაქეებიდან შეგროვდა, მოპარულ იქნა”, – განაცხადა საგამოძიებო კომისიამ.
საქმე აღიძრა მას შემდეგ, რაც რუსეთის პენიტენციურმა სამსახურმა ნავალნის წაუყენა ულტიმატუმი, რომლის მიხედვითაც, ნავალნი გერმანიიდან რუსეთში სამშაბათ დილამდე უნდა დაბრუნებულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში ამ დროის გასვლის შემდეგ დაბრუნდებოდა, ციხეში მოხვდებოდა.
აგვისტოს თვეში ნავალნი რუსეთში მოწამლეს. იგი 20 აგვისტოს უგონო მდგომარეობაში ომსკის პირველ საავადმყოფოში მიიყვანეს. მას ფრენისას გული წაუვიდა. ნავალნის ოჯახი და ორგანიზაციის – „კორუფციასთან ბრძოლის ფონდი“ – წევრები ამბობენ, რომ ნავალნი მოწამლეს.
მისი მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ ნავალნი რეანიმაციაში ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე მიაერთეს. მიუხედავად მძიმე მდგომარეობისა და საერთაშორისო გამოხმაურებისა, ნავალნის რუსეთიდან 2 დღეს არ უშვებდნენ. საბოლოოდ, 22 აგვისტოს, ნავალნი გერმანიაში გადაიყვანეს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა და მხარდამჭერებმა ეს უკანასკნელი მოითხოვეს და სპეციალური რეისი დააორგანიზეს.
22 აგვისტოს ნავალნი ბერლინში, კლინიკა Charité-ში გადაიყვანეს. კლინიკამ დაადასტურა, რომ ნავალნი მოწამლეს.
რუსმა ოპოზიციონერმა 21 დეკემბერს Youtube-ში გაავრცელა ვიდეო, სადაც, მისი თქმით, ურეკავს რუსეთის სპეციალური სამსახურის ერთ-ერთ თანამშრომელს, კონსტანტინ კუდრიავცევს, რომელსაც თავი უსაფრთხოების საბჭოს თანამშრომლად წარუდგინა. ნავალნის განცხადებით, კუდრიავცევმა აღიარა, რომ მას ნავალნის მკვლელობა ქონდა დავალებული.
ნავალნი „ეფესბემ“ ნოვიჩოკით მოწამლა | bellingcat-ის გამოძიება