ახალი ამბები

ჩინურმა ვაქცინამ ბრაზილიაში 50%-იანი ეფექტიანობა აჩვენა

13 იანვარი, 2021 • 724
ჩინურმა ვაქცინამ ბრაზილიაში 50%-იანი ეფექტიანობა აჩვენა

ბრაზილიაში ჩატარებული კლინიკური კვლევებისას COVID-19-ის საწინააღმდეგო ჩინურმა ვაქცინამ “კორონავაკმა” 50%-იანი ეფექტიანობა აჩვენა. ინფორმაციას რამდენიმე მედიასაშუალება ბრაზილიის ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ეს მოსალოდნელზე ბევრად დაბალი შედეგია: ჯერ კიდევ გასულ კვირას ბრაზილიაში, სან-პაულუში მოქმედი “ბუტანტანის ინსტიტუტი” ამბობდა, რომ ვაქცინის ეფექტიანობა 78%-ს შეადგენდა მსუბუქი ინფექციების პროფილაქტიკისთვის, საშუალო და სერიოზულ შემთხვევებში კი, როცა ჰოსპიტალიზაციისა და ინტენსიური მოვლის საჭიროება დგას, ჩინური ვაქცინა 100%-ით ეფექტიანი იყო.

თუმცა, კვლევების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით კრიტიკის შემდეგ, ინსტიტუტმა სრული მონაცემები გამოაქვეყნა და ცხადი გახდა, რომ ვაქცინის ეფექტიანობა 50.4%-ს არ აჭარბებს, მაშინ, როცა კვლევა ვირუსის “ძალიან მსუბუქ” შემთხვევებსაც მოიცავს.

50% ვაქცინის ეფექტურობის მინიმალურ ზღვრად არის მიჩნეული. ინსტიტუტის წარმომადგენელი რიკარდო პალაციოსი მიიჩნევს, რომ არასწორია ზემოხსენებული კვლევის შედეგების სხვა კვლევებთან შედარება, ვინაიდან ეს უკანასკნელი ინსტიტუტი შეეცადა, კვლევებში სიმპტომების რაც შეიძლება ფართო მოცვა ჰქონოდა.

“[მაგალითად], სხვა კვლევები არ მოიცავდა 2-დღიან თავის ტკივილს, როგორც ვირუსის შემთხვევას”, – ამბობს ის და სჯერა, რომ ვაქცინა უფრო მაღალ ეფექტურობას აჩვენებს ფართო საზოგადოებაში გამოყენების შემდეგ.

ლოურენს იანგი, ვორვიკის უნივერსიტეტში მომუშავე ვირუსოლოგი ამბობს, რომ კვლევის შედეგები “ძალიან დამაბნეველია”, თუმცა რთულია მსჯელობა მანამ, სანამ სრული მონაცემები არ გამოქვეყნდება.

მანამდე, ჩინურმა ვაქცინამ თურქეთში 91.25%-იანი ეფექტიანობა აჩვენა, ბრაზილიაში კი – 65.3%-იანი. საპირისპიროდ, “ფაიზერისა” და “მოდერნას” ვაქცინებმა 95 და 94.1%-იანი ეფექტურობა აჩვენეს.


ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ 10 იანვარს განაცხადა, რომ საქართველოში მსჯელობენ ერთ-ერთი ჩინური ვაქცინის შემოტანის შესახებაც. ცერცვაძის თქმით, მას მაღალი ნდობა აქვს და “ხელწამოსაკრავი” არ არის. მეორე დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ ჩინური ვაქცინების საკითხს, ამ ეტაპზე, არ.განიხილავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი