ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რა გავლენას მოახდენს საქართველოზე რუსეთ-აზერბაიჯან-სომხეთის შეთანხმება

14 იანვარი, 2021 • 3082
რა გავლენას მოახდენს საქართველოზე რუსეთ-აზერბაიჯან-სომხეთის შეთანხმება

ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდეგ რუსეთმა, აზერბაიჯანმა და სომხეთმა, სხვა საკითხებთან ერთად, მოლაპარაკებები დაიწყეს ისეთ სატრანსპორტო პროექტებზე, რომლებიც საქართველოს მთლიანად გამორიცხავს და მას, ფაქტობრივად, აცლის მნიშვნელოვან სატრანზიტო ფუნქციას.

ნეტგაზეთი დაინტერესდა, თუ როგორ აისახება საქართველოზე რეგიონში მიმდინარე უახლესი მოვლენები, მათ შორის, მოსკოვში რამდენიმე დღის წინ ხელმოწერილი სამხრივი შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, სომხეთი სარკინიგზო ხაზით რუსთს აზერბაიჯანის გავლით დაუკავშირდება, აზერბაიჯანი კი- თურქეთს სომხეთის გავლით.

რა გავლენას იქონიებს საქართველოზე მისგან დამოუკიდებლად სომხეთს, აზერბაიჯანს, რუსეთსა და თურქეთს შორის ტვირთების შესაძლო ბრუნვა, რა გავლენას მოახდენს ეს ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციაზე, მოხდება თუ არა საქართველოს იზოლირება რეგიონში მიმდინარე პროცესებიდან, ან სულაც, რამდენად რეალისტურია აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სავაჭრო და სატრანსპორტო ურთიერთობების აღდგენა? – ამ კითვებით ნეტგაზეთმა ქართველ ექსპერტებს მიმართა.

უნდა ველოდოთ თუ არა ძირეულ ცვლილებებს

“ამ შეთანხმების შესრულებას ბევრი გამოწვევა ექნება, მაგრამ თუ ეს მოხდა, სამხრეთ კავკასიაში ტვირთებისა და მგზავრების გადაადგილება მნიშვნელოვნად იცვლება. როგორც ჩანს, ნოემბრის მიღწეული შეთანხმების მე-9 პუნქტის შესრულებისადმი დიდი სკეპტიციზმი არსებობდა, რაც ნაწილობრივ კვლავ რჩება, რადგან მომავალში ბევრმა ფაქტორმა შეიძლება შეუშალოს ხელი მის რეალურ განხორციელებას, თუმცა ლიდერების შეხვედრაზე გამოჩნდა, რომ ისინი სერიოზულად განიხილავენ ამ საკითხს, რაც სკეპტიციზმის განცდას ამცირებს “, – მიაჩნია კონფლიქტის მკვლევარ გიორი კანაშვილს.

გიორგი კანაშვილის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ შესაძლოა შექმნილი ვითარებით მოკლე პერიოდში იზარალოს, რეგიონალური თანამშრომლობის ზრდა მასზე მაინც პოზიტიურად აისახება.

“მე ვფიქრობ, რომ მსოფლიოში, სადაც კი განვითარება და ეკონომიკური წინსვლაა, როგორც წესი, იშვიათად ხდება, რომ მხოლოდ ერთი ქვეყანა ვითარდება, ხოლო რეგიონის დანარჩენი წევრი სახელმწიფოები კონფლიქტში არიან ჩართულნი. თუ ეს პროცესი დაიწყო [სატრანსპორტო და სავაჭრო გზების გახსნა], მე ვფიქრობ, რომ უფრო პოზიტიურად უნდა შევხედოთ, ვიდრე ნეგატიურად. ერთ-ერთი პრობლემაა ის, რომ პროცესი მიმდინარეობს არა მარტო საქართველოს მონაწილეობის გარეშე, არამედ დასავლეთის გამოთიშვითაც. იმედია, დასავლეთში სერიოზულად აღიქვამენ ამ ყოველივეს და ჩაერთვებიან პროცესებში.

რაც შეეხება იმას, თუ რა გავლენა ექნება საქართველოზე, პირველ რიგში, ეს არ არის რამდენიმე დღეში შესრულებადი საქმე, ამას დასჭირდება წლები. კი, შესაძლოა, საქართველომ ახლო პერსპექტივაში ზარალი მიიღო, მაგრამ თუ რეგიონში მთლიანობაში მდგომარეობა გაუმჯობესდება, ამით ყველა ისარგებლებს”, – ამბობს გიორგი კანაშვილი ნეტგაზეთთან საუბრისას.

ნეტგაზეთის შეკითხვაზე, მაშინ. როდესაც აღნიშნული სავაჭრო და სატრანსპორტო კორიდორები “რუსეთის ქოლგის ქვეშ” იქმნება, რომელიც საქართველოს სამხედრო და პოლიტიკური მოწინააღმდეგეა, რამდენად შესაძლებელია, რომ საქართველოს მიერ რაიმე სარგებლის მიღებაზე ვისაუბროთ, კანაშვილი პასუხობს, რომ მართალია, ახალ რეალობაში საქართველოს სატრანსპორტო ფუნქციას კონკურენტი უჩნდება, მაგრამ ეს ქვეყანას მუდმივად უბიძგებს განვითარებაზე ზრუნვისკენ.

“სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ჩვენ ამ სატრანსპორტო გზებში პირდაპირ ვერ მოვხვდით და მეორე, არცაა ეთიკური, რომ ჩვენ ვისურვებდეთ, რომ ჩვენი მეზობლები მუდმივ დაპირისპირებაში იყვნენ, გზები ჰქონდეთ ერთმანეთთან გადაკეტილი და ჩვენ ამით ვხეირობდეთ. ისე მოხდა, რომ ახლა რეგიონში თურქეთი და რუსეთია ამ ორი ქვეყნის მომრიგებელი. ჩვენ ამაში უნდა დავინახოთ შესაძლებლობები და იმ გამოწვევებზე, რაც შეიძლება გვემუქრებოდეს, რეაგირება უნდა გვქონდეს, რაზეც მართლა გაგვაჩნია ბერკეტები, მაგალითად, უნდა გავაუმჯობესოთ ინფრასტრუქტურა, განსაკუთრებით, საზღვაო პორტები”, – აცხადებს გიორგი კანაშვილი.

შესაძლო სავაჭრო-სატრანსპორტო ხაზები [სარკინიგზო/საავტომობილო], რომლებიც ერთმანეთს თურქეთს, სომხეთს, აზერბაიჯანსა და რუსეთს დააკავშირებს

კანაშვილი მიიჩნევს, რომ აზერბაიჯანის გავლით სომხეთისა და რუსეთის რკინიგზით შესაძლო დაკავშირება, პრაქტიკულად, აფხაზეთის რკინიგზის ალტერნატივად განიხილება.

“ჩვენი რკინიგზის საკითხი, ქართულ-აფხაზური ურთიერთობებისა და რუსეთის ოკუპაციის პირობებში, სამწუხაროდ, წლებია მხარეებმა ვერ მოახერხეს შეთანხმება. მე ვფიქრობ, რომ ეს მოვლენები საინტერესო იმითაა, რომ შეგვიძლია დასკვნა გამოვიტანოთ, რომ ერთსა და იმავე საკითხებზე წლობით თუ ვიჯახირებთ, აუცილებლად გამოჩნდება სხვა გზები და შესაძლებლობები, რაც საქართველოს თამაშს მიღმა დატოვებს”, – ამბობს გიორგი კანაშვილი.

სომხეთიდან რუსეთში მიმავალი საქართველოზე გამავალი სარკინიგზო ხაზის ბოლო მონაკვეთი დე ფაქტო აფხაზეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადის. წარსულში არაერთხელ გააქტიურდა აღნიშნული რკინიგზის გახსნისა და რუსეთსა და სომხეთს შორის საქართველოს გავლით ტვირთების გადატანის საკითხი, თუმცა ოფიციალური, ღია მოლაპარაკებები მხარეებს შორის არ გამართულა. მანამ, სანამ ოფიციალური თბილისი ვერ აკონტროლებს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთს, საქართველოსთვის მისი გახსნის საკითხი პრობლემურია.

საქართველოს ყოფილი ელჩი გაერთიანებულ სამეფოში გიორგი ბადრიძე მიიჩნევს, რომ სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ლიდერების შეხვედრა უფრო მეტად სიმბოლური ხასიათის იყო, ვიდრე პრაქტიკული.

“ახალი არაფერი მომხდარა. პუტინმა გააკეთა სიმბოლური ჟესტი, თუ როგორ დაიბარა რუსეთის ლიდერმა ორი პატარა ქვეშევრდომი. რაც შეეხება შინაარსს, გადაწყდა სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელიც შემდგომ კიდევ შექმნის ქვეჯგუფს, რომელიც მოამზადებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რასაც განიხილავენ სახელმწიფო მეთაურები. რეალურად არაფერი შეთანხმებულა განსხვავებული, რაც არ ეწერა 9-10 ნოემბრის შეთანხმებაში, სადაც ეწერა, რომ მხარეები განბლოკავენ სავაჭრო და სატრანსპორტო არხებს”, – ამბობს გიორგი ბადრიძე ნეტგაზეთთან.

გიორგი ბადრიძის განცხადებით, მხარეებს შორის მიღწეულ შეთანხმებას მნიშვნელოვანი გავლენა ვერ ექნება საქართველოზე, რადგან კონფლიქტი ჯერ კიდევ არ არის ამოწურული.

“ამას რაიმე მნიშვნელოვანი გავლენა საქართველოზე არ ექნება. ერთი დეტალი, რომელიც შეხვედრიდან უნდა აღინიშნოს, რათა ამ ყოველივეს საქართველოზე შესაძლო გავლენებზე ვისაუბროთ, არის ის, რომ ილჰამ ალიევმა აღნიშნა, რომ ყარაბაღის კონფლიქტი დასრულებულია, მაგრამ ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ ის არ არის დასრულებული. სულ მცირე ფაქტია, ის, რომ ორი ქვეყანა განსხვავებულად უყურებს ომის დასრულებას. ასევე არ დარეგულირებულა სომხეთისა და აზერბაიჯანის ურთიერთობები, არ არსებობს რაიმე გრძელვადიანი სამშვიდობო შემთანხმება, სადაც ისინი აღიარებდნენ ერთმანეთის საზღვრებს, შეთანხმდებოდნენ თანამშრომლობაზე.

სანამ ასეთი რეალობაა, არცერთი ქვეყანა არ ჩადებს განსაკუთრებით დიდ ინვესტიციებს და არ ანდობს მის მიმართ მტრულად განწყობილ სახელმწიფოს საკუთარ სტრატეგიულ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას. იგივე შეეხება აზერბაიჯანისა და თურქეთის ერთმანეთთან დაკავშირებასაც. შესაძლოა ისინი მართლაც დაუკავშირდნენ ერთმანეთს ტვირთების გადაზიდვით, მაგრამ ეს არ იქნება სამხედრო და სტრატეგიული მნიშვნელობის ეკონომიკური კავშირები.

საქართველოს ყოფილი ელჩი გაერთიანებულ სამეფოში გიორგი ბადრიძე 

ნეტგაზეთის შეკითხვაზე, იმ დროს, როდესაც რუსეთისა და სომხეთის, მეორე მხრივ კი, თურქეთისა და აზერბაიჯანის ერთმანეთთან დაკავშირებისას საქართველოს როლი შეიძლება გამოირიცხოს, როგორ აისახება ეს ქვეყნის პოლიტიკურ და ფინანსურ ინტერესებზე, გიორგი ბადრიძე პასუხობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ტვირთები საქართველოზე აღარ გაივლის, ამით ქვეყანა დიდად არ დაზარალდება.

“საქართველო არაფერს დაკარგავს, თუ სომხური ტვირთები აზერბაიჯანის გავლით დაუკავშირდება რუსეთს. პირიქით, მხოლოდ განიტვირთება ჩვენი სტეფანწმინდისკენ მიმავალი საავტომობილო გზა, რომელიც მუდმივად განიცდის პრობლემებს სხვა ქვეყნის, პირველ რიგში, სომხური ტრანსპორტის გამო. აქედან ქვეყანა არავითარ სარგებელს არ იღებს, პირიქით, გაფუჭებული გზა მუდმივად სარემონტოა. ასევე, ქვეყანას არანაირი პოლიტიკური სარგებელი არ მიუღია, საყვედურების გარდა, როდესაც ეს გზა იკეტება. მხარეები სტრატეგიული მნიშვნელობის ტვირთებს ერთმანეთს არ ანდობენ”, – მიაჩნია გიორგი ბადრიძეს.

მისივე თქმით, თუ ეს შეთანხმებები რეალურად განხორციელდა, ის მაინც შეზღუდული მნიშვნელობის იქნება.

“ქვეყნებს შორის ტვირთების გადაზიდვას ექნება მნიშვნელობა, მაგრამ ეს იქნება შეზღუდული მანამ, სანამ არ გვექნება ორმხრივი ურთიერთობების ფუნდამენტური დარეგულირება, სტრატეგიული მნიშვნელობის ტვირთები გააგრძელებს ისე მოძრაობას, როგორც აქამდე მოძრაობდა. მაგრამ, თუ ოდესმე შედგა შეთანხმება, რაც დაასტაბილურებს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების, ამით საქართველო უფრო მეტს მოიგებს, ვიდრე სატრანზიტო გადაზიდვებით მიღებული შემოსავლების დაკარგვაა, რადგან თუ ეს მართლაც მოხდა, ნიშნავს, რომ ქვეყნებს შორის პარტნიორული ურთიერთობები დამყარდა, რაც საქართველოსთვისაც სასარგებლოა, მაგრამ ამის წინაპირობები ჯერ არ ჩანს”, – აცხადებს გიორგი ბადრიძე.

გიორგი ბადრიძის განცხადებით, ასევე შეუძლებელია აზერბაიჯანიდან თურქეთისკენ მიმავალი უკვე აშენებული მილსადენებისა და გაზსადენების საქართველოს ტერიტორიიდან სხვა მიმართულებით, თუნდაც სომხეთში გადატანა.

რას გულისხმობს შეთანხმება

მიმდინარე წლის იანვარში მოსკოვში გამართული სამხრივი შეხვედრის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, რომლითაც მხარეები რეგიონში სამომავლო ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირების აღდგენისთვის სამუშაო ჯგუფის შექმნასა და მის ფუნქცია მოვალეობებზე შეთანხმდნენ.

შეთანხმება სულ 4 პუნქტისგან შედგება და სრულ ტექსტს კრემლის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.

  1. ნოემბერში მიღწეული შეთანხმების მე-9 პუნქტის შესრულებისათვის, რათა გაიხსნას ყველა ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირები რეგიონში, მხარეები მხარს უჭერენ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეთავაზებას, რომ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომლის თანათავმჯდომარეებიც იქნებიან აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ვიცე-პრემიერები.
  2. სამუშაო ჯგუფი პირველ შეხვედრას გამართავს 2021 წლის 30 იანვრამდე, რომლის შედეგების საფუძველზეც ჩამოაყალიბებს ნოემბრის შეთანხმების მე-9 პუნქტის განსახორციელებლად გასატარებელი სამუშაოების სიას. პრიორიტეტი მიენიჭება გზისა და რკინიგზის კომუნიკაციებს, ასევე რუსეთს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის [შემდგომში მხარეები] განსაზღვრულ სხვა სფეროებსაც.
  3. სამუშაოების განსახორციელებლად სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარეები დაამტკიცებენ საექსპერტო ჯგუფების შემადგენლობას. საექსპერტო ჯგუფები სამუშაო ჯგუფის შეხვედრიდან ერთი თვის ვადაში წარმოადგენენ პროექტების სიას, მათი განხორციელებისთვის აუცილებელი რესურსებისა და სამუშაოების დასაბუთებით.
  4. 2021 წლის პირველი მარტისთვის სამუშაო ჯგუფი მხარეებს უმაღლეს დონეზე დასამტკიცებლად წარუდგენს იმ ღონისძიებათა სიასა და გრაფიკს, რაც ითვალისწინებს ახალი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობას ან აღდგენას, რაც საერთაშორისო გადაზიდვების შესასრულებლად და მათი უსაფრთხიებისთვის აუცილებელია და რომლებიც ხორციელდება აზერბაიჯანისა და სომხეთის გავლით. აგრეთვე, გადაზიდვებისთვის, რომლებიც ხორციელდება აზერბაიჯანისა და სომხეთის მიერ და რომელთა შესასრულებლადაც საჭიროა აზერბაიჯანის და სომხეთის ტერიტორიის გადაკვეთა.

მხარეებს შორის მიღწეული 2020 წლის ნოემბრის შეთანხმების მე-9 პუნქტში ნათქვამია, რომ “ყველა ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირი რეგიონში გაიხსნება. სომხეთი უზრუნველყოფს სატრანსპორტო კავშირებს აზერბაიჯანის დასავლეთ რეგიონებსა და ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის, რათა ხელი არ შეეშალოს მოქალაქეთა და ტვირთის გადაადგილებას ორივე მიმართულებით. სატრანსპორტო კონტროლი განხორციელდება რუსეთის ფედერაციის საზღვრის დაცვის სამსახურის მიერ. შეთანხმების მიხედვით, ახალი სატრანსპორტო კომუნიკაციების მშენებლობა დაიწყება, რომლებიც დააკავშირებენ ნახიჩევანის ავტონომიურ რეპუბლიკას აზერბაიჯანის დასავლეთ რეგიონებთან”.

მხარეებს შორის შეხვედრის შემდეგ გაიმართა პუტინისა და ალიევის შეხვედრა, რომლის დასრულების შემდეგაც ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ შეთანხმებით შესაძლებელი გახდება აზერბაიჯანის გავლით სომხეთისა და რუსეთის, ასევე, სომხეთისა და ირანის დაკავშირება, ხოლო აზერბაიჯანი დაუკავშირდება ნახიჩევანის რესპუბლიკას, შემდგომში კი -თურქეთს.

მისივე თქმით, მოხდება რუსეთისა და თურქეთის რკინიგზების ერთმანეთთან დაკავშირებაც.

როგორ შეხვდნენ შეთანხმებას ბაქოსა და ერევანში

სომხური ოპოზიციური პარტიის, “ნათელი სომხეთის” ლიდერის, ედმონ მარუკიანის განცხადებით, მხარეებს შორის შეხვედრა “ექსკლუზიურად აზერბაიჯანული დღის წესრიგით წარიმართა”.

“ამასობაში სომეხ ხალხს ჰქონდა ერთადერთი მოლოდინი ამ შეხვედრიდან – შეთანხმება უმოკლეს დროში სომეხი სამხედრო ტყვეების უკან დაბრუნების შესახებ, რაც ასე არ მოხდა”, – განაცხადა მარუკიანმა.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ სომხეთს სხვა პრემიერ-მინისტრი ეყოლებოდა, მოლაპარაკებები სხვაგვარად დასრულდებოდა.

მეორე მხრივ, სომხეთის მმართველი პარტიის წარმომადგენლები ყურადღებას ამახვილებენ რუსეთთან და ირანთან შესაძლო სარკინიგზო გზით დაკავშირების მნიშვნელობაზე.

აზერბაიჯანის ეროვნული ასანბლეის წევრის, ფაზაილ აღამალის შეფასებით, მოლაპარაკებები აზერბაიჯანის ინტერესებში შედიოდა. იმავე შინაარსის განცხადება გააკეთა კიდევ ერთმა დეპუტატმა ჰიკმეთ ბაბაოღლუმ, რომლის მიხედვითაც, შეხვედრის შედეგებმა “აზერბაიჯანი კიდევ უფრო დაახლოვა საკუთარ მიზანს”.

“ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი აზერბაიჯანის ეკონომიკური ინტერესებისთვის, ასევე, თურქეთისა და სხვა მეზობელი სახელმწიფოებისთვისაც”, – განაცხადა ჰიკმატ ბაბაოღლუმ.


შეხვედრა მოსკოვში სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების მონაწილეობით არის პირველი ღონისძიება ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდეგ.

ომის დასრულების 9-10 ნოემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პუნქტების უმრავლესობა უკვე შესრულდა. მთიანი ყარაბაღის რეგიონში რუსი მშვიდობისმყოფელები განლაგდნენ, აზერბაიჯანმა დაიკავა ქელბაჯარის, ლაჩინისა და აღდამის რაიონები. სომხური მხარე ყურადღებას ამახვილებს ტყვეთა გაცვლის შეთანხმების არასრულად შესრულების შესახებ. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ მთიან ყარაბაღში დაბრუნდა მეორე ომს შემდგომ სომხეთში გადასული მოსახლეობა, ჯერჯერობით, გადაუჭრელია რეგიონში აზერბაიჯანელი დევნილების დაბრუნების საკითხიც.

ამჟამად სომხეთსა და დე ფაქტო მთიან ყარაბაღს ლაჩინის კორიდორი აკავშირებს. საპირწონედ, აზერბაიჯანული მხარე კი ნახიჩევანის კორიდორის გახსნას ითხოვს.

დამატებითი ინფრომაცია ნახიჩევანის კორიდორის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ ნეტგაზეთის მასალაში:

ნახიჩევანის კორიდორი – რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის

მასალების გადაბეჭდვის წესი