ახალი ამბები

თუ ოპოზიცია საგამოძიებო კომისიაში არ იქნება, ეს სანდოობას ნაკლებად დააზიანებს — სარჯველაძე

12 იანვარი, 2021 • 1112
თუ ოპოზიცია საგამოძიებო კომისიაში არ იქნება, ეს სანდოობას ნაკლებად დააზიანებს — სარჯველაძე

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ არჩევნების შედეგების გადასამოწმებლად დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობაში ოპოზიციის ჩართულობა მნიშვნელოვანია.

თუმცა აღნიშნავს, რომ თუ ოპოზიცია კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებს, ეს კომისიის სანდოობას ნაკლებად დააზიანებს.

“ფორმატი და შინაარსი ამ კომისიის მუშაობისა მნიშვნელოვანწილად დამოკიდებული იქნება ოპოზიციის აქტივობაზე. რა თქმა უნდა,  სასარგებლო იქნება ამ კომისიის მუშაობისთვის ოპოზიციის ჩართულობა და მუშაობა. თუმცა იმ შემთხვევაშიც კი, თუ ოპოზიციური პარტიები ამაში მონაწილეობას არ მიიღებენ, მე ვფიქრობ, რომ ეს ნაკლებად დააზიანებს ამ კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით სანდოობას, ვინაიდან ამაზეც ნაფიქრია. ამას უზრუნველყოფს საერთაშორისო დამკვირვებლების ჩართულობა და მათი მონაწილეობა ამ კომისიის საქმიანობაში. მე ვფიქრობ, რომ ეს ნაბიჯი მიმართულია აბსოლუტურად კონსტრუქციულად ჭეშმარიტების დადგენისკენ”, — აცხადებს სარჯველაძე.

პარლამენტში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გადასამოწმებლად საგამოძიებო კომისია იქმნება. ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ 11 იანვარს განაცხადა.

მისი თქმით, კომისია თებერვლის დასაწყისში შეიქმნება და მასში ჩაერთვებიან როგორ ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები.

მისივე თქმით, ძალაში რჩება პირობა, რომ საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგებიდან თუნდაც  1%-იანი გადახრის აღმოჩენის შემთხვევაში მმართველი პარტია დაუყოვნებლივ დანიშნავს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს და  კობახიძე, როგორც “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოშორდება.

კომისიის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს პარლამენტში”პატრიოტთა ალიანსის” სიით შესული ოთხივე დეპუტატი.

ოპოზიციური პარტიები კი საგამოძიებო კომისიაში ჩართვას არ აპირებენ და აცხადებენ, რომ არჩევნებიდან 3 თვის შემდეგ კომისიის შექმნა დაგვიანებულია.

არჩევნებთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიეობო კომისია იქმნება — კობახიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი