ახალი ამბები

არჩევნებთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიეობო კომისია იქმნება — კობახიძე

11 იანვარი, 2021 • 1537
არჩევნებთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიეობო კომისია იქმნება — კობახიძე

პარლამენტში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გადასამოწმებლად საგამოძიეობო კომისია იქმნება. ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ დღეს, 11 იანვარს, განაცხადა.

მისი თქმით, კომისია თებერვლის დასაწყისში შეიქმნება და მასში ჩაერთვებიან როგორ ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები.

“კიდევ ერთხელ ვთავაზობთ ოპოზიციურ პარტიებს, ჩაერთონ საპარლამენტო მუშაობაში და საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის საქმიანობაში, რათა ნათელი მოვფინოთ სიმართლეს არჩევნებთან დაკავშირებით. გადავამოწმოთ იმდენი საარჩევნო უბნის მონაცემები, რამდენიც საჭიროდ ჩაითვლება ამ სიმართლის დასადგენად. საგამოძიეობო კომისია შეიქმნება თებერვლის პირველივე კვირაში და მის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოვიწვევთ ყველა საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მათ შორის ეუთო/ოდირს, რათა უზრუნველყოფილი იყოს კომისიის მუშაობის მაქსიმალური ინკლუზიურობა და გამჭვირვალობა”, —განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, ძალაში რჩება პირობა, რომ საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგებიდან თუნდაც  1%-იანი გადახრის აღმოჩენის შემთხვევაში მმართველი პარტია დაუყოვნებლივ დანიშნავს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს და  კობახიძე, როგორც “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოშორდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი