ახალი ამბები

“ეშაფოტზე უნდა ამიყვანონ და საჯაროდ დამწვან” — მეუფე იოანე თეოლოგთა კრიტიკაზე

10 იანვარი, 2021 • 1093
“ეშაფოტზე უნდა ამიყვანონ და საჯაროდ დამწვან” — მეუფე იოანე თეოლოგთა კრიტიკაზე

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე აცხადებს, რომ თეოლოგებს, რომლებიც მას აკრიტიკებენ, მისი “მწარე ენის ბრალდებების კოცონზე” დაწვა სურთ. ამის შესახებ მიტროპოლიტი დღეს, 10 იანვარს, გამოქვეყნებულ განცხადებაში საუბრობს, რითაც თეოლოგთა იმ ნაწილს ეხმაურება, რომელიც მეუფე იოანესთან დაკავშირებით საეკლესიო სასამართლოს გამართვას ითხოვს.

თეოლოგების მოთხოვნას წინ უძღოდა საპატრიარქოს მიმართ კრიტიკული წერილის გამოქვეყნება, რის შემდეგაც მეუფე იოანემ თეოლოგებზე რუსთავი 2-თან თქვა – „ესენი წარმართები არიან, მათ არ უნდათ… მათ დიალოგი არ უნდათ, მათ მხოლოდ ლაფისა და ქვების სროლა უნდათ ადამიანებზე და ეკლესიაზე”.

სასულიერო პირის თქმით, მისი სიტყვები ვიღაცებმა თავის თავზე მიიღეს, გული ეტკინათ და გაუნაყწენდნენ, ხოლო “დიდმა პლეადამ“ ახალი თეოლოგებისამ” მისი დასჯა მოითხოვა.

“ბოლო დროს მოდაშია კონოფილმების სერიალები. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციების „სერიალები“ ბოლო წლების მოვლენაა. ამ „სერიალების“ მთავარი მოქმედი პირები იცვლება. ოპერატორებს ვიცნობთ, დამდგმელი რეჟისორი, სცენარისტი, დამკვეთი და სპონსორები იმალებიან.

მას შემდეგ რაც ჩვენი პატრიარქის კურთხევით და სინოდის განჩინებით, ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველად დავინიშნე, ყველაზე ხშირად ამ „სერიალების“ მთავარ როლს მე მითმობენ. ბოლოს გამომიტანეს განაჩენი, ეშაფოტზე უნდა ამიყვანონ და საჯაროდ დამწვან მათი მწარე ენის „ბრალდებების“ კოცონზე. არ გაინტერესებთ, ახლა ვინ და რას მაბრალებენ? ჩემთვის პერსონალურად და გვარ-სახელებით უცნობი „თეოლოგები“ მოითხოვენ ამას რომელიღაც ტელეარხის კორესპონდენტის მასალის საფუძველზე. ამ „თეოლოგებს“ არ აინტერესებთ, რა კითხვა დამისვა კორესპონდენტმა? რა კითხვაც დამისვა, ის პასუხი მიიღო”, — აცხადებს მიტროპოლიტი იოანე.

მისი თქმით, კრიტიკულად განწყობილმა თეოლოგებმა ბოლშევიკური რეჟიმის დრო გაახსენეს, “როცა ვინმეს ჩასაქოლად ვიღაც პარტოკრატის დავალებით შედგენილ წერილზე ხელმოწერები გროვდებოდა”.

“ნეობოლშევიზმთან გვაქვს საქმე? ხუმრობის ხასიათზე დამაყენეთ?! როგორ გაუფასურდა და შეურაცხყოფილია თეოლოგის, ანუ ქართულად ღვთისმეტყველის, წოდება”, — აცხადებს მიტროპოლიტი.

განცხადებაში მიტროპოლიტმა იოანემ კრიტიკულად განწყობილი თეოლოგებს რამდენიმე კითხვა დაუტოვა და თქვა, რომ  თუ ამ “გამოცდას” ჩააბარებენ, პატიება და შეწყალება შეუძლია.

“მოდი გამოვცადოთ ეს „თეოლოგები“ და ვკითხოთ: წმიდა სახარებაში სად წერია მაცხოვრის ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სიტყვები და რატომ ამბობს მათ: „ვაი შენდა ქორაზინ და ვაი შენდა ბეთსაიდა…“ და კიდევ: „ვაი თქვენდა, მწიგნობარნო ორგულნო“. მეორე კითხვა: წმ. პავლე მოციქული სად და რატომ ამბობს: „არ ვიცოდი, რომ მღვდელმთავარია. ნათქვამია, რომ აუგი არ თქვა ერის მთავარზე“. ველოდები ერთ ბილეთზე თუ მაინც გასცემენ პასუხს, როგორ ჩააბარებენ ამ გამოცდას და მერე გავაგრძელოთ საუბარი”, — აცხადებს მიტროპოლიტი იოანე.

თეოლოგები და ამბობენ, რომ იოანე გამრეკელმა ამით მათიშეურაცხყოფა მიაყენა. თუკი მეუფე იოანე მათ მიმართ გამოთქმულ ბრალდებას ვერ დაადასტურებს, თეილოგები მის მიმართ საეკლესიო სამართლის მიხედვით გათვალისწინებული სასჯელის უმკაცრეს ზომას – სასულიერო ხარისხიდან მის განკვეთას— ითხოვენ.

ისრაელის ელჩი მიტროპოლიტ იოანეს ქადაგებასა და შემდგომ განმარტებას ეხმაურება

მასალების გადაბეჭდვის წესი