ახალი ამბები

TDI ანტისემიტიზმს უწოდებს მიტროპოლიტის ქადაგებას და საპატრიარქოს მიმართავს

28 დეკემბერი, 2020 • 768
TDI ანტისემიტიზმს უწოდებს მიტროპოლიტის ქადაგებას და საპატრიარქოს მიმართავს

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი [TDI] აცხადებს, რომ ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტ იოანეს ქადაგება “არა მხოლოდ ისტორიულ უზუსტობებს შეიცავს, არამედ აღრმავებს ანტისემიტურ სტერეოტიპებს – „ რომლის თანახმად, ქრისტეს მკვლელობისთვის მთელ ერს კოლექტიური პასუხისმგებლობა ეკისრება“. ამ ქადაგების გამო ორგანიზაცია მიმართავს  საპატრიარქოსა და ხელისუფლებას.


საუბარია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის  მიტროპოლიტ იოანე გამრეკელის 20 დეკემბერის ქადაგებაზე ბაგრატის ტაძარში, რომელიც წმ. ამბროსი მედიოლანელის ხსენების დღეს ეხებოდა.

მიტროპოლიტი ქადაგების დროს ამბობს:

„ამბროსი მედიოლანელის ცხოვრებაში იყო ასეთი შემთხვევა, რომ მოხდა დაპირისპირება იუდეველთა თემის ქრისტიანებთან. ქრისტიანები უფრო მეტნი იყვნენ რიცხვით. დაპირისპირება გადავიდა ძალადობაში და ძალადობის შედეგი იყო, რომ ქრისტიანებმა სძლიეს იუდეველთა თემს  და მათი სინაგოგა დაანგრიეს.

აღშფოთდა ხელისუფლება, იჩივლეს, აგვიშენონ ახლაო.. ქალაქში ცოტანი იყვნენ, მაგრამ მსოფლიოში ცოტანი არ არიან. გავლენაც აქვთ მეფის კარზე ყოველთვის, ახლაც.  ქრისტიანები არ თანხმდებოდნენ, მაშინ მმართველმა შეუთვალა ამბროსის, უნდა გადაიხადოთო. მან უპასუხა, რომ ქრისტეს ჯვარმცელთ და ქრისტიანთა მდევნელთ ქრისტიანებმა სალოცავი… როგორ უნდა ავუშენოთო. ნუ, ისინიც მოქალაქეები არიან და აქვთ უფლება და დღევანელი ნორმებით, უფლებები აქვთ.

ამბროსი ხომ ყოფილი სახელმწიფო მოხელე იყო და მან შეუთვალა, კარგიო. მაგრამ მათ ჯერ გადაიხადონ საუკუნეების მანძილზე მათი დასმენით, ცილისწამებით.. ამდენი ქრისტიანი აწამესო, რამდენი ქრისტიანთა სალოცავები დაანგრიეს და რამდენჯერო – აი, ამ ყველაფერს რომ გადაიხდიან,  მერე ჩვენ თანხას მივცემთ სინაგოგის აშენებისთვისო.

მიხვდნენ, რომ ეს თანხა ისეთია, რომ ვერ გადაიხდიან. უდანაშაულოთა სისხლის ფასი არის, რომ გადაიხადო?! რამდენი აწამეს, მათი ცილისწამებით, ბრალდებით, დასმენით. რამდენჯერ მათ, სანამ სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდებოდა ქრისტიანობა – ძალადობდნენ ქრისტიანებზე. და მაშინ მმართველმა დაიბარა თემის… და უთხრა – პასუხი ასეთიაო – თქვენ იმ საუკუნეების, ნუ, ერთი-ორი საუკუნე მაინც, გადაიხადეთო და ისინი გადაგიხდიან იქიდანო. და უარი თქვეს, ჩვენ თვითონ ავაშენებთ სინაგოგასო.

დღესაც, როდესაც ადამიანის უფლებებზე ლაპარაკობენ, უცნაურია, ეკლესიის ლანძღვის და ცილისწამების უფლება არის, რომ სიტყვის თავისუფლება.. როდესაც ჩვენ გვინდა, რომ გავაკრიტიკოთ ეს ქმედება, გვეუბნებიან, რომ იცით, მათ ჰქონდათ უფლება. ჩვენ უფლება არ გვაქვს, რომ ჩვენი აზრი ვთქვათ? ეს ბრძოლა დღესაც გრძელდება. ეს ეთნიკური საზღვრით არ განისაზღვრება, ეს არის ურწმუნო მოდგმის ბრძოლა, ეკლესიის წინააღმდეგ. თუმცა ეკლესიიდგან სიკეთის მეტი არაფერი მიუღიათ“, – აცხადებს ის.

ამის შემდეგ მიტროპოლიტი ამბობს, რომ დღეს ეკლესიაზე რეპუტაციული თავდასხმა მიმდინარეობს და ხშირად ავრცელებენ სასულიერო პირთა სიტყვებს ან კონტექსტის გარეშე, ან დამახინჯებულად.

ბევრი ანტისემისიტური სტერეოტიპი რუსულ პროპაგანდას უკავშირდება – TDI-ს შეფასება

მიტროპოლიტის ქადაგებას დღეს, 28 დეკემბერს,  ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი [TDI] გამოეხმაურა. ორგანიზაციის განცხადებით, მიტროპოლიტმა იოანემ, 20 დეკემბერს, ლიტურგიისას ებრაელი ერი დამამცირებელ, ანტისემიტურ კონტექსტში რამდენჯერმე მოიხსენია. მან ებრაელებს უწოდა “ქრისტიანთა მდევნელი” და “ურწმუნო მოდგმა”.

“ამგვარი სიტყვებით მოხსენიება ებრაელი ხალხის დემონიზაციაა და იმეორებს საშიშ სტერეოტიპს, რომლის თანახმად, ქრისტეს მკვლელობისთვის მთელ ერს კოლექტიური პასუხისმგებლობა ეკისრება.

მან პარალელი გაავლო ებრაელებს, “ურწმუნო მოდგმასა” და უფლებადამცველებს შორის, რომლებიც დღეს ეკლესიას აკრიტიკებენ და, შესაბამისად, ამით იუდაური თემის გზას აგრძელებენ. შემაშფოთებელია ამ კონტექსტში უფლებადამცველების ,,ეკლესიასთან მებრძოლებად” მოხსენიებაც.

ჰოლოკოსტის ხსოვნის საერთაშორისო ალიანსის (IHRA) განმარტებით, ანტისემიტიზმი არის ებრაელთა იმგვარი აღქმა, რომელიც შესაძლოა მათ მიმართ სიძულვილში გამოიხატოს. ანტისემიტიზმის ვერბალური და ფიზიკური გამოვლინებები მიემართება ებრაელებს, მათ ქონებას, ებრაულ ორგანიზაციებსა და რელიგიურ დაწესებულებებს. ანტისემიტიზმი მოიცავს შეთქმულების თეორიებს ებრაელების შესახებ და ადანაშაულებს ებრაელებს, როდესაც მსოფლიოში რაიმე უარყოფითი მოვლენა ხდება“, – ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში.

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის განცხადებით, უკიდურესად სახიფათოა გავრცელებული სტერეოტიპი, რომ თითქოს ებრაელები ქრისტეს და ქრისტიანებს დევნიან.

ორგანიზაციის განცხადბით, ბევრი ანტისემიტური და უარყოფითი სტერეოტიპი თავს იღებს მეოცე საუკუნის დასაწყისში რუსეთში გამოქვეყნებული ყალბი პროპაგანდისტული ბროშურიდან – „სიონის უხუცესთა პროტოკოლები’’, რომელიც ძველი წყაროები პლაგიატის საფუძველზე ქმნიდა შეთქმულების თეორიას ებრაელთა მიერ მსოფლიოს კონტროლისა და დომინაციის შესახებ.

„ებრაელების შესახებ სტერეოტიპების საფუძველზე დაშენდა ინსტიტუციონალიზებული ანტისემიტიზმი, რომელიც თანამედროვე კონტექსტშიც სხვადასხვა ფორმით ვლინდება.

საქართველოში მართლმადიდებელი მაღალი იერარქიის წარმომადგენელი სასულიერო პირების მხრიდან იუდაური რელიგიისადმი შეუწყნარებლობის გამოვლენა იმ მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის უგულებელყოფაცაა, რომელიც ებრაელებსა და ქართველებს ერთმანეთთან აკავშირებს“, – ამბობს TDI.

TDI მიმართავს

საქართველოს საპატრიარქოს:

  • საჯაროდ კრიტიკულად შეაფასოს და დაგმოს მიტროპოლიტის ანტისემიტური ქადაგება;

საქართველოს ხელისუფლებას:

  • ზოგადი განათლების სისტემაში დანერგოს ანტისემიტიზმისა და ჰოლოკოსტის შესახებ სწავლება, რაც ხელს შეუწყობს ტოლერანტული გარემოს დამკვიდრებასა და ადამიანის უფლებების პატივისცემას;
  • გაავრცელოს ტოლერანტობის, ადამიანის უფლებების პატივისცემის, დისკრიმინაციის აკრძალვის მხარდამჭერი განცხადებები და მკაცრად შეაფასოს ანტისემიტიზმი და სიძულვილის ენის გამოყენება.

სრულად განცხადება წაიკითხეთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი