ნეტგაზეთი | სავალდებულოა, გამოძიება დაიწყოს — მეუფე იოანე გელათის გადახურვაზე სავალდებულოა, გამოძიება დაიწყოს — მეუფე იოანე გელათის გადახურვაზე – Netgazeti
RU | GE  

სავალდებულოა, გამოძიება დაიწყოს — მეუფე იოანე გელათის გადახურვაზე

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, იოანე გამრეკელი ამბობს, რომ სავალდებულოა, გელათის გადახურვის საკითხზე გამოძიება დაიწყოს. ამის შესახებ მან დღეს, 13 დეკემბერს განაცხადა.

მისი თქმით, მისი წინამორბედი მეუფე კალისტრატე თავის დროზე ითხოვდა, რომ ტაძარი ქვით ან სპილენძით გადახურულიყო, თუმცა მას არ დაუჯერეს.

“გაზაფხულზე გითხრარით, გაჟონა წვიმამ. დღეისათვის დაცული არის, მაგრამ ეს არის დროებითი დაცვა. ვერ ასწრებდნენ და ზამთარში ხომ ვერ გადახსნი სახურავს. სამწუხაროდ, დღეს არ იციან ფრესკის ტექნოლოგია. ფრესკა ჰგონიათ მარტო კედელზე დახატული. ფრესკა რას ნიშნავს? — ნედლს, ახალს. ნედლი  კირი როცაა, მაშინ იხატება და ის ასე ადვილად ვერ წაიშლება, მაგრამ ცხადია, ზიანდება. მეუფე [კალისტრატე] წინააღდეგ იყო ამგვარი გადახურვის და ითხოვდა, როგორც ვიცი, ქვის ან სპილენძით გადახურვა ყოფილიყო, მაგრამ მეუფეს არ დაუჯერეს.

ჟურნალისტის კითხვაზე, ისურვებდა თუ არა, რომ გამოძიება დაიწყოს, სასულიერო პირი პასუხობს, ეს სავალდებულოა.

“მე კი არ უნდა ვისურვო, ეს სავალდებულოა, იმიტომ, რომ ძეგლი ჩემი კი არ არის, საქართველოსია”,  — ამბობს მეუფე იოანე.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ზამთრის პერიოდში ტაძარში წყლის ჩასვლისა და ფრესკების დაზიანების თავიდან ასარიდებლად, გელათის ტაძრის სახურავის უმეტესი ნაწილი, მათ შორის მთავარი ძარის ოთხივე მკლავი, წლის ბოლომდე თუნუქით გადაიხურება.

სააგენტოს განმარტებით, თუნუქის სახურავი წუნდებული კრამიტის შეცვლამდე იქნება ტაძარზე.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ მიმდინარე წლის ივლისში განაცხადა, რომ გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის გადახურვების სარეაბილიტაციო სამუშაოები ნაწილობრივ დეფექტებით შესრულდა. სააგენტოში აცხადებენ, რომ 2020 წლის თებერვალ-მარტში გამოვლენილი დაზიანებების გათვალისწინებით დადგინდა, რომ ახალი მწარმოებლის მიერ ახალი ტექნოლოგიით დამზადებული კრამიტი, რომელიც ტაძრის ეკვდერების, ნართექსისა და საკურთხევლის გადახურვებისთვის იყო გამოყენებული, დაბალი ხარისხისაა და არ არის გათვალისწინებული კირ-დურაბზე მოწყობილი გადახურვებისათვის.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) პროკურატურას მიმართავს, დაიწყოს გამოძიება მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში მყოფი გელათის სამონასტრო კომპლექსის დაზიანების ფაქტზე.

საია გამოძიების დაწყებას სისხლის სამართლის კოდექსის ორი,  342-ე და 2592 -ე მუხლებით ითხოვს, რაც სამსახურებრივ გულგრილობასა და კულტურული მემკვიდრეობის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

საია: გელათის მონასტრის დაზიანების ფაქტზე გამოძიება უნდა დაიწყოს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი