ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

კონკრეტულად სად იწვის ტყე გაგრაში – ხანძრის რუკა

8 იანვარი, 2021 • 2506
კონკრეტულად სად იწვის ტყე გაგრაში – ხანძრის რუკა

ადგილობრივი მოსახლეობის მიერ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ფოტოების გამოყენებით, ნეტგაზეთი შეეცადა დაედგინა, თუ კონკრეტულად სად არის ხანძარი გაგრაში და რამდენად შორსაა დასახლებული ტერიტორიიდან.

Facebook-ის გვერდზე “აფხაზური ამბები” გავრცელდა ფოტო, სადაც მოჩანს სასტუმრო “გრანდ ჰოტელ აფხაზია” [თანამედროვე სახელი] და უკანა ფონზე – ხანძრის კერა.

სასტუმროსა და ხანძრის კერების ადგილმდებარეობა ქალაქ გაგრის რუკაზე გავრცელებული ფოტოს მიხედვით ⓒ გოგა გოგუა, ზურაბ მენაღარიშვილი, იური საჯაია 

სასტუმრო ქალაქ გაგრაში, ზღვის სანაპირო ზოლთან ახლოს, აბაზგას ქუჩაზე [თანამედროვე სახელი] მდებარეობს. უკანა ფონზე მდებარე მთა კი გაგრის ცენტრის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე მდინარე ჟვავიაკვარას მარჯვენა მხარესაა.

მომდევნო ფოტოები უშუალოდ ხანძრის ახლოს მდებარე ადგილებიდანაა გადაღებული.

ილუსტრაციაზე მონიშნულია ხანძრის მთავარი კერა და გაგრის ერთ-ერთი, უკიდურესად აღმოსავლეთით მდებარე უბანი, სადაც გავრცელებული ფოტოებია გადაღებული. ⓒ გოგა გოგუა, ზურაბ მენაღარიშვილი, იური საჯაია.

ილუსტრაციაზე გამოსახულია გავრცელებულ ფოტოებში გამოსახული ობიექტები Google Maps-ის რუკაზე.  ⓒ გოგა გოგუა, ზურაბ მენაღარიშვილი, იური საჯაია

გავრცელებულ ფოტოებზე გამოსახულია: 1. ხიდი და სავაჭრო ობიექტი, რომელიც მდინარე ჟვავიაკვარას ხეობაში შესვლამდე, საავტომობილო გზას კვეთს. 2. ელექტროენერგიის ქვესადგური, რომელიც დასახლების შესასვლელში მდებარეობს და 3. საცხოვრებელი სახლი, რომელიც უშუალოდ ცეცხლმოკიდებული ტყის ძირში მდებარეობს.

სურათებისა და რუკაზე მათი ადგილმდებარეობის ანალიზის შედეგად დგინდება, რომ ხანძარი გაგრის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ფიჭვის მაღალმთიან ტყეშია. მთებს შორის მდებარეობს ხეობა, რომელიც მჭიდროდ დასახლებული პუნქტია.

ხანძრის ფოტოები: “აფხაზური ამბები”

ფოტო გარეკანზე Facebook გვერდი Abkhazia Live, რომელიც ფოტოების გავრცელების შემდეგ, აღარ იძებნება. 


აფხაზეთში ხანძრის კერები 4 იანვრიდან გაჩნდა. ხანძარია გალის, გუდაუთის, გაგრისა და ოჩამჩირის რაიონებში. საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ, მისივე განცხადებით, არაერთხელ შესთავაზა დე ფაქტო მთავრობასა და საოკუპაციო რეჟიმს დახმარება “ნებისმიერი მიმართულებით”.

დღეს დილით დე ფაქტო აფხაზეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი გაგრაში ფრაგმენტირებულია, თუმცა ჯერ კიდევ არ არის სრულიად ლიკვიდირებული.

დღეს გამართულ ბრიფინგზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა განაცხადა, რომ საქართველო მზად იყო ხანძრის წინააღმდეგ მიმართულ სამუშაოებში ვერტმფრენებით ჩართულიყო.  დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივნის, სერგეი შამბას განცხადებით, აფხაზეთს ხანძართან საბრძოლველად თბილისის დახმარება არ სჭირდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი