ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“გაგრაში ხანძრის კერები ფრაგმენტირებულია” – დე ფაქტო აფხაზეთი

8 იანვარი, 2021 • 1175
“გაგრაში ხანძრის კერები ფრაგმენტირებულია” – დე ფაქტო აფხაზეთი

დე ფაქტო აფხაზეთის განსაკუთრებული სიტუაციების მართვის სამინისტროს განცხადებით, გაგრის რაიონში ტყის ხანძრის ძირითადი კერები “ფრაგმენტირებულია”.

“ხანძარმა მიაღწია დასახლებულ ტერიტორიებს. 8 იანვრის დილას ხანძრის ძირითადი კერები გაგრის რაიონში ფრაგმენტირებულია. ხანძარი იყო მაღალ-თიან ტერიტორიაზე. სანაპირო ზოლში არსებული ხანძრები შედარებით დაბალი ინტენსივობისაა. ცეცხლის ჩასაქრობად მუშაობდა 4 სახანძრო და ერთი სამაშველო ბრიგადა სოხუმისა და გაგრის რაიონებიდან”, – ნათქვამია დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

დე ფაქტო სამინისტროს განცხადებით, 7 იანვარს ხანძრის კერები აღმოიფხვრა გუდაუთის რაიონის სოფლებში- მგუძირხვა, რეკა და ბასლახუ; ოჩამჩირის რაიონის სოფელ განახლებაში და გალის რაიონში.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ქვეყანა მზად არის “ნებისმიერი დახმარების” გასაწევად.

“ოკუპირებულ აფხაზეთში გავრცელებულ ხანძრებთან დაკავშირებით ცენტრალური ხელისუფლების მიერ სისტემატურად აქტიურდება ცხელი ხაზი. საოკუპაციო რეჟიმს არაერთხელ გადაეცა ცენტრალური ხელისუფლების სრული ზმადყოფნა ნებისმიერი მიმართულებით დახმარების გაწევასთან დაკავშირებით”, – ნათქვამია სუსის მიერ ნეტგაზეთისთვის მოწერილ წერილში.

ნეტგაზეთი დაინტერესდა სუსის ინფორმაციით, თუ რეალურად რა მდგომარეობაა ამჟამად აფხაზეთში არსებული ხანძრებთან დაკავშირებით. პასუხის მიღებისთანავე მასალა განახდლება.

ფოტო გარეკანზე: დე ფაქტო აფხაზეთის განსაკუთრებული სიტუაციების მართვის სამინისტრო


ხანძრის კერები აფხაზეთში 4 იანვრიდან გავრცელდა. ხანძრები იყო და არის გალის, გუდაუთას, გაგრისა და ოჩამჩირის რაიონებში.

გაგრაში ცეცხლი მთიან ფიჭვნარს უკიდია, რომელიც ქალაქის ჩრდილოეთით მდებარეობს.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არ აცხადებენ, თუ რა პასუხი მიიღეს დე ფაქტო სოხუმიდან ან საოკუპაციო ძალების მხრიდან დახმარების შეთავაზებაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი