ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ახვლედიანი: მზად ვართ ვერტმფრენებით დახმარებისთვის | ხანძრები აფხაზეთში

8 იანვარი, 2021 • 1389
ახვლედიანი: მზად ვართ ვერტმფრენებით დახმარებისთვის | ხანძრები აფხაზეთში

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა, დახმარება გაუწიოს აფხაზეთის რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას ხანძრების წინააღმდეგ ბრძოლაში.

“ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძრის კერების გაჩენისთანავე, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ საოკუპაციო რეჟიმს დაუყოვნებლივ ეცნობა ხელისუფლების სრული მზადყოფნის თაობაზე, ჩავრთულიყავით და დავხმარებოდით ხანძრის კერების ლიკვიდაციაში. 5 იანვრის დილიდანვე რამდენჯერმე ავამოქმედეთ ცხელი ხაზი ოკუპირებული გალის რაიონში ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში ჩართულობის მზადყოფნის დადასტურების მიზნით.

ამასთან, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიის სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის, გაგრაში, ანალოგიურად, არაერთხელ დავაფიქსირეთ მზადყოფნა, დავხმარებოდით ხანძრის ლიკვიდაციაში ვერტმფრენით ჩაქრობით, საჭიროების შემთხვევაში ხელშეწყობის მიზნით”, – განაცხადა თეა ახვლედიანმა გამართულ ბრიფინგზე.

ახვლედიანის განცხადებით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებას აქტიური კავშირი აქვს აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობასთან, თუმცა, მისი თქმით, “დიალოგის დეტალებს ვერ გაასაჯაროებს”.

“ამ ეტაპზე დე ფაქტო ხელისუფლებასთან, ჩვენს ხელთ არსებული ყველა არხისა და მექანიზმის გამოყენებით, ვიმყოფებით რეგულარულ და ინტენსიურ კომუნიკაციაში და კონკრეტული პასუხის მიღებისთანავე მზად ვართ ჩავერთოთ ამ პროცესში.”

“სამწუხაროდ, ჩვენ მიმდინარე ოკუპაციის რეჟიმში ვიმყოფებით და აქედან გამომდინარე, საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას არ აქვს ეფექტური წვდომა ოკუპირებულ რეგიონებზე. ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია უწყვეტ რეჟიმში დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, კომუნიკაცია არის ორმხრივი, თუმცა ვერ გავასაჯაროებთ ამ დიალოგის დეტალებს”, – აღნიშნა მინისტრმა.

ფოტო გარეკანზე: ხანძარი აფხაზეთში/აფხაზური ამბები


აფხაზეთში ტყის ხანძრები 4 იანვრიდან გაჩნდა. ხანძრის კერები დაფიქსირდა გალის, ოჩამჩირის, გაგრისა და გუდაუთის რაიონებში.

გალის რაიონში დაიწვა სამი საცხოვრებელი სახლი, ტყის მასივი და თხილის ნარგავების ასობით ჰექტარი, რაც მოსახლეობის ძირითადი შემოსავლის წყარო იყო.

გაგრის რაიონში ცეცხლი ქალაქის ჩრდილოეთით მდებარე ფიჭვის უნიკალურ ტყეს უკიდია. მოსახლეობის მიერ გავრცელებული ფოტოებიდან ირკვევა, რომ ცეცხლი დასახლებულ პუნქტებს უახლოვდება.

დღეს დილით აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ცეცხლის ძირითადი კერები ფრაგმენტირებულია.

“გაგრაში ხანძრის კერები ფრაგმენტირებულია” – დე ფაქტო აფხაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი