ახალი ამბები

რას ნიშნავს ტრამპის ბრძანება სოციალური ქსელებისთვის

30 მაისი, 2020 • 1885
რას ნიშნავს ტრამპის ბრძანება სოციალური ქსელებისთვის

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას „ონლაინ-ცენზურის პრევენციაზე“, რომელიც სოციალური მედიის — „ტვიტერის“, „ფეისბუქის“, „ინსტაგრამის“ თუ სხვა ქსელების მუშაობას ეხება.

ბრძანებამ უკვე გამოიწვია კამათი აშშ-ის პოლიტიკურ და იურიდიულ წრეებში — ექსპერტები ელიან, რომ ბრძანება აუცილებლად გასაჩივრდება სასამართლოში. გასაჩივრებაში დარწმუნებულია თავად ტრამპიც: „დარწმუნებული ვარ, სარჩელი იქნება.  ვფიქრობ გაასაჩივრებენ სასამართლოში, განა არა? მაგრამ, მგონია, ჩვენც კარგად გავართმევთ თავს“, — ციტირებს პრეზიდენტს CNN.

როგორ დაიწყო ყველაფერი

ტრამპი სოციალურ მედიას — „ფეისბუქს“, „ტვიტერს“, „გუგლს“ და სხვა ქსელებს დიდი ხანია, რაც კონსერვატორთა ცენზურაში სდებს ბრალს. თავად კომპანიები ბრალდებებს უარყოფენ.

ამ სერვისებისადმი კეთილგანწყობით არ გამოირჩევა არც რესპუბლიკური პარტიის (რომლის წევრიცაა ტრამპი) ნაწილი — „ფეისბუქის“ დამფუძნებლის, მარკ ცუკერბერგის სენატში მოსმენისას, რესპუბლიკელმა ტედ რუზმა მას სწორედ „კონსერვატორთა ცენზურაზე“ დაუსვა კითხვები.

მართალია, ტრამპი ხშირად აკრიტიკებდა ტექნიკურ კომპანიებს, მაგრამ კონკრეტულ ნაბიჯებს არ დგამდა.

თუმცა, 27 მაისს, „ტვიტერმა“ ტრამპის „ტვიტი“, სადაც აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებდა, რომ ფოსტით ხმის მიცემა [რედ. — კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, ზოგიერთმა შტატმა უსაფრთხოების მიზნით მოქალაქეებს მისცა შესაძლებლობა, არჩევნებში მონაწილეობა ფოსტის საშუალებით მიეღო და სასურველი კანდიდატისთვის ხმა ამ გზით მიეცა. არჩევნები აშშ-ში ნოემბერში ჩატარდება, კონგრესისა და შტატების ხელისუფლებების გარდა, ამერიკელები პრეზიდენტსაც აირჩევენ. კანდიდატებს შორის იქნება დონალდ ტრამპიც] არჩევნების გაყალბების საფრთხეს ატარებდა.

„ტვიტერმა“, თავის მხრივ, ტრამპის განცხადებების ქვევით დატოვა ბმული — „გაიგეთ ფაქტები ფოსტით ხმისმიცემაზე“. ასეთ ბმულებს „ტვიტერი“ არასწორი/დეზინფორმაციული განცხადებების ქვეშ ტოვებს ხოლმე.

ტრამპის განცხადებები, რომლებიც „ტვიტერმა“ მონიშნა. აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ ფოსტით ხმისმიცემის შემთხვევაში ადგილი ექნება არჩევნების გაყალბებას.

ტრამპის განცხადებები, რომლებიც „ტვიტერმა“ მონიშნა. აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ ფოსტით ხმის მიცემის შემთხვევაში ადგილი ექნება არჩევნების გაყალბებას. ქვევით „ტვიტერი“ სთავაზობს მომხმარებლებს, ფოსტით ხმის მიცემაზე რეალურ ფაქტებს გაეცნოს.

მომხდარის შემდეგ, ტრამპმა „ტვიტერი“ ამავე პლაფტორმაზე გააკრიტიკა, ხოლო 28 მაისს დააანონსა, რომ „ეს [დღევანდელი დღე] იქნება დიდი დღე სოციალური მედიისთვისა და სამართლიანობისთვის“, რის შემდეგაც მალევე ზემოთხსენებული ბრძანებაც გამოსცა.

გარდა ამისა, უკვე 29 მაისს ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა „ტვიტერის“ მიერ ადრე მონიშნული განცხადებები, რასაც ამჯერად სოციალური ქსელის მიერ არანაირი გამოხმაურება აღარ მოჰყვა, თუმცა იმავე დღეს, ქსელმა დამალა ტრამპის ტვიტი, რომელშიც ის მინეაპოლისში შავკანიანი მოქალაქის პოლიციის მიერ მკვლელობის შედეგად წამოწყებულ პროტესტებს ეხებოდა [ამის შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ „ნეტგაზეთის“ მასალას]. ტვიტის ხილვა შესაძლებელი მაინცაა, თუმცა მომხმარებლებს ხვდებათ გაფრთხილება, რომ იგი არღვევს სოცქსელის წესებს „ძალადობის ქების“ შესახებ.

ტრამპის დამალული „ტვიტი“ მინეაპოლისის პროტესტებზე

ტრამპის დამალული „ტვიტი“ მინეაპოლისის პროტესტებზე

როგორია ტრამპის არგუმენტაცია და რას ითვალისწინებს მისი ბრძანება

„სიტყვის თავისუფლება არის ამერიკული დემოკრატიის საფუძველი. ჩვენმა დამფუძნებელმა მამებმა [რედ. — მოღვაწეები, რომლებმაც 1776 წელს აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაცია მიიღეს და ქვეყნის არსებობის პირველ ეტაპზე მის ხელისუფლებაში იყვნენ] ეს საკრალური უფლება კონსტიტუციის პირველი შესწორებით დაიცვეს. გამოხატვისა და იდეების დებატის თავისუფლება არის ჩვენი, როგორც თავისუფალი ადამიანების ყველა უფლების ფუნდამენტი.

რა არის პრეზიდენტის აღმასრულებელი ბრძანება
აღმასრულებელი ბრძანება არის აშშ-ის პრეზიდენტის მიერ გამოცემული დირექტივა, რომელიც წარმართავს ფედერალური ხელისუფლების საქმიანობას.

მისი სამართლებრივი ან საკონსტიტუციო ბაზისი არის აშშ-ის კონსტიტუციის მეორე თავი, რომელიც აძლევს პრეზიდენტს ფართო აღმასრულებელ ძალაუფლებას, დაადგინოს, თუ როგორ უნდა განკარგოს ხელისუფლების აღმასრულებელმა შტომ თავისი უფლებამოსილება.

მსგავსად სხვა აქტებისა, პრეზიდენტის აღმასრულებელი ბრძანებებიც შეიძლება იყოს გადახედილი სასამართლოს მიერ და შეიძლება გაუქმდეს, თუ სასამართლომ დაადგინა, რომ ის კონსტიტუციასთან არაა შესაბამისობაში (რასაც უკვე ჰქონდა ადგილი ტრამპისა და სხვა პრეზიდენტების ბრძანებების შემთხვევაში).

პრეზიდენტის აღმასრულებელი ბრძანება გამოსვლიდანვე შედის ძალაში და აქტიურია, სანამ არ გაუქმდება, არ გაუვა ვადა ან არაკანონიერად არ გამოცხადდება. პრეზიდენტს აქვს უფლება, შეასწოროს ან გააუქმოს თავისი თუ წინამორბედის ბრძანება.

დონალდ ტრამპი ბრძანების ხელმოწერისას ოვალურ კაბინეტში. მარცხნივ: გენერალური პროკურორი და აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბილ ბარი. ფოტო: EPA-EFE/DOUG MILLS/ POOL

ქვეყანაში, სადაც დიდი ხნის განმავლობაში ფასობს გამოხატვის თავისუფლება, ვერ მივცემთ ონლაინ პლატფორმების მცირე რაოდენობას უფლებას აირჩიონ, რომელ ინფორმაციაზე შეიძლება ჰქონდეთ წვდომა და რომლის გადაცემა შეეძლოთ ინტერნეტით. ეს პრაქტიკა ფუნდამენტურად არაამერიკული და ანტიდემოკრატიულია. როდესაც მსხვილი, ძლიერი სოციალური მედიის კომპანიები ცენზურას უწესებენ აზრებს, რომლებსაც არ ეთანხმებიან, ძალიან საშიშ ნაბიჯებს დგამენ. ისინი აღარ არიან განცხადებების პასიური დაფები. ისინი უნდა განიხილიბოდნენ, როგორც კონტენტის შემქმნელები და ამგვარად, მათდამი შესაბამისი მოპყრობაც უნდა იყოს.

„ტვიტერს, ფეისბუქს, ინსტაგრამს [ეკუთვნის „ფეისბუქს“] და იუთუბს [ეკუთვნის „გუგლს“] აქვთ უზარმაზარი, თუ არა უპრეცედენტო შესაძლებლობა, მოახდინონ საჯარო ღონისძიებების ინტერპრეტაცია, განახოციელონ ცენზურა, წაშალონ ან გააქრონ ინფორმაცია და აკონტროლონ, თუ რას ხედავს ხალხი და რას – ვერა“, — ვკითხულობთ ბრძანების შესავალში.

რაც შეეხება კონკრეტულ ნაბიჯებს, ბრძანებით, ტრამპს სურს ცვლილებები შეიტანოს 1996 წელს მიღებულ კანონში „საკომუნიკაციო წესიერების“ შესახებ, რომლის 230-ე მუხლის C პუნქტის თანახმად, ვებ-გვერდები, განსხვავებით სხვა სახის გამომცემლებისგან, ვერ იქნებიან პასუხისმგებელნი მომხმარებლების მიერ განთავსებულ კონტენტზე.

გარდა ამისა, ვებ-გვერდები დაცულები არიან სასამართლოში შეტანილი სარჩელებისგან, თუ დაბლოკავენ პოსტებს, რომლებიც შეიცავენ ძალადობას, უწმაწურობას თუ „სხვა სახით არასასურველ [კონტენტს], მიუხედავად იმისა, არის თუ არა ეს მასალა დაცული კონსტიტუციით“.

ტრამპის ბრძანებით, ამ იმუნიტეტმა აღარ უნდა იმოქმედოს, თუ სოციალური ქსელი პოსტებს არედაქტირებს — მაგალითად, ამატებს რაიმე სახის გაფრთხილებას ან ნიშნავს, [როგორც დეზინფორმაციას].

გარდა ამისა, ტრამპის ბრძანებით, „არასწორი“ ბლოკირება, მათ შორის პოსტების წაშლა ისეთი მიზეზით, რომელიც არ შედის ვებ-გვერდის მოხმარების წესებში, არ უნდა იყოს დაცული.

რას ამბობენ ექსპერტები და პოლიტიკოსები

„ტვიტერიც, ფეისბუქიც და სხვებიც სარგებლობენ იმუნიტეტით, როგორც პლატფორმები, მიუხედავად იმისა რას არედაქტირებენ, მათ შორის პოლიტიკური ნიშნით. მოგწონთ თუ არა, ასეთი იყო კონგრესის გადაწყვეტილება“, — ამბობს ლოს-ანჯელესის კალიფორნიის უნივერსიტეტის კონსერვატორი სამართლის პროფესორი იუჯინ ვოლოხი.

„კანონის [რომლის შეცვლაც სურს ტრამპს] მთლიანი აზრი იყო ის, რომ მიეცა ინტერნეტ-კომპანიებისთვის ძალაუფლება, გადაწყვიტონ, რა არის მისაღები მათი აუდიტორიისთვის. მისი მიზანი იყო, წაეხალისებინა რედაქტირება [კომპანიების მიერ] და არა მისი ელიმინაცია“, — აცხადებს ერიკ გოლდმანი, სანტა კლარას უნივერსიტეტის ინტერნეტ-სამართლის პროფესორი.

ჯონათან თორლის, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამართლის ექსპერტი ამბობს, რომ „ხალხმა გამოიწერა ტრამპის განცხადებები და არა ტვიტერის, მაგრამ კომპანიამ გადაწყვიტა, რომ საკითხზე მისმა 80-მა მილიონმა გამომწერამ მათი პოზიციაც უნდა გაიგოს“, — აღნიშნავს იგი, თუმცა ამატებს, რომ ტრამპის ბრძანება ძალაში ვერ შევა.

მათ გარდა, მომხდარს გამოეხმაურა ჰარვარდის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორი ლორენს ტრაიბი და ჯერ კიდევ მაშინ, როცა ტრამპმა თავისი ბრძანება დააანონსა, დაწერა: „ნათელი რომ იყოს. ტრამპის განცხადება, რომ ტვიტერი, კერძო კომპანია, არღვევს მის უფლებას, რომელიც გარანტირებულია კონსტიტუციის პირველი შესწორებით იმით, რომ ნიშნავს მის ტვიტებს არჩევნების გაყალბებაზე აბსურდული და სამართლებრივად არასწორია. აგიხსნით, რატომ:

ტრაიბის არგუმენტაცია
1. [კონსტიტუციის] პირველი შესწორება ზღუდავს მხოლოდ მთავრობას და არა კერძო სუბიექტს, როგორიც ტვიტერია.
2. ნებისმიერ შემთხვევაში, ტვიტერის მიერ ტრამპის განცხადების მონიშვნა გაყალბებაზე, როგორც ასეთი, აბსოლოტურად დაცულია პირველი შესწორებით, როგორც აზრის გამოხატვა.

„[ტრამპი ცდილობს] თავისთვის მოიპაროს ძალაუფლება სასამართლოებისგან და კონგრესისგან და თავიდან დაწეროს ათწლეულების განმავლობაში მიღებული კანონები. იგი თავისი ინტერესიდან გამომდინარე წყვეტს, თუ რა არის ლეგალური“, — ციტირებს CNN სენატორ რონ უადიენს [რედ. — დემოკრატიული პარტიის წევრი ორეგონის შტატიდან], იმ კანონის ერთ-ერთ ავტორს, რომლის შეცვლაც სურს ტრამპს.

პრეზიდენტის მხარესაა სენატორი მარკო რუბიო [რედ. — რესპუბლიკური პარტიის წევრი ფლორიდადან]. იგი მიიჩნევს, რომ როცა პლატფორმა რაიმე პოსტს ცვლის, იგი უკვე „გამომცემლის“ როლს ირგებს. „კანონი კიდევ იცავს სოციალური მედიის კომპანიებს, როგორიც „ტვიტერია“, რადგან განიხილება, როგორც ფორუმი და არა გამომცემელი. თუმცა, თუ გადაწყვიტეს გამომცემლის როლი მოირგონ, პასუხისმგებლობისგან დაცულები აღარ უნდა იყვნენ“, — ციტირებს რუბიოს BBC.

230-ე მუხლის გაუქმების მომხრეა ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის დემოკრატი ოპონენტი, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი — შესაბამისი განცხადება მან იანვარში გააკეთა. თუმცა, ემხრობა თუ ეწინააღმდეგება ტრამპის გადადგმულ ნაბიჯს, ბაიდენს ჯერჯერობით არ უთქვამს.

ტრამპის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი. „დეზინფორმაციის გავრცელება ძალიან სახიფათოა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩვენი ქვეყანა ისტორიაში ყველაზე მომაკვდავი პანდემიის წინაშეა. ნათელია და სამწუხაროა, რომ პრეზიდენტის აღმასრულებელი ბრძანება არის სასოწარკვეთილი მცდელობა, ყურადღება გადაიტანოს COVID-19-ის დასამარცხებლად ტესტირების ეროვნული სტრატეგიის შექმნაში წარუმატებლობისგან“, — აცხადებს იგი.

„ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, ტვიტერის მსგავსი სოციალური მედიის პლატფორმები იმალებოდნენ თავიანთი ალგორითმებისა და 230-ე მუხლის უკან, რათა ებრძოლათ აზრებთან, რომლებსაც ისინი არ ეთანხმებიან და რომელიც არაა დაკავებული მათი პოლიტიკური დღის წესრიგის წინ წაწევით“, — აცხადებს სენატორი ტედ კრუზი [რედ. — რესპუბლიკელი ტეხასის შტატიდან].

რას შეიძლება ნიშნავდეს ტრამპის ბრძანება სოციალური ქსელებისთვისა და როგორია მათი პასუხი

„ტვიტერიც“, „ფეისბუქიც“ და „გუგლიც“ ამბობენ, რომ ტრამპის ბრძანება არ არის სწორი ნაბიჯი და საპირისპირო შედეგს იქონიებს — ხელს შეუშლის სიტყვის თავისუფლებას.

„ფეისბუქი განსხვავებული ხედვების პლატფორმაა. ჩვენ გვჯერა გამოხატვის თავისუფლების დაცვის და ამავე დროს, საზოგადოების დაცვის მავნე კონტენტისგან, მათ შორის ისეთისგან, რომლის მიზანიცაა, მოქალაქებმა ხმისმიცემის უფლება არ გამოიყენონ. ეს წესები ყველას ეხება. 230-ე მუხლის გაუქმებას ან შეზღუდვას საპირისპირო ეფექტი ექნება. ის ონლაინ-სივრცეში გამოხატვის თავისუფლებას კი არ  გაზრდის, არამედ შეამცირებს. კომპანიებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებით ყველაფერზე, რასაც მსოფლიოს მასშტაბით მილიარდობით ადამიანი ამბობს, მოხდება დაჯარიმება იმ კომპანიების, ვისი არჩევანითაც საკამათო განცხადებები ნებადართულია და ამგვარად, უბიძგებს პლატფორმებს, ცენზურა გაუწიონ ყველაფერს, რამაც შეიძლება ვინმე შეურაცხყოს“, — აცხადებს „ფეისბუქის“ პრეს-სპიკერი ენდი სტოუნი.

„ჩვენმა პლატფორმებმა საშუალება მისცეს ადამიანთა და პოლიტიკური სპექტრის სხვადასხვა წარმომადგენელ ორგანიზაციებს  თავიანთი ხმა ახალი გზებით მიიტანონ თავიანთ აუდიტორიამდე. 230-ე მუხლისთვის ამგვარად ძირის გამოთხრა დააზიანებს აშშ-ის ეკონომიკასა და მის გლობალურ ლიდერობას ინტერნეტ-თავისუფლების საკითხში“, — ამბობს რივა სკიუტო, „გუგლის“ პრეს-სპიკერი.

„ეს აღმასრულებელი ბრძანება არის რეაქციული და პოლიტიზირებული მიდგომა მნიშვნელოვან კანონთან. 230-ე მუხლი იცავს ამერიკულ ინოვაციასა და გამოხატვის თავისუფლებას და გამაგრებულია დემოკრატიული ღირებულებებით. მისი ცალმხრივი განადგურების მცდელობები ემუქრება ონლაინ-გამოხატვისა და ინტერნეტის თავისუფლების მომავალს“, — აცხადებენ „ტვიტერში“.

„პრეზიდენტის ბრძანების რეალური მიზანი შესაძლოა სიმბოლურიც იყოს. ყველაზე ცოტა, ამ ნაბიჯის გამო „ტვიტერი“ ორჯერ დაფიქრდება, სანამ შეეცდება მოდერირება გაუწიოს ან ფაქტ-ჩეკი ჩაუტაროს მის პოსტებს.

პრეზიდენტი იყენებს ტვიტერს, რათა თავისი მესიჯები მეინსტრიმული მედიის ფილტრაციის გარეშე გაავრცელოს. თუ „ტვიტერი“ მისთვის კომუნიკაციის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ მეთოდს შეუზღუდავს, ის საპასუხო ნაბიჯებს გადადგამს და როგორც მინიმუმს, კომპანიას არაკომფორტულ მდგომარეობაში ჩააყენებს“, — წერს BBC-ისთვის ენტონი ზარჩერი.

მასალების გადაბეჭდვის წესი