ახალი ამბები

თეთრუაშვილის პასუხი კორონავირუსზე საეჭვო დადებითია – პატრიარქის ექიმი

8 იანვარი, 2021 • 1785
თეთრუაშვილის პასუხი კორონავირუსზე საეჭვო დადებითია – პატრიარქის ექიმი

პატრიარქ ილია მეორის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის ტესტის პასუხი კორონავირუსზე საეჭვო დადებითია. ამის შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთს პატრიარქის ექიმმა ცისანა შარტავამ დაუდასტურა.

„საეჭვო დადებითზე მოვიდა პასუხი, ბოლო პასუხი 15:00 საათზე იქნება. პატრიარქის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, არ აქვს სიმტომები… თუმცა სიმპტომები არც შორენას [თეთრუაშვილს] ჰქონდა, სიფრთხილისთვის დაიტესტა და ის გადამდები სხვისთვის იმ ეტაპისთვის არ იქნებოდა. თუმცა ჩვენ მაქსიმალური სიფრთხილით ვმუშაობთ“, – აცხადებს შარტავა.

მისივე ინფორმაციით, საპატრიარქოსთან ეპიდემიოლოგები მუშაობენ და შემდეგი გადაწყვეტილებას მათთან ერთად მიიღებენ – „ყველაფერი კონტროლდება ეპიდემიოლოგების მიერ“.

გუშინ, 7 იანვარს, ცნობილი გახდა, რომ შორენა თეთრუაშვილი თვითიზოლაციაში გადავიდა. თუმცა მანამდე ასევე გავრცელდა ცნობა, რომ მას კორონავირუსი ტესტით უკვე დაუდასტურდა.

განმარტება: კორონავირუსზე საეჭვო დადებითი ტესტის პასუხი ნიშნავს, რომ ტესტმა ორგანიზმში დააფიქსირა მცირე რაოდენობის ვირუსი, რაც მიუთითებს, რომ ვირუსი ორგანიზმში ან ახალი შეჭრილია, ან დიდი ხნის და პაციენტი თითქმის განკურნებულია. ასეთ დროს რამდენიმე დღეში ტარდება განემორებით ტესტირება,  რომლითაც საბოლოოდ დადასტურდება ორგანიზმში ვირუსის არსებობა ან გამოჯანმრთელება. 

განახლება: ამ ინფორმაციის დადასტურებიდან რამდენიმე საათში, საპატრიარქომ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ თეთრუაშვილს PCR ტესტირებით კორონავირუსი დაუდასტურდა.

„ამჟამად ქალბატონი შორენა თეთრუაშვილი თავს კარგად გრძნობს და დაავადება სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობს,“ – ნათქვამია განცხადებაში.

შორენა თეთრუაშვილი ამჟამად იზოლაციაშია, ტესტის პასუხი ხვალ გახდება ცნობილი – საპატრიარქო

მასალების გადაბეჭდვის წესი