ახალი ამბები

პალატის სპიკერი: კოლეგიის ხმების დათვლა დღესვე გაგრძელდება

7 იანვარი, 2021 • 1098
პალატის სპიკერი: კოლეგიის ხმების დათვლა დღესვე გაგრძელდება

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის განცხადებით, კონგრესის ორივე პალატა დღესვე განაგრძობს საარჩევნო კოლეგიის ხმების დათვლას. პროცესი შეჩერდა ადგილობრივი დროით შუადღეს კაპიტოლიუმის შენობაში ტრამპის მხარდამჭერების შეჭრის გამო. ამის შემდეგ კონგრესის წევრები შენობიდან უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.

„ამ დროისთვის, [წარმომადგენელთა პალატის] უმრავლესობის ლიდერ ჰოიერთან, პარტიულ ორგანიზატორ კლაიბერნთან კონსულტაციების და იუსტიციის დეპარტამენტთან, პენტაგონთან და ვიცე-პრეზიდენტთან დარეკვის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ უნდა გავაგრძელოთ [მუშაობა] კაპიტოლიუმში, როცა ის გასუფთავებული იქნება“, — ციტირებს პელოსის წერილს „ენ ბი სი“.

ამ მომენტისთვის უცნობია, თუ ზუსტად როდის დაუბრუნდება კონგრესი მუშაობას. ორივე პალატის გაერთიანებულ სხდომაზე უნდა დაემოწმებინათ ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები, რომელშიც დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა — ჯო ბაიდენმა მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაამარცხა.

6 იანვარს აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში მომიტინგეები კაპიტოლიუმის — აშშ-ის კონგრესის [პარლამენტის] შენობაში შეიჭრნენ. ამერიკული მედიის ცნობით, შენობა ჩაკეტილია. გარკვეული ხნის წინ დაიწყო შენობაში მყოფი ადამიანების — სენატორების, წარმომადგენელთა პალატის წევრების და მათი ადმინისტრაციების თანამშრომლების ევაკუაცია. გარდაიცვალა ერთი ადამიანი.

მომხდართან დაკავშირებით განცხადებები გაავრცელეს დონალდ ტრამპმა და ჯო ბაიდენმა: „შეჭრა კაპიტოლიუმში: რას ამბობენ ტრამპი და ბაიდენი?“

მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გაეცანით „ნეტგაზეთის“ სტატიას: „ტრამპის მხარდამჭერების შეჭრა აშშ-ის კაპიტოლიუმში | რა ვიცით ამ დროისთვის

მასალების გადაბეჭდვის წესი