ახალი ამბები

ტრამპის მხარდამჭერების შეჭრა აშშ-ის კაპიტოლიუმში | რა ვიცით ამ დროისთვის

7 იანვარი, 2021 •
ტრამპის მხარდამჭერების შეჭრა აშშ-ის კაპიტოლიუმში | რა ვიცით ამ დროისთვის

აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში მომიტინგეები კაპიტოლიუმის — აშშ-ის კონგრესის [პარლამენტის] შენობაში შეიჭრნენ. ამერიკული მედიის ცნობით, შენობა ჩაკეტილია. გარკვეული ხნის წინ დაიწყო შენობაში მყოფი ადამიანების — სენატორების, წარმომადგენელთა პალატის წევრების და მათი ადმინისტრაციების თანამშრომლების ევაკუაცია. ასევე, როგორც „ვაშინგტონ პოსტი“ წერს, შეჭრის შემდეგ ცეცხლსასროლი იარაღის გასროლით დაჭრეს ერთი ადამიანი. მოგვიანებით „ენ ბი სი-მ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ იგი გარდაიცვალა.

„ვაშინგტონის პოსტის“ ცნობითვე, მომიტინგეების ნაწილმა კაპიტოლიუმის შენობიდან დამოუკიდებლობის გამზირზე გადაინაცვლა.

რა იყო პროტესტის მიზეზი

6 იანვარს აშშ-ის კონგრესის ორივე პალატას უნდა დაემოწმებინა ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები, რომელშიც დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა — ჯო ბაიდენმა მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაამარცხა. ტრამპს ჯერჯერობით არ უღიარებია დამარცხება — იგი ამტკიცებს, რომ არჩევნები გაყალბდა და რეალური გამარჯვებული თავადაა. რესპუბლიკელი სენატორობის ნაწილი შედეგების გასაჩივრებას გეგმავდა.

ამასთან ერთად, 6 იანვარს ცნობილი გახდა ჯორჯიის შტატის სენატორების არჩევნების შედეგები, სადაც წინასწარი შედეგებით ერთ-ერთმა დემოკრატმა — რაფაელ უორნოკმა გაიმარჯვა, ხოლო მეორე — ჯონ ოსოფი მცირე სხვაობით უსწრებს რესპუბლიკელ კანდიდატ დეივიდ პერდიუს [თუ ორივე დემოკრატი გაიმარჯვებს, პარტია აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების სრულ კონტროლს მოიპოვებს.].

  • [აქამდე ამერიკული მედია იტყობინებოდა სატელოფონო ზარის შესახებ, რომელშიც ტრამპი ჯორჯიის შტატის მდივანს მისთვის 11,000 ხმის პოვნას სთხოვდა].

შენობაში მომიტინგეების შეჭრის შემდეგ კონგრესის ორივე პალატის სხდომა შეჩერდა და, შესაბამისად, შედეგების დამოწმება — ბოლო ფორმალური ნაბიჯი ბაიდენის გამარჯვების საბოლოო დადასტურებისთვის გაურკვეველი ვადით გადაიდო.

რა მოიმოქმედა ხელისუფლებამ

უკვე ცნობილია, რომ წესრიგის დამყარებაში კოლუმბიის ოლქის [იგივე ქალაქი ვაშინგტონი] ეროვნული გვარდია ჩაერთვება. ამასთან ერთად, ქალაქის მერმა მიურიელ ბაუზერმა კომენდანტის საათი დააწესა, რომელიც ადგილობრივი დროით 6 იანვრის საღამოს 6 საათიდან 7 იანვრის დილის 6 საათამდე იმოქმედებს.

„ტრამპმა თავისი მხარდამჭერები უნდა დააწყნაროს“

პოლიტიკოსებმა ორივე პარტიიდან მომიტინგეებს კანონისა და წესრიგის პატივისცემისკენ მოუწოდეს. ზოგიერთმა რესპუბლიკელმა, მათ შორის წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელების ლიდერმა კევინ მაკკარტიმ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მისი მხარდამჭერების „დაწყნარება სთხოვა“, ხოლო ასევე რესპუბლიკელმა ადამ კინზინგერმა მიმდინარე მოვლენები „სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად“ შეაფასა.

ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა, რომელიც შეჭრის დროს კაპიტოლიუმის შენობაში იმყოფებოდა, როგორც სენატის პრეზიდენტი,  „ტვიტერზე“ განცხადება გამოაქვეყნა:

  • „მშვიდობიანი პროტესტი ყველა ამერიკელის უფლებაა, მაგრამ ამ იერიშს კაპიტოლიუმზე ვერ მოვითმენთ. ყველა ჩართული პირი კანონის სრული სიმკაცრით პასუხისგებაში მიეცემა“.

მომიტინგეებს დამშვიდებისკენ და ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდა თავად ტრამპმაც:

  • „ვთხოვ ყველას კაპიტოლიუმში, მშვიდობიანი იყოს. არანაირი ძალადობა! გახსოვდეთ, ჩვენ ვართ კანონისა და წესრიგის პარტია — პატივი ეცით კანონს და ჩვენს გასაოცარ კაცებსა და ქალებს ლურჯში. მადლობა“.

გამარჯვებულმა კანდიდატმა — ჯო ბაიდენმა მოუწოდა ტრამპს, მთელი ქვეყნის წინაშე გამოვიდეს და მიმდინარე ძალადობრივ მოვლენებს ბოლო მოუღოს. ბაიდენმა მიმდინარე მოვლენები „აჯანყებად“ შეაფასა და მწუხარება გამოხატა, რომ აშშ „ამ მდგომარეობამდე მივიდა“.


გარეკანის ფოტო: EPA

მასალების გადაბეჭდვის წესი