ახალი ამბები

შეჭრა კაპიტოლიუმში: რას ამბობენ ტრამპი და ბაიდენი?

7 იანვარი, 2021 •
შეჭრა კაპიტოლიუმში: რას ამბობენ ტრამპი და ბაიდენი?

აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში მომიტინგეები კაპიტოლიუმის — აშშ-ის კონგრესის [პარლამენტის] შენობაში შეიჭრნენ. ამერიკული მედიის ცნობით, შენობა ჩაკეტილია. გარკვეული ხნის წინ დაიწყო შენობაში მყოფი ადამიანების — სენატორების, წარმომადგენელთა პალატის წევრების და მათი ადმინისტრაციების თანამშრომლების ევაკუაცია. ასევე, როგორც „ვაშინგტონ პოსტი“ წერს, შეჭრის შემდეგ ცეცხლსასროლი იარაღის გასროლით დაჭრეს ერთი ადამიანი. პირველადი ინფორმაციით, ახლა მას დახმარება უტარდება.

„ვაშინგტონის პოსტის“ ცნობითვე, მომიტინგეების ნაწილმა კაპიტოლიუმის შენობიდან დამოუკიდებლობის გამზირზე გადაინაცვლეს.

მომხდართან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელიც არ აღიარებს არჩევნების შედეგებს და ამტკიცებს, რომ ადგილი ჰქონდა გაყალბებას, „ტვიტერში“ ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, რომელშიც მომიტინგეებს დაშლისკენ მოუწოდა, თუმცა, ამავე დროს, მათ „განსაკუთრებულები“ უწოდა:

„ვიცი თქვენი ტკივილის შესახებ. არჩევნები მოგვპარეს. გამარჯვება დიდი იყო, ეს ყველამ იცის, განსაკუთრებით, მეორე მხარემ. მაგრამ ახლა სახლში უნდა წახვიდეთ. გვჭირდება მშვიდობა, გვჭირდება წესრიგი და კანონი, პატივი უნდა ვცეთ სამართალდამცავებს. არ გვინდა, რომ ვინმე დაშავდეს. ახლა ძალიან რთული დროა. ადრე ასეთი დრო არ ყოფილა, არაფერი მსგავსი არ მომხდარა, როცა მე, თქვენ, ჩვენ ქვეყანას წაართვეს.

ეს არჩევნები გაყალბებული იყო, მაგრამ ამ ადამიანების სასარგებლოდ ვერ ვიმოქმედებთ. გვჭირდება მშვიდობა. ამიტომ წადით სახლში. გვიყვარხართ, თქვენ განსაკუთრებული ხართ. ხედავთ, რა ხდება. ხედავთ, როგორ ექცევიან სხვებს. ვიცი, როგორც გრძნობთ თავს, მაგრამ წადით სახლში და წადით მშვიდობით“.

მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმაც, რომლის ინაუგურაციაც 20 იანვარს უნდა ჩატარდეს:

„ამ დროისთვის ჩვენს დემოკრატიაზე უპრეცედენტო შეტევა მიდის. თანამედროვე ისტორიაში ასეთი არაფერი გვინახავს. იერიში თავისუფლების ციტადელზე, კაპიტოლიუმზე. შეტევა ადამიანთა წარმომადგენლებზე, კაპიტოლიუმის გორაკის პოლიციაზე და საჯარო მოხელეებზე, რომლებიც ჩვენი რესპუბლიკის შუაგულში მუშაობენ. შეტევა კანონის უზენაესობაზე.

ნება მომეცით, პირდაპირ ვთქვა — ქაოსი კაპიტოლიუმთან არ არის ჭეშმარიტი ამერიკა. ჩვენ ვხედავთ ექსტრემისტთა მცირე რიცხვს, რომლებიც უკანონობის ერთგულნი არიან. ეს ახლავე უნდა დასრულდეს.

მოვუწოდებ ამ ბრბოს, უკან დაიხიონ და საშუალება მისცენ დემოკრატიას, იმუშაოს.

პრეზიდენტის სიტყვები, მიუხედავად იმისა, რამდენად ცუდი ან კარგია ის, მნიშვნელოვანია. მოვუწოდებ პრეზიდენტ ტრამპს, ახლავე გამოვიდეს ტელევიზიით და შეასრულოს დადებული ფიცი და დაიცვას კონსტიტუცია, მოითხოვოს ამ ალყის დასრულება.

ეს არ არის პროტესტი, ეს არის აჯანყება. მსოფლიო გვიყურებს და ბევრი სხვა ამერიკელივით გულწრფელად შოკირებული და დამწუხრებული ვარ, რომ ჩვენი ერი, რომელიც ამდენი ხანი დემოკრატიის იმედი იყო, ასეთ ბნელ მომენტამდე მივიდა.

დღევანდელი მოვლენები მტკივნეულია. ისინი გვახსენებს, რომ დემოკრატია შეიძლება შეირყეს. მის დასაცავად გვჭირდება კეთილი ნების ხალხი, ლიდერები, ვისაც აქვს სიმამაცე. ვინც ერთგულია არა ძალაუფლების, არა პირადი ინტერესების, არამედ საყოველთაო კეთილდღეობის. დაფიქრდით, რას ფიქრობენ ჩვენი შვილები, რომლებიც ახლა ტელევიზორს უყურებენ. იფიქრეთ, რას უყურებს დანარჩენი მსოფლიო“.


კაპიტოლიუმში შეჭრაზე იხილეთ „ნეტგაზეთის“ სტატია: „ტრამპის მხარდამჭერების შეჭრა აშშ-ის კაპიტოლიუმში | რა ვიცით ამ დროისთვის“

გარეკანის ფოტო: EPA

მასალების გადაბეჭდვის წესი