აშშ-ის 43-ე პრეზიდენტი ჯორჯ უოკერ ბუში გამოეხმაურა 6 იანვარს, ადგილობრივი დროით შუადღით, ტრამპის მხარდამჭერების შეჭრას აშშ-ის კაპიტოლიუმის შენობაში. ბუშის განცხადებით, შეჭრილები „ტყუილებით იყვნენ შთაგონებულნი“. მისი განცხადება „ენ ბი სი-ს“ მოჰყავს.
„ასე დავობენ შედეგებზე ბანანის რესპუბლიკაში, არა ჩვენს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. მე გაოცებული ვარ ზოგი ჩვენი პოლიტიკური ლიდერის უგუნური ქცევით და [მათ მიერ] პატივისცემის ნაკლებობით ჩვენი ინსტიტუტების, ტრადიციების და სამართალდამცავების მიმართ“.
6 იანვარს აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში მომიტინგეები კაპიტოლიუმის — აშშ-ის კონგრესის [პარლამენტის] შენობაში შეიჭრნენ. ამერიკული მედიის ცნობით, შენობა ჩაკეტილია. გარკვეული ხნის წინ დაიწყო შენობაში მყოფი ადამიანების — სენატორების, წარმომადგენელთა პალატის წევრების და მათი ადმინისტრაციების თანამშრომლების ევაკუაცია. გარდაიცვალა ერთი ადამიანი.
მომხდართან დაკავშირებით განცხადებები გაავრცელეს დონალდ ტრამპმა და ჯო ბაიდენმა: „შეჭრა კაპიტოლიუმში: რას ამბობენ ტრამპი და ბაიდენი?“
მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გაეცანით „ნეტგაზეთის“ სტატიას: „ტრამპის მხარდამჭერების შეჭრა აშშ-ის კაპიტოლიუმში | რა ვიცით ამ დროისთვის“
გარეკანის ფოტო: EPA