ახალი ამბები

3-15 იანვარს საქართველოში უქმე დღეებია – ვინ იმუშავებს 

3 იანვარი, 2021 • 2422
3-15 იანვარს საქართველოში უქმე დღეებია – ვინ იმუშავებს 

მთავრობის დადგენილებით, დღეიდან 15 იანვრის ჩათვლით პერიოდი საქართველოში უქმედ დღეებად გამოცხადდა. 

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ნოემბრის დადგენილებით, 2021 წლის 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით და 8 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით დღეები უქმე დღეებადაა გამოცხადებული.

მთავრობა ამ გადაწყვეტილებას კოვიდ 19-ის პანდემიით ხსნის და იმედოვნებს, რომ შეამცირებს მობილობას და ახალი წლის ღამეს მოხსნილი შეზღუდვების შედეგებს კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით. 

თუმცა უქმე დღეები ყველაზე არ გავცელდება. 

საქართველოს ჯანდაცვის, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრების ერთობლივი ბრძანებით განისაზღვრა ის მეწარმე სუბიექტები და საქმიანობები, რომლებზეც არ გავრცელდება 3-15 იანვრის უქმე დღეებად გამოცხადების შესახებ მთავრობის დადგენილება.

ბრძანებაში აღნიშნულია, რომ ამ მეწარმე სუბიექტების „უწყვეტი ფუნქციონირება მნიშვნელოვანია ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მართვის, სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისათვის“.

მეწრმე სუბიექტებისა და საქმიანობების ჩამონათვალი, რომლებზეც არ გავრცელდება აღნიშნული დადგენილება:

  • პირველადი ჯანდაცვის და სტაციონარული სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებელი დაწესებულებები.
  • ის სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებლები, რომლებიც მომსახურებას ახორციელებენ Covid-19 პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მართვის ღონისძიებებს, დაფინანსების წყაროს მიუხედავად.
  • ფარმაცევტული საქმიანობა.
  • სურსათის/ცხოველის საკვების წარმოება,  დისტრიბუცია, რეალიზაცია.
  • საავტომობილო, სარკინიგზო და საჰაერო სატვირთო გადაზიდვები. ასევე, სანავსადგურე და სააეროპორტო მომსახურება.
  • ელექტროენერგის გენერაცია, ელექტროენერგიისა და გაზის გადაცემა, განაწილება, მიწოდება და ვაჭრობა. ასევე, ნავთობისა და გაზის მოპოვების ოპერაციები.
  • საფოსტო და საკურიერო მომსახურება.
  • პირების სავალდებულო კარანტინში განთავსებასთან, ტრანსპორტირებასთან, კვებასთან, დასუფთავებასთან, უსაფრთხოებასა და საკარანტინო პერიოდში სათანადო პირობების შექმნასთან დაკავშირებულ მომსახურებებზე პასუხისმგებელი  საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული  პირები და ფიზიკური პირები.
  • სამაშველო საქმიანობა.
  • ჟანგბადის წარმოება-მიწოდებასთან დაკავშირებული საქმიანობები.
  • უწყვეტი ტექნოლოგიური ციკლის მქონე საწარმოები (საწარმოები, სადაც ტექნოლოგიური ხასიათიდან გამომდინარე შეუძლებელია  საქმიანობის შეჩერება).
  • დაკრძალვასთან დაკავშირებული საქმიანობები.

დღეიდან კვლავ დაიხურა სავაჭრო ობიექტები და ამოქმედდა ის შეზღუდვები, რაც 24 დეკემბრამდე არსებობდა საქართველოში:

1 იანვრიდან კვლავ აკრძალულია გადაადგილება საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე როგორც ავტომობილით, ისე ქვეითად. 

გამონაკლისი იქნება მხოლოდ 7 იანვრის ღამე, როცა გადაადგილება ღამით დაშვებულია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი