ახალი ამბები

ვისაც როგორ უნდა, ისე დახარჯავს საპარლამენტო ხელფასს – ბოკერია

30 დეკემბერი, 2020 •
ვისაც როგორ უნდა, ისე დახარჯავს საპარლამენტო ხელფასს – ბოკერია

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, საპარლამენტო ხელფასს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ადამიანები დახარჯავენ იმ ფორმით, რა ფორმითაც სურთ.

მისი თქმით, “სხადასხვა ადამიანმა სხვადასხვა ფორმით გადაწყვიტა გამოეხატა საკუთარი პოზიცია, მათ შორის, ევროპული საქართველოს წევრმა, ტარიელ ნაკაიძემ, საპარლამენტო ხელფასი სამოქალაქო აქტივისტებს გადაურიცხა, ხოლო პარტიის ლიდერი, დავით ბაქრაძე, თანხით გაჭირვებულ ოჯახებს დაეხმარა”.

ბოკერიამ აღნიშნა, რომ ყველა ეს ფორმა ლეგიტიმურია მაშინ, როდესაც “ქართული ოცნება” “უტიფრად” არ აკმაყოფილებს ოპოზიციური პარტიების განცხადებებს საპარლამენტო მანდატის შეჩერებასთან დაკავშირებით.

“სხვადასხვა ადამიანმა სხვადასხვა ფორმით გადაწყვიტა გამოეხატა საკუთარი პოზიცია, ზოგიერთმა ბიუჯეტში დააბრუნა, ზოგიერთმა ქველმოქმედებაში მიმართა, ზოგიერთმა საპარლამენტო ხელფასი მისცა აქტივისტებს.

ყველა ეს ფორმა ლეგიტიმურია იმ უტიფრობის ფონზე, როდესაც ივანიშვილის რეჟიმი ჯერ აცხადებდა, რომ არ გაგიშვებთ პარლამენტიდანო, შემდეგ თქვა, რომ სასწრაფოდ დაგიკმაყოფილებთ, თუ ახლავე არ დაგვთანხმდებით იმაზე, რაც გვინდაო, ახლა ისევ გადათქვეს და თითქოს დამოკლეს მახვილივით აქვთ დაკიდებული ეს საპარლამენტო უფლებამოსილების შეწყვეტა.

ვისაც უნდა, რა ფორმითაც უნდა, იმ ფორმით დახარჯავს ამ რესურსს სწორ საქმეზე”, – აღნიშნა მან.

კომენტარს “ევროპული საქართველო” ავრცელებს.

“ევროპული საქართველო” იმ ოპოზიციურ პარტიებს შორისაა, რომელთაც პარლამენტს მანდატების გაუქმების მოთხოვნით მიმართეს. ისინი არ ენდობიან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და აცხადებენ, რომ არ აპირებენ მანდატებით სარგებლობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი