ახალი ამბები

“ევსაქებმა” და “სტრატეგია აღმაშენებელმა” მანდატების გაუქმებისთვის პარლამენტს მიმართეს

16 დეკემბერი, 2020 •
“ევსაქებმა” და “სტრატეგია აღმაშენებელმა” მანდატების გაუქმებისთვის პარლამენტს მიმართეს

“ევროპული საქართველოსა” და “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრებმა პარლამენტს მანდატების გაუქმების თხოვნით მიმართეს.

“ვერ ვიტყვი, რომ ბედნიერი ვარ ამ გადაწყვეტილებით, რადგან მინდა ეს ქვეყანა განვითარდეს, წინ წავიდეს, თუმცა, სამწუხაროდ, “ქართულმა ოცნებამ” დღეს ამ მდგომარეობაში ჩააგდო საქართველო. ანუ არა მხოლოდ პოლიტიკური ჯგუფი ან პოლიტიკა, არამედ თავად საქართველო და მისი დემოკრატიული განითარება”, – უთხრა ჟურნალისტებს “ევროპული საქართველოს” წევრმა ტარიელ ნაკაიძემ.

“სტრატეგია აღამაშენებელის” წევრი პაატა მანჯგალაძე მიიჩნევს, რომ პასუხისმგებლობა ოპოზიური პარტიების მხრიდან მანდატებზე უარის თქმაზე ხელისუფლებას ეკისრება, რადგან როგორც ის ფიქრობს, სწორედ ხელისუფლებამ არ დატოვა პოლიტიკის კეთების სივრცე:

“ის, რომ ჩვენ დღეს უარს ვამბობთ მანდატებზე, ეს “ქართული ოცნების” დამსახურებაა, რადგან მან არ დატოვა პარლამენტში პოლიტიკის კეთების სივრცე. ის, რომ “ქართული ოცნება” მილიონზე მეტ ამომრჩეველს არ ელაპარაკება, ანუ იმაზე მეტს, ვიდრე მას დაუჭირა მხარი, ეს ძალიან მძიმე ვითარებაა ქვეყანაში. ყოველთვის იყო ხალხისგან დაკვეთა, რომ პოლიტიკოსებმა ერთხელ მაინც უარი თქვან საკუთარ კეთილდღეობაზე და დიახ, ჩვენ ამ ნაბიჯით დღეს უარი ვთქვით საკუთარ კეთილდღეობაზე იმ იმედით, რომ “ქართული ოცნებაც” იგივე ნაბიჯს გადადგამს. არა იმისთვის, რომ ჩვენ გვჭირდება ეს, არამედ შეთანხმება სჭირდება საქართველოს.”

ნეტგაზეთს “სტრატეგია აღმაშენებლის” პრესსამსახურში უთხრეს, რომ პარლამენტში გასულმა პარტიის ყველა დეპუტატმა მიმართა საკანონმდებლო ორგანოს მანდატის გაუქმების თხოვნით. იგივე გვითხრეს “ევროპული საქართველოს” პრესსამსახურშიც.

2 დეკემბერს სადეპუტატო მანდატზე უარი თქვა შალვა ნათელაშვილმა. დღესვე სადეპუტატო მანდატზე უარის თქმის შესახებ პარლამენტს ოფიციალურად მიმართეს ბლოკ “ძალა ერთობაშიას” წარმომადგენლებმა. ლევან ბეჟაშვილმა, თამარ კორძაიამ და ხათუნა სამნიძემ დღეს პარლამენტში შეიტანეს საარჩევნო ბლოკის სიით გასული 36 დეპუტატიდან 33-ის განცხადება უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი